კალათბურთი

14:47 | 14.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელთა წაგება ოვერტაიმში და ლატვიელ ორგანიზატორთა შეცდომები

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც საწვრთნელ შეკრებაზეა და მონტენეგროდან ლატვიაში გადაინაცვლა, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ლატვიის თანატოლთა ნაკრებს შეხვდა და დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 81:87 დამარცხდა.

ლატვიის ნაკრები „ა“ დივიზიონშია და რამდენიმე კვირაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. საქართველო კი „ბ“ დივიზიონშია და მომავალი ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება. ეს მატჩი გამოცდილებისთვის ძალიან გამოსადეგარი იქნება, რადგან საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა და გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა.

საქართველოს ნაკრები გამარჯვებასთან ახლოს იყო. სადებიუტო ჩამორჩენა რომ აღმოფხვრა, ეს ცალკე თემაა და ბოლო პერიოდში, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩვენები 5 ქულით 64:69 აგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი იერიშის განხორციელება მოახერხეს და გუნდური თამაშის წყალობითა და წამყვანი მოთამაშეების შედეგიანობით დაწინაურება მოახერხეს. ლუკა ბულაშვილის, გოგა ბითაძის, ნიკა დარბაიძის ქულებით ქართველებმა ბოლოსწინა წუთზე 4-ქულიანი უპირატესობა (79:75) მოიპოვეს.

კაზანჯიანის გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთზე ბურთი ორჯერ დაკარგა და ძირითადი დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე ლატვიელებისგან გამთანაბრებელი სამქულიანიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებზე მსაჯებმა ლატვიელებს რამდენიმე უხეშობა აპატიეს, თორემ ოვერტაიმის დანიშვნის აუცილებლობა აღარ იქნებოდა.

დამატებითი დროის საწყისმა ორმა წუთმა უქულოდ განვლო. ლატვიელებმა ბოლო წუთებზე იძალეს და ოვერტაიმის 8:2 მოგების შემდეგ საბოლოო გამარჯვება გაიფორმეს.

საქართველო მეორე სპარინგ-მატჩს 15 ივლისს რიგის უნივერსიტეტის ნაკრებთან გამართავს და იმედია, ბალტიელ ჟურნალისტებს თუ რეჟისორებს ისეთივე შეცდომა არ მოუვათ, რაც ზემოთაღნიშნული მატჩისას მოხდა.

მატჩის ტრანსლაცია ინტერნეტში გადმოიცემოდა და შეხვედრის დაწყებისას, როცა ეკრანზე მეტოქე გუნდების ტიტრები გამოისახა, საქართველო მაყურებელს რუსეთის დროშით წარუდგინეს. ისე, მხოლოდ ეს შეცდომა არ მოსვლიათ ორგანიზატორებს.

სტატისტიკაში, რომელიც ჩვენს სტატიაშიც არის წარმოდგენილი, საერთოდ არ წერია გიორგი გვიანიძე, რომელმაც 5 ქულა მიითვალა, ხოლო საბა აკობიას 28:52 წუთში მოგროვებული 7 ქულა და 13 მოხსნა ნიკა ჩეჩელაშვილის გრაფაშია ჩაწერილი.

მატჩის მე-6 წუთზე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა იტალიურ „დ’ორლანდოს“ წევრმა ლევან ბაბილოძემ, რომლის მომდევნო მატჩში ასპარეზობა სათუოა.

18-წლამდელები. რიგა. ლატვია. 13 ივლისი

ლატვია – საქართველო 87:81 (22:14, 24:28, 13:17, 20:20, 8:2)

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12448