კალათბურთი

20:20 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ“  პროგრამა-მინიმუმი  შეასრულა

სრულებით განსხვავებული სცენარით წარიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე სუპერფინალური შეხვედრა, რომელშიც “ქუთაისი 2010” თბილისის “დინამოს” მასპინძლობდა. თუ პირველ პაექრობაში ქუთათურებმა შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევა და გაიმარჯვეს 73:65, მეორე მატჩში ქუთაისელთა გუნდის ცნობა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ძნელად გასახსენებელია ისეთი მატჩი, რომელიც იმერულმა გუნდმა ასე სუსტად ჩაატარა. რა თქმა უნდა გარჯა არ უნდა დავუკარგოთ დინამოელებს, რომლებმა კარგად იასპარეზეს და დამსახურებულადაც გაიმარვეს, მაგრამ როცა რვაჯერ, მეტოქის ფარს ქვემოდან, თავისუფალ მდგომარეობაში მყოფ ბურთს კალათში ვერ მოათავსებ, ბუნებრივია იმ მატჩში დამარცხებას ვერ გადაურჩები.

წესით ამ შეხვედრაში ფსიქოლოგიური პრობლემები სტუმართა გუნდის წევრებს უნდა ჰქონოდათ. მათ ზედიზედ ხუთი პაექრობა ჰქონდათ წაგებული ქუთაისურ გუნდთან, მაგრამ დინამოელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ საკუთარ თავში ძალა გამონახეს და დამაჯერებლად დაამარცხეს მოწინააღმდეგე. პირველი მატჩის მსგავსად გუნდებს დებიუტში დაძაბულობა ეტყობოდათ. პირველი ქულა ნოდარ გოგოძის ანგარიშზეა, რასაც სამი ქულა მიაყოლა კოვაჩევიჩმა. ძალიან მალე სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა გაზარდეს და ქუთაისელთა ქომაგები იმის მოლოდინში იყვნენ, როდის დაიწყებდა მათი საყვარელი გუნდი ჩვეულ რიტმში თამაშს. ალბათ ყველაზე მეტად პირველი პერიოდის მიწურულს იყოჩაღეს ქუთათურებმა, როდესაც ანგარიშში ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს -13:20.

მეორე მეოთხედის დასაწყისში კიდევ უფრო შემცირდა ერთ მომენტში სხვაობა, მაგრამ მასპინძლებმა შეცდომებს და არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას უხშირეს, რითაც ისარგებლეს მოწინააღმდეგეებმა. ჩვეულ რეჟიმში დიდებულად ირჯებოდა კოვაჩევიჩი, რომელსაც მხარი აუბეს ბერიშვილმა და მაკალპიმ. ამერიკელი პირველ დუელში ძალზე პასიური ჩანდა, ხოლო მეორე პაექრობაში 18 ქულას, 6 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ყველაზე შედეგიანი კი მიხეილ ბერიშვილი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა და 9 მოხსნა გააკეთა. ტაიმი ამ კალათბურთელების წყალობით სტუმრებმა 44:31 მოიგეს.

მესამე მეოთხედში ყველანი ველოდით ქუთაისელთა “აფეთქებას”, რასაც ხელს ქომაგებიც უწყობდნენ, რომლებიც საოცარი შემართებით ცდილობდნენ საკუთარი გუნდის თამაშში დაბრუნებას, მაგრამ ეს ყველაფერი ამაო გამოდგა. ისე რაღაც მომენტში სხვაობა 10 ქულამდე კი შეამცირეს რიონისპირელებმა, მაგრამ შემდეგ ისევ შეცდომები და თბილისელებმა კვლავ გაზარდეს უპირატესობა. გადამყვეტი ნაწილის წინ კი ტაბლოზე ისევ 13-ქულიანი სხვაობა იყო დაფიქსირებული. ისე, მესამე მეოთხედის ბოლომდე მასპინძლებს დაცვაში თამაშს ვერ დავუწუნებდით, მაგრამ შეტევაში გამოიყურებოდნენ უსუსურად. ერთადერთი კაცი, ვინც ამ მონაკვეთამდე წინააღმდეგობას უწევდა დედაქალაქელებს გოგა ცეკვავა გახლდათ, დანარჩენები კი უბრალოდ საკუთარ თავს არ ჰგავდნენ.

მეოთხე პერიოდში ისევ თბილისელები დომინირებდნენ მოედანზე და მათი უპირატესობა უფრო სოლიდური გახდა. მასპინძელთა მცდელობები ისევ ვერ მიდიოდა მიზნამდე. საბოლოოდ, შეხვედრაში 88:63 დაფიქსირდა თბილისის “დინამოს” სასარგებლოდ, სერიაში კი ანგარიში გათანაბრდა – 1:1. შემდეგი ორი შეხვედრა თბილისში გაიმართება.

ქუთაისი 63 - 88 დინამო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116904