ფეხბურთი

16:39 | 20.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

რას წარმოადგენენ “სანტა კოლომა” და “ალაშკერტი”?!

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ “დინამო” თბილისის მიზანი ევროსარბიელზე წარმატებით გამოსვლა და მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფში, ხოლო მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაა. ამას, “დინამოს” მესვეურები ხშირად ამბობენ და ბუნებრივია, რომ მაღალი მიზნები ამოძრავებთ და ამბიციაც აქვთ. სხვანაირად, ფეხბურთში წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია.

იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა სეზონის წინ დასახული ამოცანა შეასრულოს და ქართველი გულშემატკივარი ბოლოს და ბოლოს გაახაროს, ჯერ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორის ჩემპიონ “სანტა კოლომას”, ანაც სომხეთის “ალაშკერტის” ბარიერის დაძლევა მოუწევს. დიახ, ამ ორიდან ერთის, რადგან ეს გუნდები I საკვალიფკაციო ეტაპზე ერთმანეთში გაარკვევენ თბილისში ჩამოსვლელის ვინაობას. სიმართლე რომ ვთქვათ, თუ “დინამოს” რამეზე პრეტენზიას აქვს, ვინც უნდა შეხვდეს ამათგან, ყველა ვარიანტში უნდა გაიაროს. თუმცა, ახლა, ცოტა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ პოტენციური მეტოქეების შესახებ.

“სანტა კოლომა” (ანდორა)

“სანტა კოლომა” ზუსტად 30 წლის წინ, 1986 წელს დაარსდა და მიუხედავად საკმაოდ ახალგაზრდული ასაკისა, სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია – ამ ხნის განმავლობაში “ლორდებმა” (გუნდის მეტსახელი) ქვეყნის ჩემპიონობა 10-ჯერ მოახერხეს, აქედან ცხრაჯერ XXI საუკუნეში. პირველი წარმატება კი 1994-1995 წლების სეზონში მოვიდა. ისიც სათქმელია, რომ “სანტა კოლომა” ანდორის ჩემპიონობას ბოლო სამი წელია მიჯრით ახერხებს. შვიდჯერ კი, ანდორის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება ქვეყნის თასს – იგი პირველად 2001 წელს მოიგო, ხოლო ბოლოს 2012 წელს. ჯამში 8 თასი აქვს საკუთარ მუზეუმში. ამას ემატება ანდორის 5 სუპერთასი და შიდა ასპარეზზე მართლაც ტიტულოვანი გუნდია. თუმცა ევროსარბიელზე წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის...

“სანტა კოლომა” და ევროპა

გუნდის ნათლობა 2001-2002 წლების სეზონში უეფას თასზე ბელგრადის “პარტიზანთან” შედგა და თუ შინ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს და 0:1 წააგეს, მერე სერბეთში 1:7 განადგურდნენ. უეფას თასზე ოთხჯერ მოუწიათ სხვადასხვა წლებში “ლორდებს” თამაში და პირველი ეტაპი ვერცერთხელ გაიარეს, ეგ კი არა, არც ფრე უთამაშიათ, მოგებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდი პირველად 2008-2009 წლების სეზონში გავიდა და ლიტვურ “კაუნასთან” ორი მატჩის ჯამში 2:7 განადგურდა. მას შემდგომ გუნდს ამ ტურნირზე წარმატება არ ჰქონია, მაგრამ ორი წლის წინ, I საკვალიფკაციო ეტაპზე სომხური “ბანანცის” წინააღმდეგობა დაძლია – შინ 1:0, სტუმრად 2:3. II ეტაპზე კი თამაში ისრაელის ჩემპიონ თელ-ავივის “მაკაბისთან” მოუწია და წააგო (0:1, 0:2).

სამაგიეროდ, “სანტა კოლომას” ერთი წლის წინ ლიგაზე გამოსვლა კოშმარული გამოუვიდა. გუნდს პირველ რაუნდში დებიუტანტ, გიბრალტარის ჩემპიონ “ლინკოლთან” მოუწია თამაში და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად არ წააგო (0:0), შინ 1:2 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

შემადგენლობა

გასაკვირი არაა, რომ “სანტა კოლომას” რიგებში ნაცნობ გვარებსა და სახელებს ვერ ამოიკითხავთ. თუმცა, გუნდში საკმაოდ ბევრი ესპანელი ფეხბურთელია თავმოყრილი. კერძოდ – რვა. არის ასევე არგენტინელი მცველი ვალტერ ვაგნერი, პორტუგალიელი ნახევარმცველი დენის სილვა... წეღან ესპანელები ვახსენეთ და თუ თბილისში ჩამოსვლა “სანტა კოლომას” მოუწია, არ გაგიკვირდეთ თუ “დინამო არენას” მწვანე ბალახზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გაირბინა – 38 წლის ვეტერანი ესპანელი მცველი ჟოან კაპდევილია მიმდინარე წლის მაისში “სანტა კოლომაში” ჩაირიცხა. ჯერ მას გუნდის რიგებში არ უთამაშია, მაგრამ ამის შესახებ ანდორული კლუბის ვებგვერდი საამაყოდ კი იტყობინება...

კაპდევილია იმ “ფურიე როხას” ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელმაც 2008 წელს ევროპის, ხოლო 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. საკლუბო კარიერაც საკმაოდ წარმატებული და მდიდარი ჰქონდა, განსაკუთრებით “დეპორტივოსა” და “ვილიარელაში”. რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს – 40 წლის რიჩარდ იმბერნონ რიოსი – ანდორელი სპეციალისტი, რომელმაც სამწვრთნელო საქმიანობა ორი წლის წინ სწორედ “სანტა კოლომაში” დაიწყო და გუნდს ქვეყნის ჩემპიონობა მოუტანა, თანაც ზედიზედ სამჯერ.

თუმცა, შესაძლოა “დინამოს” II საკვალიფიკაციო ეტაპზე “სანტა კოლომასთან” არ მოუწიოს დაპირისპირება და თბილისში სომხეთის ჩემპიონი “ალაშკერტი” ვიხილოთ...

“ალაშკერტი” (სომხეთი)

“ალაშკერტი” ერევანში 1990 წელს დაარსდა და განვლილი 26 წლის განმავლობაში სომხეთის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 4 სეზონი აქვს გატარებული. აქედან ბოლო სამი მიჯრით. შედეგები კი ასეთი ჰქონდა – 24-ე ადგილი (1992 წელს), მერვე, მეოთხე და პირველი. პროგრესი სახეზეა. დიახ, “ალაშკერტმა” გასულ სეზონში “შირაქს” 3 ქულით აჯობა და ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა. შესაბამისად, ეს მისი პირველი საჩემპიონო ტიტულია. სხვა მხრივ, გუნდი დიდად არაფრითაა გამორჩეული. თამაშობს ერევნაში, სტადიონ “ნაირიზე”, რომელიც 7 ათასზე ოდნავ ნაკლებ ადამიანს იტევს.

“ალაშკერტი” და ევროპა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუნდი ქვეყნის ჩემპიონი პირველად გახდა და ბუნებრივია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერაც დებიუტის მოლოდინშია. თუმცა, ევროსარბიელზე პირველად ერევნულმა გუნდმა ჯერ კიდევ შარშან შეაბიჯა, როცა ევროპა ლიგის I საკვალიფკაციო ეტაპზე ითამაშა. ითამაშა და თან როგორ?! – პირველივე ეტაპზე სომხებს მათზე ბევრად გამოცდილი შოტლანდიური “სენტ ჯონსტონი” შეხვდა და ბევრის გასაკვირად აღნიშნული ბარიერი გადალახეს – “ალაშკერტმა” შოტლანდიაში 1:2 წააგო, მაგრამ შინ 1:0 მოიგო და სტუმრად გატანილი გოლი წარმატებისთვის ეყო.

II ეტაპზე “ალაშკერტს” თამაში ასევე მასზე მძლავრ ყაზახურ “კაირატთან” მოუწია და უბრძოლველად არც აქ დაუთმია რამე. მეტიც, ერთი თამაში საერთოდ მოიგო – შინ 2:1. მაგრამ, სტუმრად 0:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, თუმცა სახელი ნამდვილად არ შეურცხვენია.

შემადგენლობა

“ალაშკერტის” შემადგენლობა მთლიანად სომეხი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. გამონაკლისი მხოლოდ ორია – მალელი მცველი მამადუ სეკუ ფოფანა, რომელიც უკვე წლებია სომხეთში ირჯება (მანამდე “ბანანცის” წევრი იყო) და ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰებერი. 25 წლის სამხრეთამერიკელმა შემტევმა სომხეთის ჩემპიონატში გასულ სეზონში 26 მატჩში 16 გოლი გაიტანა. სხვათა შორის, მანამდე სამშობლოში თამაშობდა და 4 წელი “ფიგეირენსეს” წევრი გახლდათ, ხოლო მერე თამაში “ავაიშიც” მოასწრო. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კი, სომეხი თავდამსხმელი მირან მანასიანია – მას ადრე სომხეთის 21-წლამდე ნაკრებში შვიდი თამაში ჩაუტარებია, ხოლო “ალაშკერტის” რიგებში გასულ სეზონში 22 შეხვედრაში 16 გოლი შეაგდო.

მთავარი მწვრთნელი ბარჰამ ხაშმანიანია, რომელმაც კლუბი 2014 წელს ჩაიბარა და აგერ შედეგიც სახეზე აქვს. მას მანამდე განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია და სომხეთის 19 და 21-წლამდე ნაკრებებს 2013, 2013-2014 წლებში ედგა სათავეში.

მოკლედ, მეტოქეები ისეთია, გავლა რომ შეიძლება. მთავარია, “დინამომ” საკუთარი თავის ზედმეტად არ ირწმუნოს და “სანტა კოლომასა” თუ “ალაშკერტს” სერიოზულად მიუდგეს. და თუ რომელი იქნება ჩვენი ჩემპიონის მეტოქე ივლისის თვეში, ამას 6 ივლისს გავიგებთ, როცა ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდება.

0.113396