კალათბურთი

15:17 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 18-წლამდელებმა მინსკში ბელარუსი დაამარცხეს და მონტენეგროში გაემგზავრნენ

საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ბელარუსს რევანშით ტოვებს. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მინსკში 3 დღე დაჰყო და ამ ხნის განმავლობაში 3 მატჩი გამართა. აზერბაიჯანის ძლევისა და ბელარუსთან წაგების შემდეგ, ქართველები მასპინძელთა ნაკრებს მეორედ შეხვდნენ და 69:63 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა ოპტიმალურისგან ძალიან შორს მდგარი შემადგენლობით ითამაშა. გარდა იმისა, რომ ბელარუსში ეროვნული გამოცდების გამო, ნაკრების 5 კანდიდატი ვერ წავიდა, ტრავმის გამო გუნდს წამყვანი მოთამაშეები – გოგა ბითაძე და გიორგი ცირიკიძე ვერ ეხმარებიან. ბელარუსთან პირველ მატჩში კი კიდევ სამმა მოთამაშემ – გიორგი გოგუამ, ნიკა ლეონიძემ და აკაკი ფიფიამ მიიღეს მცირე ტრავმები.

ამ კალათბურთელებმა გუშინდელ მატჩში შედარებით ცოტა ითამაშეს, თუმცა ქართველებმა ბელარუსებთან მარცხის გამომ რევანში მაინც აიღეს. პირველი ტაიმის 4 ქულით მოგების შემდეგმ ქართველებმა მესამე პერიოდი 15:28 დათმეს და ბოლო მეოთხედის წინ 9 ქულით ჩამორჩნენ. საქართველოს ნაკრების წევრთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტ მომენტში მათ ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვებამდე მივიდნენ. დასკვნითი 10-წუთეული კაზანჯიანის შეგირდებმა 23:8 მოიგეს და საბოლოოდ, გამარჯვებამდეც მივიდნენ.

საქართველოს ნაკრებში 18 ქულით ბომბარდირი ლევან ბაბილოძე გახდა. 16 ქულა მიითვალა ლუკა ბულაშვილმა, ხოლო ნიკა დარბაიძის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.

“ბელარუსულ შეკრებას დადებითად ვერ შევაფასებ, რადგან ტრავმების გამო, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, რამდენიმეც თბილისიდან გამოცდების გამო ვერ წამოვიდა. იმედი მაქვს, ტრავმებს მალე მოევლება და მონტენეგროში, სადაც ახლა მივემგზავრებით, არავინ დაგვაკლდება“ - განაცხადა გია კაზანჯიანმა, როდესაც მინსკში შევეხმიანეთ.

ამხანაგური მატჩი. 18-წლამდელები. მინსკი. 3 ივლისი

ბელარუსი – საქართველო 63:69 (15:12, 12:19, 28:15, 8:23)

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110416