სხვა

20:23 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრესტიჟული პრემია ტოჩინოშინს! (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო 10 მოგებით და 5 მარცხით დაასრულა და კარიერაში პირველად პრესტიჟული პრემია გინო-შო დაიმსახურა.

პროფესიონალურმა სუმოს ასოციაციამ 28 წლის ქართველი ტექნიკური ოსტატობისა და მებრძოლის ხასიათის გამოვლინებისთვის გამოარჩია. შეგახსენებთ, რომ ზედ მაისის სუპერტურნირის წინ, ტოჩინოშინმა ნეკნი გაიტეხა, თუმცა, ტურნირიდან მოხსნაზე არ უფიქრია და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირებაც მოახერხა.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” გამართული ბაშოს დასკვნით დღეს დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე გორგაძემ დასავლეთის პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან ცუკიოტოშით წააგო, თუმცა, ეს, მას წოდებაში წინსვლაში ხელს არ შეუშლის.

სამწუხაროდ, რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. დღეს, გაგამარუ დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ოსუნაარაშისთან უვატენაგეთი დამარცხდა და 6 მოგების წილ 9 მარცხი მოუგროვდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი მაისის სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-15 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობდა, ამდენად, წინასწარი მონაცემებით, ელიტასთან განშორება მოუწევს.

ნაცუ ბაშო ტრიუმფალურად მოიგო მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელმაც ასპარეზობა ასპროცენტიანი შედეგით მოიგო. “თეთრმა ფენიქსმა” მიჯრით მე-15 გამარჯვება იოკოძუნა კაკურიუსთან იზეიმა და უახლოეს კონკურენტ – ოძეკი კისენოსატოს 2 მოგებით გაუსწრო. ისიც ვთქვათ, რომ კისენოსატო ივლისის ბაშოზე ცუნატორის (იოკოძუნობის პრეტენდენტი) რანგში წარსდგება, რაც მისთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.

ნაცუ ბაშოს დასკვნითი დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა - 4:42-დან, ტოჩინოშინის - 7:22-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077038