კალათბურთი

21:47 | 7.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,სოხუმმა“  ანგარიში  გაათანაბრა და მოედნის უპირატესობაც მოიპოვა

პლეი ოფის ნახევარფინალური სერიის მეორე ტურმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა. გუშინ ,,სოხუმს“ გამარჯვებამდე სამი წამი აშორებდა, მაგრამ ივან მიკულიჩის სამქულიანით გამარჯვება ,,ქუთაისი 2010“-ს დარჩა. ვაჟა კვარაცხელიას შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი დარტყმის მიუხედავად, ზღვისპირელებმა მეორე შეხვედრაში შეძლეს ძალების მობილიზება, გაიმარჯვეს 83:74 და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს 1:1.

შეხვედრის დასაწყისი სტუმრებს კარგს არაფერს უქადდა, რადგან პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 13 ქულის სხვაობით 44:31 დაწინაურდნენ. ეტყობა, კოტე ტუღუშის შეგირდებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება და თავს მოდუნების უფლება მისცეს. ამით ისარგებლეს ზღვისპირელებმა და მეორე ტაიმი პირველისგან რადიკალურად განსხვავებულად აღმავლობით ჩაატარეს. განსაკუთრებით მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირი ამერიკელი უკანახაზელი ფილიპ მილერი და ქართული კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ტანმაღალი კალათბურთელი სერგო ათუაშვილი აქტიურობდნენ. ძირითადად მათი აქტიურობის ხარჯზე ,,სოხუმმა“ ანგარიში ჯერ გაათანაბრა, შემდეგ წინ გასვლაც მოახერხა და საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით შეძლო მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში 22 ქულით ყველაზე შედეგიანი მილერი იყო. ათუაშვილმა კი 18 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. გუნდის ერთ-ერთ ლიდერ ლევან ფაცაციას ანგარიშზე კი 8 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასია. მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი 16 ქულა უკანახაზელმა გიორგი ცეკვავამ დააგროვა.

ისევე როგორც ,,დინამო“, რომელმაც ,,ბათუმის“ დამარცხებით სერიაში ანგარიში გაათანაბრა, დღევანდელი გამარჯვებით ,,სოხუმმა“ ანგარიშის გათანაბრებასთან ერთად მოედნის უპირატესობაც მოიპოვა. ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა 10 მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება. თუ საჭირო გახდა, მეხუთე შეხვედრას ქუთაისი უმასპინძლებს.

,,ქუთაისი 2010“ - ,,სოხუმი“ 74:83 (19:20, 25:11, 12:23, 18:29)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097287