სხვა

11:46 | 6.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიო 2016 გაიხსნა, დღეიდან მედლებიც გათამაშდება

ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშები „მარაკანას" სტადიონზე 60 ათასი მაყურებლის თვალწინ გაიხსნა. ტელევიზიით კი საზეიმო ცერემონიალის ყურება 3 მილიარდზე მეტ ადამიანს შეეძლო. 207 ქვეყნის დელეგაციას შორის, საქართველო 81-ე ნომრად გამოვიდა არენაზე. ჩვენი მედროშე ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი და შესაბამისად, ოლიმპიადის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც დაესწრნენ.

„ყველას ვულოცავ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებას. დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება რიო დე ჟნეიროსკენაა მოპყრობილი. საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სპორტსმენთა სარეკორდო რაოდეობით გამოვა ოლიმპიადაზე, რაც ერთობლივი შრომის შედეგია. იმედია, რაოდენობა ხარისხზეც აისახება და ქართველი გულშემატკივრები მომავალ თამაშებზე არაერთი გამარჯვებით გაიხარებენ" - გვითხრა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

გახსნის ცერემონიალი, რომელიც ბრაზილიური კულტურისათვის დამახსიათებელი შორუს ელემენტებით იყო გაჯერებული, 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მთავარი კი ტრადიციულად, მონაწილე ქვეყნების აღლუმი იყო.

„მარაკანას" სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლის დანთებამდე, გულშემატკივრებს ოფიციალური სიტყვით მიმართეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და რიო 2016-ის საორგანიზაციო კომტეტის თავმჯდომარემ კარლოს ნუზმანმა. ოლიმპიური ცეცხლი „მარაკანაზე" ბრაზილიელმა მართონელმა ვანდრლეი დე ლიმამ აანთო.

დღეს ოლიმპიადაზე მთავარი ამბები იწყება - სპორტის ოცზე მეტი სახეობის წევრები ჩაებმებიან კონკურენციაში და პირველი მედლებიც გათამაშდება. მათ შორის ძიუდოშიც, სადაც მამაკაცთა შორის, უმსუბუქეს წონით კატეგორიაში – 60 კილოგრამში საქართველოს სახელით ამირან პაპინაშვილი იჭიდავებს. დღესვე ჩაებმებიან კონკურენციაში ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი, მოცურავე ირაკლი რევიშვილი და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

პაპინაშვილი ოლიმპიურ თამაშებს კანადელ სერჟიო პესოასთან დაჭიდებით გახსნის. ირაკლი რევიშვილი 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში მიიღებს მონაწილეობას. ბასილაშვილი კი პირველ წრეში მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასს შეხვდება.

ოთარ მაღლაკელიძე, worldsport.ge- სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროში

თეგებირიო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11137