ფეხბურთი

12:25 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

როცა ფინალი ტაბუირებულია...

მადრიდის “ატლეტიკომ” ბოლო სამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ წააგო – მადრიდელთა უიღბლობაზე მართლაც შეიძლება საუბარი: “როხიბლანკო” ჩემპიონთა ლიგის (თასის) ფინალში სამჯერაა გასული და სამივე შემთხვევაში ხელმოცარული დარჩა. თუმცა, წაგებასაც ხომ გააჩნია?! – 1974 წელს, ესპანური გუნდი მიუნხენის “ბაიერნთან” გადათამაშებაში დამარცხდა. ფინალური შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო ვინაიდან მაშინ პენალტების სერია არ ინიშნებოდა, დაინიშნა ორი დღის შემდეგ განმეორებითი მატჩი, რომელიც “ბაიერნმა” ადვილად, 4:0 მოიგო. ანუ, თითქმის, პენალტების სერიაში, გნებავთ დამატებით დროში დარჩა უტიტულოდ “ატლეტიკო”. 2014 წელს დიეგო სიმეონეს გუნდს სანუკვარ მიზნამდე ორი წუთი დააკლდა, როცა სერხიო რამოსმა გაუტანა, დამატებით დროში კი “რეალმა” 3 უპასუხო გოლი შეაგდო. გუშიწინდელი ფინალის პერიპეტიებით თავს აღარ შეგაწყენთ – მოკლედ რომ ვთქვათ, “ატლეტიკოსთვის” ლიგის ფინალი ჯერჯერობით ტაბუირებულია.

თუმცა, “როხიბლანკოს” გარდა სხვა გუნდებიც მრავლადაა, რომელთაც ფინალის კომპლექსი დღემდე აწუხებთ – ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა თასს 1985 და 1986 წლებში უწია, თუმცა 6 ფინალი წაგებული აქვს, რაც მხოლოდ ლიგის გათვალისწინებით აბსოლუტური რეკორდია. მათ შორის, 1997, 1998, 2003 და 2015 წლებში “ბებერმა ქალბატონმა” ოთხი ფინალი მიჯრით წააგო, მანამდე 1973 წელს “აიაქსთან”, ხოლო 1983 წელს გერმანულ “ჰამბურგთან” მოეცარა ხელი.

არანაკლებ დანავსულია ლისაბონის “ბენფიკა” – “არწივებმა” 60-იანი წლების დასაწყისში უნგრელი ბელა გუტმანის თავკაცობით მიჯრით ორჯერ მოიგეს ჩემპიონთა თასი, მაგრამ 1962 წელს იგი გუნდიდან გაუშვეს და მაშინ, ბუტმანმა საინტერესო რამ თქვა: “დღეიდან მომდევო 100 წლის განმავლობაში ევროპულ ჯილდოს ვერ მოიგებთ”!.. – აგერ, 54 წელიწადი გავიდა და უნგრელის წყევლა ამართლებს – “ბენფიკას” ევროტურნირებზე 8-დან რვავე ფინალი წაგებული აქვს. მათ შორის ჩემპიონთა თასზე 1998 და 1990 წლებში, ხოლო ევროპა ლიგაზე 2013 და 2014 წლებში.

ჩემპიონთა თასის (ლიგის) ფინალები ცუდად უნდა ახსოვდეთ ფრანგული “რეიმსისა” და ესპანური “ვალენსიას” ქომაგებსაც – “რეიმსმა” 1956 და 1959 წლებში ორჯერ გააღწია ჩემპიონთა თასის ფინალში, მაგრამ ორჯერვე მადრიდის “რეალთან” წააგო. იმის მერე, ჯაბა კანკავას ამჟამინდელი გუნდი ერთ ჩვეულებრივ ფრანგულ კლუბად იქცა. რაც შეეხება “ვალენსიას” – “ღამურებს” ოქროს პერიოდი ექტორ რაულ კუპერის ხელში დაუდგათ და 2000 და 2001 წლებში მიჯრით მივიდნენ ფინალამდე, თუმცა რად გინდა?! – “ვალენსიამ” ჯერ “რეალთან” (0:3) წააგო უშანსოდ, ერთი წლის თავზე კი, მიუნხენის “ბაიერნს” დრამატულ მატჩში დაუთმო თასი.

ეს საკლუბო დონეზე, თორემ თუ სანაკრებოსაც გადავხედავთ, იქ თვალში უთუოდ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები მოგვხვდება, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ჯერ კიდევ დანატრის. არადა, “ნარინჯისფერებმა” 1974 და 1978 წლებში ზედიზედ დათმეს გადამწყვეტი შეხვედრა და ორჯერვე მასპინძლებთან – ჯერ გფრ-სთან (1:2) და მერე დამატებით დროში არგენტინასთან (1:3). ასევე დამატებითი ოცდაათწუთეული გამოდგა მათთვის ფატალური 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში, სადაც ბერტ ვან მაარვიკის მაშინდელ გუნდს ესპანეთმა ანდრეს ინიესტას გოლით მოუგო.

ისე, ვისთვის როგორ, მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთში ასეთ სტატისტიკას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და კომპლექსების მოშორება არცთუ ადვილია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112213