სხვა

20:53 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვგულშემატკივრობ საქართველოს!”
ოლიმპიადა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 24-საათიან რეჟიმში

17 მაისს გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სეოკ-ის ერთობლივი კამპანიის - „ვგულშემატკივრობ საქართველოს" პრეზენტაცია, რომელიც პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

მაუწყებლის ეზოში შეიკრიბნენ ქართული სპორტის ხელმძღვანელები, სახელოვანი ოლიმპიელები, ჩვენი ლიცენზიანტი სპორტსმენები, მოხალისეები, გულშემატკივრები. მაუწყებლის შენობა მთლიანად შეიფუთა ოლიმპიური თემატიკის ბანერებით, ჩვენი ნაკრების ლიდერების ფოტოებით, დამონტაჟდა უზარმაზარი ჩირაღდანი, რომელიც რიო-2016-ის ოფიციალური ოლიმპიური ჩირაღდნის ერთგვარი იმიტაციაა.

სატელევიზიო ჩართვისას სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ოლიმპიური თამაშების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, ჩვენი საზოგადოების მობილიზების, გულშემატკივართა გააქტიურების აუცილებლობას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ქართველი სპორტსმენების, მათი მწვრთნელების მოტივაცია და პასუხისმგებლობა:

„ჩვენს ოლიმპიელებს წინ ელოდებათ ოთხწლეულის უმთარესი სპორტული ფორუმი, - აღნიშნა ხაბელოვმა, - აგვისტოში მილიონობით ადამიანის ყურადღება რიოსკენ იქნება მიპყრობილი. სალიცენზიო ტურნირები ჯერ არ დასრულებულა. ველოდებით, რომ რიოში რიცხობრივად რეკორდული დელეგაციით ჩავალთ.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, ყველაფერი გაკეთდა, რომ ჩვენს სპორტსმენებს წარმატებისთვის მიეღწიათ. რაოდენობრივ მაჩვენებელთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხი. ძალაში რჩება ჩვენი ლოზუნგი – უკეთ, ვიდრე ლონდონში”.

როგორც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ოლიმპიადიდან კარგი შედეგებით დავბრუნდებით:

„სახელმწიფომ, სპორტულმა ორგანიზაციებმა, ოლიმპიური კომიტეტის მაღალკვალიფიციურმა გუნდმა აქტიურად იმუშავეს, რათა სპორტსმენებისთვის საუკეთესო პირობები შეექმნათ. ლიცენზიანტების სიმრავლე ამის დასტურია. სამომავლოდ იმისთვისაც უნდა ვიზრუნოთ, რომ ოლიმპიადაზე სპორტის სათამაშო სახეობაშიც გვყავდეს წარმომადგენლები. ამის რესურსი ჩვენს სპორტს ნამდვილად აქვს”.

ითქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც შეიძინა საქართველოში ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის ლიცენზია, 24-საათიან რეჟიმში გააშუქებს ოლიმპიადას და ტელემაყურებელი ქართველი სპორტსმენების ყველა გამოსვლას პირდაპირ ეთერში იხილავს. გარდა ამისა, მომზადდება სპეციალური რეპორტაჟები და და ჩანახატები.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ოლიმპიურ ჩემპიონებს – ზურაბ ზვიადაურს და გიორგი ასანიძეს საზეიმოდ გადასცა ქართული სპორტის მუზეუმიდან დაკარგული ოლიმპიური ოქროს მედლების ასლები, რომელიც სეოკ-ის თხოვნით საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაამზადა.

საღამო ცეცხლოვანი ბრაზილიური ცეკვით, ტამტამებისა და ფოიერვერკის თანხლებით დასრულდა.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115675