დღეს სტამბოლში ძიუდოისტთა ევროპირველობა დაიწყება და ოცდაოთხ აპრილამდე გასტანს. ოთხდღიანი ტურნირის პირველ სამ დღეს, ჩემპიონ-პრიზიორები ინდივიდუალურ ჩათვლაში, შვიდივე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. ბოლოს კი მედლები გუნდურ ჩათვლაში გათამაშდება.საქართველოს ნაკრები თურქეთში 17 ძიუდოისტით გაემგზავრა. მათგან 14 ინდივიდუალურში გავა ტატამზე, 3 კი ნაკრების ავსტრიელმა თავკაცმა, პიტერ ზაიზენბახერმა გუნდური განაცხადის გასაძლიერებლად დაიმატა. კენჭისყრა ორიოდ საათის წინ შედგა, შვიდივე წონის ბადე შეივსო და ქართველთა პირველი მეტოქეებიც გამოვლინდნენ.
60 კილოგრამში ტატამზე ამირან პაპინაშვილი და ბეთქილ შუკვანი გავლენ. პაპინაშვილი ჩემპიონატს თურქ ოზკანოღლუ ისკენდერთან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ფრანგ სოფიან მილუს დაეჭიდება, ხოლო მესამე წრეში – მეოთხედფინალში ამირანის გზა უმთავრესი ფავორიტისას – უკრაინის სახელით მოჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონი ქართველის, გიორგი ზანთარაიასას კვეთს. შუკვანის პირველი მეტოქე ფინელი ვალტერი იოკინენი იქნება, შემდეგ კი დიდი შანსია, გამოცდილ სომეხს, ჰოვანეს დავთიანს დაუპირისპირდეს. შუკვანი და დავთიანი წლეულს საერთაშორისო ტურნირებზე უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და შუკვანმა ორჯერვე იპონით წააგო.
შალვა ქარდავა (66 კგ) წილისყრამ პირდაპირ მეორე წრეში განთესა, ისევე, როგორც მისი პირველი მოწინააღმდეგე – თურქი მეჰმეთ დურმაზი. ამ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში ფრანგ დავიდ ლაროშსა და აზერბაიჯანელ ტარიან კარიმოვს შორის მოგებულს შეხვდება. ამავე წონაში გიორგი შოშიაშვილი რუმინელ ლასლო სზოკეს დაეჭიდება. ამათ შორის მოგებულს კი აზერბაიჯანელი სამირ დადაშზადე ელის.
ამბაკო ავალიანი (73 კგ) ევროპირველობაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება. იქამდე კი სავარაუდო მეტოქეების – სომეხი არტემ ბაღდასარიანისა და რუმინელი ადრიან ნიკოლაე მერგეს რკენას დააკვირდება. ამ სამეულში უძლიერესი მერვედფინალში ტიტულოვანი ფრანგის, ბენჟამენ დარბალესა და ებრაელი იოზეფ პალელაშვილის წყვილში მოგებულს შეხვდება, ხოლო მეოთხედფინალში, სავარაუდოდ უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკას, აზერბაიჯანელ რენატ მირზალიევს ან ესპანეთის სახელით მოჭიდავე იაპონელ კიოში უემაცუს. ამავე ბადეშია ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ბელგიელი დირკ ვან ტიჩელტი. თენგიზ პაპოშვილს პირველ მოწინააღმდეგედ ფრანგი უგო ლეგრანი ერგო. თუ ჩამოიცილებს, აზერბაიჯანელი რამილ გასიმოვის პირისპირ დადგება. ამ ჯგუფშია რუსი მანსურ ისაევიც, ოღონდ მისი და პაპოშვილის გზები მეოთხედფინალამდე არ იკვეთება.
81 კილოგრამში, საქართველოს დროშის ქვეშ ლევან წიკლაური და დავით კარბელაშვილი იჭიდავებენ. წიკლაური ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება. იქამდე ქართველთან დაჭიდების უფლების მოსაპოვებლად ერთმანეთს უკრაინელი არტემ ვასილენკო და ესტონელი ალექსანდერ მარმელიუკი დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, წიკლაური სავარაუდოდ რუს სირაჟუდინ მაგომედოვს შეხვდება. ბადის ამ მხარეს მოხვდა გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფიც. კარბელაშვილიც მეორე წრიდან მოირგებს კიმონოს. მისი მეტოქე თურქი ჰალილი იბრაჰიმ ოზერლერი იქნება. გამარჯვებული მერვედფინალში უნგრელი შანდორ ნაგისოლიმოშისა და ხორვატი ტომისლავ მარიანოვიჩის წყვილში მოგებულს შეხვდება. თუ ამ ეტაპსაც დაძლევს, მეოთხედფინალში ყველაზე მეტად მოსალოდნელი ტიტულოვან აზერბაიჯანელ ელნურ მამადლისთან დაპირისპირებაა.
ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა გურულიც (ორივე 90 კგ) მეორე წრიდან ჩაერთვებიან საქმეში. 2009 და 2010 წლების ევროპირველობების ფინალისტი და ვერცხლის ორგზის პრიზიორი ვარლამ ლიპარტელიანი პოლონელ კრჟიშტოფ ვეგლარზს შეხვდება. შემდეგ გერმანელ კრისტოფ ლამბერტისა და უნგრელ გაბორ ვერს შორის უკეთესს. მეოთხედფინალში კი, შესაძლოა, შვედი მარკუს ნიმანის პირისპირ დადგეს. შეგახსენებთ, სწორედ ნიმანთან დამარცხდა ლიპარტელიანი შარშანდელი ევროპირველობის ფინალში. შვედს ამჯერად მეოთხედფინალამდე მისვლაც უნდა გაუჭირდეს, რადგან ამისთვის სამი ძლიერი ძიუდოისტის: ესპანელი დავიდ ალარზას, უკრაინელი ვალენტინ გრეკოვისა და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ქართველის ტენტორე მასმანიდისის (თედორე აბელაშვილი) ჯობნა დასჭირდება. გურული უკრაინელ ვადიმ სინიავსკის დაეჭიდება. თუ მოუგებს, პოლონელ რობერტ კრავჩუკსა და შვეიცარიელ დომინიკ ჰიშერს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში კი ყველაზე მეტად მოსალოდნელი, აზერბაიჯანელ ელხან მამადოვთან დაპირისპირებაა.
პირველ წრეში წილისყრამ ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანიც (ორივე 100 კგ) დაასვენა. ცირეკიძე ევროპის ჩემპიონატს რუს სერგეი სამოილოვიჩთან შეხვედრით გახსნის. ამათ შორის უძლიერესი აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს დაეჭიდება. ამავე ბადეში მოხვდა და ქართველს შესაძლოა ნახევარფინალში გადაეყაროს, ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, ჰოლანდიელი ჰენკ ხროლი. ჟორჟოლიანს საწყის მეტოქედ სერბი პრედრაგ ბუდიჩი ერგო. თუ დაამარცხებს, ან ჩერნოგორიელ ნიკოლა ვულევიჩს შეხვდება, ან რუმინელ ალექსანდრუ ნედელკუს. ამ ოთხი ძიუდოისტიდან უძლიერესი კი მეოთხედფინალში სავარაუდოდ ჰოლანდიელ ელკო ფან დერ ხესტის პირისპირ დადგება. ეს უკანასკნელი ბელგიის ნაკრების ღირსებას იცავს.
აშკარად არ გაუმართლა მძიმეწონოსან ნოდარ მეტრეველს, რომელიც მართალია პირდაპირ მეორე წრეში ჩაჯდა, მაგრამ უმალ ფრანგი ფავორიტის, ტედი რინერის წინააღმდეგ. ამავე წონაში მოჭიდავე ზვიად ხანჯალიაშვილი ევროპის ჩემპიონატს ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიჟთან შეხვედრით გახსნის. თუ ჩამოიშორებს, მერე ფრანგ მეტიუ ბატესა და ბრიტანელ კრის შერინგტონს შორის მოგებულს დაეჭიდება. მეოთხედფინალში კი სავარაუდოდ უკრაინელ სტანიოსლავ ბონდარენკოს. ბადის ამ მხარესვე მოხვდნენ ბელარუსი იჰარ მაკარაუ, უნგრელი ბარნა ბორი და რუსი ანდრეი ვოლკოვი.
დღეს მედლები 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, ხვალ – 73 და 81 კილოგრამებში, ხოლო ზეგ – 90, 100 და +100 კილოგრამებში. წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.
ოთარ მაღლაკელიძე







