ფეხბურთი

13:07 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” თუ “იუვე”? – რომში თასისთვის და ევროპა ლიგის საგზურისთვის

დღეს, რომში, იტალიის თასის ფინალია, რითაც კალჩოში 2015-2016 წლების სეზონი დასრულდება და მერე მთელი ყურადღება ევროპის ჩემპიონატისკენ იქნება. თუმცა, მანამდე გასარკვევია ვინ მოიგებს კოპა იტალიას – “იუვენტუსი” მეთერთმეტედ თუ “მილანი” მეექვსედ? - ეს გუნდები იტალიის თასის ფინალში ერთმანეთს მეოთხედ ხვდებიან – აქამდე გამართული სამი ფინალიდან ორჯერ “იუვენტუსმა” მოიგო, ერთხელ “მილანმა”.

1941-1942 წლების სეზონში “იუვემ” ფინალური რაუნდის პირველი თამაში სტუმრად ფრედ, 1:1 დაასრულა, ხოლო შინ 4:1 მოიგო და თასს დაეუფლა. 1973 წელს, “მილანმა” რევანში აიღო, როდესაც რომში, მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში იმძლავრა (ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გოლები: ბეტეგა და ბენეტი). ბოლოს კი მათი დუელი 1989-1990 წლების სეზონში შედგა, თან ორმატჩიანი – ტურინში 0:0, ხოლო “სან სიროზე” “ბებერმა ქალბატონმა” 1:0 გაიმარჯვა.

თუმცა, ამასთან 2003 წელს, “მილანმა” მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში აჯობა პენალტების სერიით. ხოლო იმავე წლის აგვისტოში, ასევე პენალტებში “ბიანკონერიმ” იტალიის სუპერთასზე დაამარცხა მეტოქე აშშ-ში.

ამჟამად კი, უფრო მოტივირებული კრისტიან ბროკის გუნდი უნდა იყოს, რადგან ეს მათი ბოლო შანსია ევროპა ლიგაზე მოსახვედრად. თუ “როსონერი” თასის გარეშე დარჩება, ვეღარც ევროსარბიელზე ითამაშებს დამდეგ სეზონში. თავის მხრივ უმოტივაციობას არც “იუვე” უჩივის: შანსი აქვს გახდეს პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი. მოგეხსენებათ, შარშანაც ალეგრის გუნდმა დუბლი შეასრულა.

მასიმილიანო ალეგრიმ სწორედ ამაზე ისაუბრა მატჩის წინ და აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ეს დამატებითი სტიმულია. დღეს, ალეგრის ტრავმების გამო წამყვანი ნახევარმცველები კლაუდიო მარკიზიო და სამი ხედირა დააკლდება, ხოლო ლეონარდო ბონუჩი დისკვალიფიცირებულია. დანაკლისია “მილანის” ბანაკშიც – კერძოდ, წამყვანი განაპირა მცველები ლუკა ანტონელი და ინაციო აბატე დაშავებულნი არიან. მიმდინარე სეზონში “ბებერმა ქალბატონმა” პრინციპულ მეტოქეს სერია A-ში ორივე თამაში მოუგო – ჯერ ტურინში პაულო დიბალას გოლით, მერე “სან სიროზე” 2:1 მარიო მანჯუკიჩისა და პოლ პოგბას გოლებით. რაც შეეხება იტალიის თასს, ბოლოს აქ ეს ორი გუნდი 2012-2013 წლების სეზონის მეოთხედფინალში შეხვდა – 2013 წლის 9 იანვარს, “იუვენტუს სთედიუმზე” მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, სებასტიან ჯოვინკოსა და მირკო ვუჩინიჩის გოლებით. სტუმართაგან კი სტეფან ელ შაარავიმ გაიტანა.

მანამდე ერთი წლით ადრე კი მათი გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა და ორი მატჩის ჯამში “იუვემ” იმარჯვა – მილანში მარტინ კასერესის დუბლით მოიგეს სტუმრებმა (2:1), ხოლო ტურინში 90 წუთში, “მილანმა” იმარჯვა ასევე 2:1. გადამწყვეტი გამოდგა დამატებით დროში მირკო ვუჩინიჩის ლამაზი გოლი, რამაც ტურინული გრანდი ფინალში გაიყვანა.

სხვათა შორის, თუ “მილანი” მოიგებს, ეს იქნება სილვიო ბერლუსკონის ერაში 29-ე ტიტული, ხოლო თუ “იუვენტუსი”, მაშინ ანდრეა ანიელის პრეზიდენტობის მეათე ჯილდო აღმოჩნდება.

კრისტიან ბროკი (“მილანის” მთავარი მწვრთნელი): “ამ კვირაში ფეხბურთელებში უფრო მეტ სიხალისეს ვხედავ. თუმცა, ასე იყო “რომასთან” მატჩის ვარჯიშამდეც. ახლა რთული მომენტი გვიდგას, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ ტიტულს მოვიგებთ და ჩვენს ქომაგებს გავახარებთ. ეს “მილანს” ბოლო წლებიდან გამომდინარე ძალიან სჭირდება.

ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა, ბევრ რამეს ვსწავლობ. ჩემი წასვლის შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა ასე არაა. ყველაფერს ერთად გადავწყვეტთ”.

მასიმილიანო ალეგრი (“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი): “ფავორიტები ვართ, მაგრამ ეს “მილანის” ბოლო შანსია, რომ ევროტურნირებზე გავიდეს. სკუდეტოს მოგების მერე, პირველი-ორი კვირა განსხვავებული იყო. რაც შეეხება “სამპდორიასთან” თამაშს, ეს კარგი გახლდათ, თუმცა “მილანისგან” სულ სხვა თამაშს ველოდები და ამიტომაც 90 წუთი ყურადღებით და აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. ფინალი არასდროსაა ადვილი და დღევანდელი თამაშიც დაძაბული იქნება, ისევე როგორც ეს ჩემპიონატის ორ მატჩში იყო.

შეტევაში ალბათ დიბალა-მანჯუკიჩის დუეტით ვითამაშებ, ხოლო კარს ნეტო დაიცავს. ზედიზედ ორჯერ დუბლი რომ არცერთ იტალიურ გუნდს არ შეუსრულებია, ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია”.

“იუვენტუსს” შანსი აქვს იტალიის თასი ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეთერთმეტედ მოიპოვოს. ეს იტალიაში საუკეთესო მაჩვენებელია და ყველაზე ახლოს ამ შედეგთან “რომაა” ცხრა ტიტულით. რაც შეეხება “მილანს” აქამდე ხუთჯერ მოიპოვა კოპა იტალია, ბოლოს კი 13 წლის წინ, 2003 წელს, როდესაც ფინალში “რომა” დაამარცხა.

მილანი - იუვენტუსი

21 მაისი, რომი. “ოლიმპიკო”. 22:45 სთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ძაპატა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, მონტოლივო, პოლი; ჰონდა, ბაკა, ბონავენტურა

მწვრთნელი: კრისტიან ბროკი

“იუვენტუსი” (3-5-2): ნეტო; რუგანი, ბარძალი, კიელინი; ლიხშტაინერი, პოგბა, ერნანესი, ასამოა, ევრა; დიბალა, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: ჯანლუკა როკი

გამოკითხვა
თქვენი პროგნოზი
ხმის მიცემა შედეგი
სტატისტიკა
0.274968