ფეხბურთი

10:36 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” მეცამეტედ, ან “სიონი” პირველად

თბილისის “დინამო” ან ბოლნისის “სიონი”: დღეს საღამოს ერთ-ერთი გუნდი ასწევვს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს. “დინამოს” ეს ტიტული სულ 12-ჯერ მოუგია და აქედან ზედიზედ სამჯერ, ხოლო “სიონს” ჯერ არ ჩაუხუტებია თასი, ერთხელ, 2003 წელს იყო ფინალში და 1:3 წააგო სწორედ “დინამოსთან”. მაშინ ბოლნისელთა ფინალში გასვლა მოულოდნელიც იყო.

დღეს კი თასის 26-ე ფინალია ქუთაისის “რამაზ შენგელიაზე”, 19:00 სათზე დაიწყება მატჩი და რა თქმა უნდა, ადგილობრივ ქომაგთა გარდა, “დინამოსა” და ‘სიონის” ფანებიც საკმაოდ იქნებიან. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ქუთაისითვის ეს ტესტია და შესაძლოა, საერთაშორისო თამაშების მასპინძლობაც არგუნონ მომავალში. მთავარია, დღეს ექსცესები არ მოხდეს.

ამ სეზონში დინამოელებმა ორივეჯერ მოუგეს ბოლნისელებს: პირველ წრეში, გასული წლის 6 დეკემბერს შინ 5:2, ხოლო მეორედ, გასულ ტურში ბოლნისში 2:1. შინაც და სტუმრადაც თითო-თითო გოლი გაიტანეს საბა ლობჟანიძემ და გიორგი ქვილითაიამ. თბილისში დუბლი მიითვალა გიორგი გურულმა და ერთიც რენე ფერეირამ შეაგდო. “სიონიდან” პირველ წრეში დინამოელებს გოლი გაუტანეს გიორგი ვასაძემ და ვარლამ კილასონიამ, ხოლო გასულ ტურში დებიუტანტმა მინდია შკუბულიანმა გამოიჩინა თავი.

ალექსანდრე იაშვილი და ალექსანდრე გოგობერიშვილი: ორივენი 1977 წელს არიან დაბადებულნი, დღეს ისინი ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან. იაშვილი ბოლოსწინა მატჩს ატარებს კარიერაში, ფინალის მერე 22 მაისს ითამაშებს ჩემპიონატის ბოლო ტურში და აქტიურ კარიერასაც დაასრულებს. გოგობერიშვილი “აკუნაზე” რამდენიმე თვით უფროსია, უკვე 39 წლისაა და თასი სწორედ “დინამოში” მოიგო, იაშვილისთვის კი არც მანამდე იყო უცხო ეს ტიტული.

ისე, 2003 წლის ფინალში ”სიონის” ამჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა ლადო ბურდულმაც ითამაშა და “დინამოს” მაისურით ასწია თასი.

მას შემდეგ 13 წელი გავიდა და როგორც მაშინ, ახლაც “დინამოში” ირიცხება ალეკო ამისულაშვილი და ასევე, “სიონშია” მაშინდელი ფინალის მონაწილე დავით სვანიძე.

მოტივაცია, არა გვგონია, რომელიმე გუნდისთვის ნაკლებად იყოს. მართალია, “დინამო” ჩემპიონია, მაგრამ დუბლის შესრულებას ეცდება. აი, “სიონი” კი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე დარჩა და მხოლოდ თასის აღების გზით გავა ევროტურნირებზე. ბუნებრივია, დინამოელებს გულშემატკივრობს საჩხერის “ჩიხურა”, რადგან თუ თბილისელები წააგებენ, საჩხერელები ევროტურნირების მიღმა დარჩებიან – ისინი მეოთხე ადგილზე გავიდნენ, თუმცა თასი თუ “სიონმა” მოიგო, მეოთხე ადგილი გამსვლელი ვეღარ იქნება.

დღევანდელი ფინალის მთავარი მსაჯი ფიფას არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მატჩზე დასწრება თავისუფალია, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

26 მაისი, 2003. თბილისი. მიხეილ მესხი. 6000

დინამო (თბილისი) -სიონი (ბოლნისი) 3:1

დინამო: ზოიძე, კარლოს და როშა (ახალაია), ამისულაშვილი, ხიზანეიშვილი (კანდელაკი), შაშიაშვილი, დარასელია, გოგობერიშვილი, ბურდული (ვაშაკიძე), კვირკველია, ანჩაბაძე, ალექსიძე

მწვრთნელი: ივო შუშაკი

სიონი: ვოლკოვი, ბურნაძე, სვანიძე (გოგიტაძე), ხუჯაძე, გაბისკირია, გვასალია, წივწივაძე, შავგულიძე, კახა დაუშვილი (ბაქრაძე), დათვაძე (ისიანი), ფანჩულიძე

მწვრთნელი: თემურ მახარაძე

გოლები: 1:0 ხიზანეიშვილი (9), 2:0 დარასელია (19), 3:0 ანჩაბაძე (45), 3:1 ისიანი (75)

0.142086