სხვა

20:39 | 7.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ასანიძე: “მოლოდინის რეჟიმში”

რიოში საქართველოს ძალოსნობის ნაკრები შეიკრა. დელეგაციას შეუერთდნენ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე. მიდის ვარჯიშები. ვემზადებით. უკვე სრული შემადგენლობით.

ათენის ოლიმპიადის ჩემპიონი, ასანიძე სამწვრთნელო პროცესში მშვიდი, გაწონასწორებულია. არ უყვარს ფორსირებულად ვარჯიში და ის ყოველთვის მაქსიმუმს იღებს სპორტსმენისგან.

პირველი შთაბეჭდილებები რიოში ჩასვლის შემდეგ.

გიორგი ასანიძე: „გრძელი გზა იყო. ცოტა დამღლელი. ამის გამო არ წავედი გახსნაზე, დავისვენე. ჩვენი ნაკრების ნაწილი გახსნას დაესწრო. ოლიმპიადაზე ვართ და ყველა სპორტსმენი მაქსიმალურად კონცენტრირებული და დასვენებული უნდა იყოს. ოლიმპიადაზე ოლიმპიური განწყობა უნდა იყოს“.

ოლიმპიადის სტარტზე.

გ.ა: „ძიუდოისტებმა კარგად დაიწყეს. ცოტა დაგვაკლდა მედლამდე. ცუდია, რომ უმედლოდ დავიწყეთ და კარგია, რომ თუნდაც ამ სახეობაში, მედლის კანდიდატები კიდევ არიან“.

განწყობაზე.

გ.ა: „ვერიდებით ზედმეტ აქტიურობას. სპორტსმენი არ უნდა გადაიღალოს. ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს და ამ განრიგს მივყვებით. ოლიმპიურ სოფელში სიმშვიდეა და სიმშვიდეა ჩვენს ნაკრებშიც. ყველა ხვდება, რომ ოლიმპიადა განსხვავებული ტურნირია. აქ გამოსვლის შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენო“.

ძალოსნობის დარბაზზე.

გ.ა: „ჯერ არ მინახია. სად გვეჩქარება? დავისვენებთ, შევალთ, ვივარჯიშებთ. დარბაზი დარბაზია. ოლიმპიადას სპორტსმენები იგებენ“.

ლაშა ტალახაძის ფავორიტის სტატუსზე.

გ.ა: „ჟურნალისტი წერს იმას, რისი დაწერაც უნდა. ლაშაზე წერენ, რომ ის ფავორიტია. უკეთესია, თუ ოლიმპიადისთვის მზადება ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მიდის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ლაშამ ეს სტატუსი თავისი სტაბილურობით, კარგი შედეგებით დაიმსახურა“.

გიორგი ჩხეიძეზე.

გ.ა: „აკლიმატიზაციის დროს, მისთვის პირველი სამი დღე იყო რთული. ავთო გახოკიძესთან ერთად ივარჯიშა, ყველაფერი გაიარა. გიორგი მოხვდა B ჯგუფში, რაც ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ აკ კონკურენცია იზრდება და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენი მიზანი არ იცვლება – ყველა წონაში შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა ავიღოთ“.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეს-ცენტრი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118413