კალათბურთი

19:00 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მაკედონია გაანადგურა

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის მეორე მატჩში მაკედონია დაამარცხა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში მონტენეგროსთან 55:78 წააგო, დღეს კი მაკედონიას შეხვდა და 24 ქულით – 85:61 იმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა მწყობრად და დალაგებულად ითამაშა, რისი წყალობითაც პირველივე მეოთხედში დიდი უპირატესობა მოიპოვა. ქართველებმა საწყისი პერიოდი 30:8 მოიგეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტეს. ქართველებმა მეორე მეოთხედში 23:12 იმარჯვეს და პირველი ნახევრის შემდეგ 33 ქულით დაწინაურდნენ.

საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ყველა კომპონენტში ჰქონდა – ფარქვეშ თუ პერიმეტრზე. ჩერქეზიშვილის გუნდმა მეტოქეზე 10-ით მეტი მოხსნა მიითვალა, შედეგიან გადაცემებში კი სულაც 14 ერთეულით აჯობა მეტოქეს.

საბოლოოდ, ჩვენმა ნაკრებმა იმაზე ერთით მეტი ქულით იმარჯვა, რამდენითაც გუშინწინ მონტენეგროსთან წააგო. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ბურთების შეფარდების დადებითი ბალანსი აქვს, რაც ჯგუფიდან გასასვლელად საჭირო კომპონენტია.

ამ წუთებში ჩვენს ჯგუფში ერთმანეთს მონტენეგრო და პორტუგალია ხვდებიან, ხოლო საქართველოს 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 19 ივლისს სომხეთთან და 20-ში პორტუგალიასთან, რომელთა მოგების შემთხვევაშიც ჩერქეზიშვილის გუნდი ჯგუფიდან გავა.

მაკედონიასთან მოგებულ მატჩში ქართველთაგან ბომბარდირი ლევან მასხულია გახდა, რომელმაც 18 ქულას 4 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა. 16 ქულა ჰქონდა დავით ლომიძეს, მარგი ქმედების კოეფიციენტით კი საუკეთესო ვილი ისიანი გახლდათ, რომელმაც 23:41 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ხალკიდა. საბერძნეთი. 17 ივლისი

საქართველო – მაკედონია 85:61 (30:8, 23:12, 19:23, 13:18)

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1247