ფეხბურთი

20:57 | 3.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძე: “ვფიქრობ, მართებული ნაბიჯი გადავდგი”

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ამიერიდან პოლტავას “ვორსკლას” ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ უკრაინული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იუწყება. კობახიძემ “ვორსკლას” ბედი ორი წლით დაუკავშირა. 29 წლის ნახევარმცველი ბოლოს “დნიპროში” თამაშობდა, მაგრამ გუნდს მწვავე ფინანსური კრიზისი ედგა, არც სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა და ამიტომაც “ვორსკლაში” წასვლა ამჯობინა.

როგორც მან გუნდის ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, პოლტაველებს ამბიციური შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა მისი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ევროპა ლიგაზე ამ კლუბის ასპარეზობაა.

“უკრაინაში ჩემთვის პირველი წელი არაა და “ვორსკლას” დიდი ხანია ვიცნობ. ეს გუნდი ჩემში სიმპათიას ყოველთვის იწვევდა, რადგან იგი ყოველთვის იყო ამბიციური. ყველაზე დიდი როლი კი, ჩემს გადაწყვეტილებაში ევროპა ლიგაზე თამაშმა იქონია. ვფიქრობ, შესანიშნავი გუნდია და კარგი შედეგების ჩვენებაც შეუძლია. ახლა, ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი მომენტია.

მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის მწვრთნელს, პრეზიდენტს. ჩემი აზრით, მართებული ნაბიჯი გადავდგი”, - თქვა კობახიძემ.

“ვორსკლა” გასულ სეზონში უკრაინის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, ახლა ევროპა ლიგაზე უწევს თამაში, სადაც იგი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. კობახიძემ შარშანდელი სეზონის პირველ ნახევარში “ვოლინში” ითამაშა და 13 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო “დნიპროს” რიგებში მოედანზე ერთადერთხელ გამოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12901