ფეხბურთი

1:49 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა გამარჯვებული, თან ცრემლიანი წავიდა (+VIDEO)

პეპ გვარდიოლა წავიდა – ცრემლებით წავიდა, თუმცა სიხარულის ცრემლებით. წავიდა გამარჯვებული, წავიდა დუბლით. მოკლედ, ესპანელი სპეციალისტის სამწლიანი ოდისეა მიუნხენში დასრულებულია. “ბაიერნმა” კი აწ უკვე ყოფილ თავკაცს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა გერმანიის თასის სახით.

“ბაიერნისა” და “დორტმუნდის” თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული გამოდგა, ისეთი, ფინალს რომ შეშვენის. გუნდებმა ერთმანეთს 120 წუთის განმავლობაში არ დაუთმეს არაფერი. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “რეკორდმაისტერი” მეტოქეზე უკეთ ირჯებოდა რიგ მომენტებში და მოგებასთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე “ბორუსია”. თუმცა, მიუნხენელებმა თასის მოპოვება მხოლოდ მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მოახერხეს.

“ბაიერნმა” ხუთიდან ოთხი გაიტანა, ხოლო “დორტმუნდმა” მხოლოდ – სამი. სვენ ბენდერმა და სოკრატის პაპასტატოპულოსმა თავისიანები დააღალატეს და ტომას ტუხელის პირველი წელი დორტმუნდში უტიტულოდ დასრულდა. არადა, “ბორუსია” წლეულს ჩინებული გუნდი გახლდათ და თავისუფლად შეიძლებოდა, რომელიმე თასი საკუთარ მუზეუმში დაეპატრონებინა, მაგრამ “ბაიერნი” სხვა სიმაღლეზეა.

გვარდიოლას გარდა, წავიდა მატს ჰუმელსიც – ტრავმით დაასრულა გერმანელმა მცველმა დორტმუნდული კარიერა და ამიერიდან სწორედ “ბაიერნის” რიგებში გაირჯება...

ჰო, ბოლოს ისიც ვახსენოთ, რომ მიუნხენურმა გიგანტმა გერმანიის თასი ისტორიაში მე-18-ედ მოიგო, რაც რაღა თქმა უნდა, რეკორდია. ყველაზე ახლოს კი ბრემენის “ვერდერია” ამ მხრივ – 6 თასი. რაც შეეხება “დორტმუნდს”, “ყვითლებს” დღეს, მეოთხედ გამარჯვების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს და ფინალი შარშანდელივით დამარცხებულებმა დატოვეს...

“ბაიერნი” – “დორტმუნდი” 0:0 პენ: 4:3(0:0) (მიმოხილვა)

ბერლინი, “ოლიმპშტადიონი”

მაყურებელი: 74 322

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, ბოატენგი, კიმიხი, ალაბა; ტიაგო ალკანტარა; დუგლას კოშტა, ვიდალი, მიულერი, რიბერი (კომანი 108); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“დორტმუნდი” (3-4-3): ბურკი; ბენდერი, სოკრატისი, ჰუმელსი (გინტერი 78); პიშჩეკი, ვეიგლი, კასტრო (კაგავა 106), შმელცერი (დურმი 70); მხითარიანი, ობამეიანგი, როისი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

პენალტების სერია: 0:1 კაგავა, 1:1 ვიდალი, 1:1 ბენდერი (მეკარე), 2:1 ლევანდოვსკი, 2:1 სოკრატისი (ააცილა), 2:1 კიმიხი (მეკარე), 2:2 ობამეიანგი, 3:2 მიულერი, 3:3 როისი, 4:3 დუგლას კოშტა

გაფრთხილება: რიბერი (39), კიმიხი (42), ვიდალი (47), მიულერი (109) – კასტრო (39), ჰუმელსი (74), სოკრატისი (99)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 10 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: მარკო ფრიტცი

სტატისტიკა
0.307441