ფეხბურთი

0:25 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო სლოვაკეთის წინააღმდეგ (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიაში ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ეროვნულ გუნდში ამ დროისთვის 22 ფეხბურთელი ვარჯიშობს. გუნდის მთავარი მწვრთნელის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში სამი დებიუტანტია – საქართველოს ჩემპიონის "დინამო თბილისის" მოთამაშეები 22 წლის, პოზიციით ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი და ასევე ნახევარმცველი, 23 წლის ჯამბულ ჯიღაური.

ფეხბურთელები ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობენ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან. "ძალიან კარგი ატმოსფეროა, ბევრ ფეხბურთელთან პირადად მითამაშია და ვიცნობ მათ. ნაკრებთან ერთად პირველად ვარ. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მეცვას ეროვნული ნაკრების მაისური და ვეცდები ეს შანსი გამოვიყენო" - ვახტანგ ჭანტურიშვილი.

"ბედნიერი ვარ, რომ გამომიძახეს ეროვნულ ნაკრებში. მოხარული ვიქნები ასევე, თუ დებიუტი შედგება უახლოეს მატჩებში. ვფიქრობ, რომ დიდი პასუხისმგებლობაა ნაკრებში თამაში. რთული მეტოქეები გვყავს. სამივე გუნდი ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა. რთული მატჩები გველის, შეკრება ახალი დაწყებული გვაქვს და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. გუნდი ყველა თამაშში მაქსიმალური შედეგისთვის იბრძოლებს" - ჯამბულ ჯიღაური.

საქართველოს ნაკრებში დებიუტისთვის ემზადება 29 წლის, პოზიციით მცველი ზურაბ ცისკარიძე, რომელმაც საკლუბი კარიერის ძირითადი პერიოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა და ამჟამად ჩეხური "ტეპლიცეს" წევრია.

"პირველ რიგში ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. კარგი გუნდია და მიხარია, რომ ნაკრებთან ერთად ვარ. კომუნიკაცია ქართულ ენაზეა, რომელიც კარგად მესმის, თუმცა ვერ ვსაუბრობ... ჩემი მთავარი საკომუნიკაციო ენა ფეხბურთია. აქ ნამდვილად არაჩვეულებრივი ატმოსფეროა... კარგი განწყობაა და ვარჯიშები. სამივე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს და მათვის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო თამაშებია. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი შეხვედრებია, რადგან სწორედ ამ მატჩების შემდეგ იწყება ჩვენთვის საკვალიფიკაციო ეტაპი" - განაცხადა ზურა ცისკარიძემ.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. სლოვაკი სპეციალისტი ავსტრიაში სწორედ იმ გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც 2010 წელს სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა და მუნდიალის მერვედფინალურ ეტაპზე ითამაშა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპია, რადგან სამი ამხანაგური შეხვედრა გველოდება. ეს იქნება ბოლო მატჩები ოფიციალური ციკლის დაწყებამდე და ავსტრიამდე საქართველო მეტ ამხანაგურ შეხვედრას აღარ ჩაატარებს. გუნდს უკვე ვიცნობ, რადგან გვქონდა უკვე ერთი ამხანაგური მატჩი თბილისში.

ფეხბურთელებს წარმატების დიდი სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, პრობლემებიც არსებობს, რომელიც უნდა გადაიჭრას. ვგულისხმობ ზოგიერთი ფეხბურთელის ნაკლებ სათამაშო პრაქტიკას. ასევე არის რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე – ჯანო ანანიძე და გიორგი ლორია, რომელიც ამ ამხანაგურ თამაშებში ვერ დაგვეხმარებიან. ბოლომდე ოპტიმალური შემადგენლობა არ არის. გიორგი აბურჯანიაც ამ ეტაპზე საკუთარ კლუბთან ერთად არის და მოგვიანებით შემოგვიერთდება. თუმცა ეს ფეხბურთია და ჩვენ უნდა მოვემზადოთ თამაშებისთვის იმ შემადგენლობით, რომელიც ამ დროისთვის გვყავს.

პირველ ამხანაგურ შეხვედრაში სლოვაკეთთან იმ ფეხბურთელებზე გავაკეთებთ აქცენტს, ვისაც ვარჯიშებზე შევატყობთ, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში იქნებიან. ჩვენთვის ყველა ამხანაგური და ოფიციალური მატჩი მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ არცერთ ამ მატჩში ფავორიტი არ ვართ, რადგან არსებობს რეიტინგი და ეს არ არის უბრალო მათემატიკა.

ჩვენ უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს ვიდრე დღეს ნაკრების რეიტინგია. ჩვენ მოვედით სამუშაოდ, რომ ქართულ ფეხბურთში არსებული რესურსი გამოვიყენოთ და ჩვენი გამოცდილებით გუნდს ყველა მიმართულებით დავეხმაროთ. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრი ტალანტია. ჩვენ გვყავს ისეთი მოთამაშეები, როგორიც ვთქვათ სლოვაკეთს ჰყავს, ნიჭიერი და ასევე გამოცდილი ფეხბურთელები: კანკავა, კაშია, ამისულაშვილი და ასევე ახალგაზრდა - ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, მჭედლიძე, ანანიძე, რომელიც სამწუხაროდ ამჟამად გუნდთან ერთად არ არის.

ასევე თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოიგეს. სლოვაკეთს საქართველოსთან თამაშის შემდეგ გერმანიასთან შეხვედრა ელოდება და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. რა შემადგენლობითაც არ უნდა ითამაშონ, მათი ნებისმიერი შემადგენლობა ძლიერია და კომბინაციური თამაში იქნება".

საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიშამდე ორჯერადი ვარჯიში ჩაატარა. გუშინ კი ქართველმა ფეხბურთელებმა ავსტრიის ქალაქ ველსში იმ სტადიონზე ივარჯიშეს, სადაც 27 მაისს თბილისის დროით 19:30 წუთზე საქართველოსა და სლოვაკეთის ამხანაგური მატჩი ჩატარდება.

სფფ-ის პრესსამსხური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136522