ჭადრაკი

0:17 | 23.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ

კოსოვოს ქალაქ გიაკოვაში დასასრულს მიუახლოვდა ევროპის მე-17 ინდივიდუალური ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. ბოლო ტურის წინ ჩემპიონობის საუკეთესო შანსი რუს ერნესტო ინარკიევს (2686) აქვს, რომელმაც ათ პარტიაში 8.5 ქულა მოაგროვა და უახლოეს კონკურენტებს ქულით უსწრებს.

ტურნირის ქართველ მონაწილეთაგან ლიდერებთან ყველაზე ახლოს ნაკრების ლიდერი ბაადურ ჯობავა (2661) იმყოფება. მე-10 ტურში ბაადური შავი ფიგურებით სომეხ არმან პაშიკიანს (2612) დაუზავდა და კიდევ 15 მოჭადრაკის დარად 7.0 ქულა მოაგროვა. დამატებითი მაჩვენებლებით, ჯობავა მე-6 ადგილზე იმყოფება.

დასკვნით ტურში, რომელიც 23 მაისს შედგება, ბაადური თეთრებით პოლონელ რადოსლავ ვოიტაშეკს (2722) ეთამაშება, რომელიც 7.5 ქულითYმეორეა. ასეთივე მონაგარი აქვთ და მესამე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ ლატვიელი იგორ კოვალენკო (2644) და რუსი ალექსეი გოგანოვი (2600), რომლებიც ბოლო ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ინარკიევი კი შავებით პოლონელ კასპერ პიორუნს (2681, 7.0 ქულა) გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობაზე კიდევ 4 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 31. ლევან ფანცულაია (2613) – 6.5 ქულა; 35. თორნიკე სანიკიძე (2537) – 6.5; 78. მერაბ გაგუნაშვილი (2569) – 5.5; 89. ზურაბ სტურუა (2548) – 5.5;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110149