ფეხბურთი

13:33 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

მცველი, რომელსაც გოლეადორის თვისებები აქვს

ლეგენდებსაც გამოუვლიათ ასაკობრივი ნაკრებები და შესაბამისად, ასაკობრივი ჩემპიონატებიც, ევროპისა თუ მსოფლიოს – ჰოდა, დღეს, ზინსჰეიმში ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალია, სადაც აღნიშნულ ასაკში ბებერი კონტინენტის საუკეთესო გუნდის ვინაობას იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები გაარკვევენ.

ისე, უცნაური გუნდია ეს “სკუადრა აძურა”, რომელსაც პაოლო ვანოლი ავარჯიშებს – აპენინელებმა ფინალამდე ოთხ მატჩში 5 გოლი გაიტანეს და ყველა სტანდარტული სიტუაციით: 3 თერთმეტრიანი და ორი ჯარიმა!

ზემოხსენებული 5 გოლიდან კი ოთხი იტალიელთა მარცხენა მცველისა და 3 ნომერის, ფედერიკო დიმარკოს ანგარიშზეა – 18 წლის ფეხბურთელი ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობის პირველი კანდიდატია. დიმარკომ საკუთარ ნაკრებს მოაგებინა სასტარტო მატჩი გერმანიასთან, მერე ქულა მოუტანა პორტუგალიასთან მესამე ტურში და ყველაფრის გვირგვინი ნახევარფინალი გამოდგა, რომელშიც ფედერიკომ ინგლისს ჯერ პენალტი გაუტანა, მერე ჯარიმა.

სხვათა შორის, 11 მეტრიდან ახალგაზრდა ბიჭი უნაკლოდ ურტყამს და როგორც თვითონ ამბობს, ამაში განსაკუთრებული საიდუმლო არ დევს – უბრალოდ, ბევრს ვარჯიშობს აღნიშნულ კომპონენტში.

ფედერიკო დიმარკო 1997 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. ბურთის გორებას კი, მილანის “ინტერის” აკადემიაში დაეწაფა და დღემდე ლომბარდიული გრანდის საკუთრებაშია. ერთი ეგაა, გასული სეზონი იჯარით "ასკოლიში" გაატარა. მიუხედავად მცირე ასაკისა, “ნერაძურის” მთავარ გუნდში დებიუტი საკმაო ხნის წინ მოასწრო – 2014 წლის 11 დეკემბერს მან ევროპა ლიგაზე აზერბაიჯანული “ყარაბახის” წინააღმდეგ პირველად მოირგო შავ-ლურჯი მაისური. ეს მაშინ მოხდა, როდესაც 17 წლის სულ რაღაც ერთი თვის შესრულებული იყო. იმავე სეზონში, ბოლო ტურში დებიუტი სერია A-შიც ჰქონდა “ემპოლისთან” (4:3) მატჩში.

შარშან “ინტერნაციონალემ” ნიჭიერი მცველი ქვედალიგელ “ასკოლიში” გაანათხოვრა, სადაც მან 14 თამაში ჩაატარა. ახლა კი, უკვე ამავე ფორმულით “ემპოლის” დაუთმო, თუმცა იქნებ აჩქარდნენ?!

თამაშის სტილი

მარცხენა მცველი, რომელიც გამოირჩევა ძალიან ძლიერი და დაყენებული დარტყმით. როგორც ეს ინგლისთან შეხვედრაში გვაჩვენა, როდესაც დიდებულად გაისარჯა და დუბლიც შეასრულა. განსაკუთრებით ფენომენალური კი მეორე ტაიმში გატანილი საჯარიმო დარტყმა გახლდათ.

იტალიაში მას პატარა დავიდ ალაბას უწოდებენ. მასავით შეუძლია, რამდენიმე პოზიციაზე თამაში, თუმცა ყველაზე კარგად თავს დაცვის მარცხენა ფლანგზე გრძნობს. ისე, “ინტერს” მარცხენა მცველები არასდროს დაეწუნებოდა: რობერტო კარლოსი, ანდრეას ბრემე, ჯაჩინტო ფაკეტი – მათი გახსენებაც კმარა.

ინგლისთან ნახევარფინალმა კი შესაძლოა, მისი კარიერა კიდევ უფრო წინ წაწიოს – ფეერიული თამაშით მან იტალიას ფინალის საგზური მოუპოვა, რომელიც 2008 წლის მერე ვეღარ მოეპოვებინა.

როგორც იტალიაში ამბობენ, დიმარკომ “ემპოლიში” წასვლა მეტი სათამაშო დროის გამო ამჯობინა. მას ცუდი მაგალითებიც თვალწინ აქვს. თუნდაც დავიდე სანტონი, რომელსაც “ინტერში” დებიუტი ასევე 17 წლის ასაკში ჰქონდა 2008 წელს, ჟოზე მოურინიოს დროს.

ის ამბობს

“ინტერში” დებიუტი ჩემი კარიერის ამოსავალი წერტილი გახლდათ. თუმცა, მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და უნდა განვითარდე, როგორც ფეხბურთელი. ამისათვის ინტესივობით უნდა ვივარჯიში – ეს ერთ-ერთი გზაა რათა მივაღწიო დიდი ფეხბურთის დონეზე. დღევანდელი მარცხენა მცველებიდან ჟორდი ალბა მომწონს, ხოლო ცოტა უკან რომ გავიხედო, რობერტო კარლოსი – ვცდილობ შევისწავლო მათი თამაში და ეს გამოვიყენო საჩემოდ.

მასზე ამბობენ

მას ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება ფეხბურთელს, რომ გახდეს დიდი მარცხენა მცველი. იგი ამ როლისთვის სრულყოფილია და განსაკუთრებით ძლიერია, როცა გუნდი 5 მცველიანი ტაქტიკით თამაშობს, - სტეფანო ვეკი “ინტერის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი.

დღევანდელი თამაში იყო იმის მტკიცებულება, რომ მისი ფიზიკური თვისებები არაა მნიშვნელოვანი – ერთადერთი რაც მთავარია, მისი ტექნიკაა. განსხვავება მასსა და სხვა მოთამაშეებს შორის მდგომარეობს დიმარკოს თამაშის მართვის სტილში, - პაოლო ვანოლი, იტალიის 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ინგლისთან (2:1) მატჩის შემდეგ.

იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებთა ფინალური მატჩი დღეს ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება. გაივლის თუ არა, ფედერიკო დიმარკო დიდი ფეხბურთის გზაზე, ამას კი ნამდვილად ახლო მომავალი გვიჩვენებს...

სტატისტიკა
0.36775