ფეხბურთი

23:27 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი ევროპა ლიგაზე: ანანიძის ევროგოლი, კვეკვესკირის - პასი (+VIDEO)

უეფას ევროპა ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები კი თამაშობენ – საკმაოდ წარმატებული გამოვიდა მათთვის აღნიშნული ეტაპის პირველი შეხვედრები.

ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკის” რიგებში ულამაზესი გოლი გაიტანა (VIDEO) და თავის გუნდს ლარნაკას “აეკის” წინააღმდეგ სასურველი ფრე მოუტანა (1:1). ანანიძის გოლით “სახალხო გუნდი” ერთი ხანობა იგებდა, თუმცა ანგარიში მეორე ტაიმში ვეღარ შეინარჩუნა. ჯანომ მოედანზე 72 წუთი გაატარა, მის ნაცვლად კი დმიტრი ალენიჩევმა გიორგი მელქაძე ათამაშა.

ასევე გადამწყვეტი სიტყვა თქვა აზერბაიჯანული “გაბალას” ლეგიონერმა ნიკა კვეკვესკირმა ფრანგულ “ლილთან” საგარეო მატჩში. კვეკვესკირის ჩინებული გადაცემის შედეგად (VIDEO) აზერბაიჯანელებმა ანგარიში დასაწყისშივე გახსნენს, თამაში კი მათთვის მისაღები ანგარიშით, 1:1 დასრულდა და ახლა, ბაქოში მოუწევთ პლეი-ოფის საგზურისთვის თამაში. კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა.

უკრაინული “ვორსკლა” ზაგრებში, “ლოკომოტივთან” უგოლო ფრეს გამორჩა – 0:0. პოლტაველთა რიგებში თავიდან ბოლომდე გაისარჯა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე. წესით, საპასუხო თამაშში სანდროს თამაგუნდელები უკეთ უნდა გაისარჯნონ.

“ვორსკლას” მსგავსად ნულოვანი ფრით დაასრულა პირველი მატჩი პრაღის “სლავიამ”, რომლის ღირსებას ლევან ყენია იცავს. ჩეხებმა საკუთარ მოედანზე პორტუგალიურ “რიუ ავეს” ვერაფერი დააკლეს და საპასუხო თამაშის წინ თავი არცთუ კარგ სიტუაციაში ჩაიყენეს. ყენია სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 81-ე წუთზე შეცვალეს.

ფაქტობრივად პირველივე მატჩში გაინაღდა პლეი-ოფში თამაში შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის "მაკაბიმ". ებრაულმა გუნდმა რუმინეთში "პანდურს" ადვილად, 3:1 მოუგო და ძნელი წარმოსადგენია საშინაო არენაზე მოპოვებული უპირატესობა გაფლანგოს. არველაძის გუნდს გამარჯვება ტალ ბენ ჰაიმის, ნოსა აიგიებორისა და ელიელ პერეტცის გოლებმა მოუტანეს.

შეიძლება ითქვას წარმატებული დებიუტი გამოუვიდა ათენის "აეკის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურ მატჩში თემურ ქეცბაიას - მისი გუნდი საფრანგეთში "სენტ ეტიენთან" არ დამარცხდა და სასურველი ფრით დაბრუნდა ათენში. ერთი ეგაა, ქეცბაიას შეგირდებმა მხოლოდ ნულოვან ფრეს მიაღწიეს და ახლა შინ მოგებაზე მოუწევთ ფიქრი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124439