ფეხბურთი

16:53 | 1.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: “შრომა არასდროს იკარგება”
“დინამოს” მარცხმა გული ძალიან დამწყვიტა

ოთარ კაკაბაძე ახალი თაობის ქართველ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია – “დინამოს” ექსმცველი ცოტა ხნის წინ ტარაგონას “ხიმნასტიკში” სამი წლით ჩაირიცხა და ეს რომ კარგი ტრამპლინია, გიორგი აბურჯანიას მაგალითზეც გამოჩნდა, რომელიც კატალონიაში 6 თვის წინ გადავიდა და ახლა უკვე “სევილიას” წევრია. შესაბამისად, ოთარსაც შეუძლია საკუთარი შრომით იგივე გზა გაიკვალოს და როგორც თვითონ ამბობს, ამისთვის ცდასა და მოდნომებას არ დაიშურებს.

WORLDSORT.GE კაკაბაძეს საინტერესო თემებზე ესაუბრა. 21 წლის მარჯვენა მცველმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ტარაგონაში თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა სიტუაციას ალღო აუღო. მისი თქმით, “ხიმნასტიკის” სამწვრთნელო შტაბს მისი ეიმედება და ისიც დაამატა, რომ კონკურენცია არ აშინებს, პირიქით.

- რამდენად შეეგუე ახალ გარემოსა და სხვაობას ქართულსა და ესპანურ ფეხბურთს შორის?

- დიახ, აქ მართლაც განსხვავებული სიტუაციაა, პირველ ყოვლისა ვარჯიშები მხრივ. თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება და მიადვილდება.

- სამწვრთნელო შტაბი როგორი თვალით გიყურებს?

- ძალიან დადებითად. მოგეხსენებათ, ჩისკო მეორე მწვრთნელია და მიადვილებს აქ ყოფნას და ძალიან მეხმარება.

- გიორგი აბურჯანიას გარეშე მოგიწევს თამაში...

- რა თქმა უნდა, აბურჯანიას გარეშე გამიჭირდება. მან ყველაფერი მასწავლა, სანამ წავიდოდა და მის გარეშე გამიძნელდება, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. მინდა, აბუს წარმატებები ვუსურვო ახალ გუნდში.

- თავის მხრივ, შენთვის სტიმული უნდა იყოს და მაგალითიც...

- რაღა თქმა უნდა, იმ გზის გავლა მიწევს და პერიოდი, რაც აბუმ 6 თვის წინ გაიარა. შევეცდები, არც მე დავაკლო რამე.

- მარჯვენა ფლანგზე ბუნებრივია კონკურენტი გყავს. მასზე რას იტყოდი?

- კარგი ბიჭია ნამდვილად. წინა სეზონში იგი იყო სასტარტოს მოთამაშე და ვფიქრობ, ნორმალური პროცესია გუნდში კონკურენცია. ყველანაირად ვეცდები უკეთ გამოვიყურებოდე და თამაში მეტი მომიწიოს.

- “ხიმნასტიკის” მიზანი ისევ ლა ლიგის საგზური იქნება?

- წინა სეზონში ნახეთ რამდენი გუნდი იბრძოდა პრიმერაში გადასვლისთვის. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება და რა თქმა უნდა, ჩვენც ამისთვის ვიბრძოლებთ.

- “დინამოზეც” ვთქვათ ცოტა: სამშაბათს უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს...

- ძალიან დამწყდა გული გასვლაზე 0:2 წააგეს. ასეთ ანგარიშს ნამდვილად არ იმსახურებდნენ ბიჭები და ვფიქრობ, შანსი მაინც აქვთ. მართალია, ეს ძალიან რთული იქნება. იმედია, სტადიონზე რაც შეიძლება მეტი ხალხი მივა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბიჭებს სჭირდებათ.

- თუმცა, არც ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი უნდა იყოს ურიგო...

- დიახ. ეს იქნება ბიჭებისთვის, გულშემატკივრისთვის და ქართული ფეხბურთითვის დიდი სიხარული და მიღწევა. მოკლედ, ძალიან მაგარი იქნება.

- აბურჯანიას თუ ესაუბრე პირადად და რას ფიქრობ “სევილიაში” მის ტრანსფერზე?

- “სევილიაში” თამაში ყველას ოცნებაა და რაღაც მიუღწეველ ეტაპად ჩანს შორიდან. თუმცა, გიორგიმ ეს შეძლო თვითონ და რა თქმა უნდა, ძალიან გახარებულია.

- შესაბამისად, დადასტურდა, რომ შრომით შეუძლებელი არაფერია...

- ერთი სიტყვით და მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც მიუდგები საქმეს და რასაც გააკეთებ, ისე დაგიფასდება ყველაფერი, მითუმეტეს ფეხბურთში – თუ ბევრს იშრომებ, არ არსებობს, რომ დაგეკარგოს.

Loading...
სტატისტიკა
0.289364