ფეხბურთი

20:04 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია – პრიმერაზე, “ნასტიკზე” და კაკაბაძის ტრანსფერზე...

ესპანეთის სეგუნდადივიზიონში ფეხს დღითიდღე იკიდებს ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია. 21 წლის ნახევარმცველმა გასულ უიქ-ენდზე “მირანდესის” კარში მშვენიერი გოლიც გაიტანა (VIDEO), რომელიც მის ესპანურ კარიერაში მეორე გამოდგა. გიორგის წარმატებული თამაში ადგილობრივმა მედიამ დაუფასა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

აბურჯანია მოგეხსენებათ, კოჭის ტრავმის გამო ბოლო ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშს ვერ ახერხებდა და მითუფრო გამოსარჩევია მისი კარგი თამაში. როგორც თავად აბურჯანიამ worldsport.ge-ს განუცხადა, ახლა კოჭი აღარ აწუხებს და თავს კარგად გრძნობს.

გარდა ამისა, გიორგიმ გატანილ გოლზე და “ნასტიკის” პრიმერაში გადასვლის შანსზე ისაუბრა.

“მირანდესთან” მწვრთნელმა გამთამაშებლად მათამაშა და ჩემგან ჩაწოდებების დროს საჯარიმოში ყოფნას ითხოვდა, რადგან როგორც წესი, მეტოქე სამი მცველით თამაშობს. ამის გათვალისწინებით, გვინდოდა საჯარიმოში რიცხობრივი უპირატესობის შექმნა, რამაც შედეგი გამოიღო და მეკარესთან სრულიად მარტო მდგომს მომივიდა ბურთი.

ყველაზე კომფორტულად თავს ცენტრალურ ნახევარმცველად ვგრძნობ, როცა თავისუფლება მაქვს შეტევაში და შეტევის დაწყებაც მევალება. თუმცა, არც ჩამშლელ ნახევარმცველად და გამთამაშებლად თამაშზე მაქვს პრობლემა”, - ამბობს აბურჯანია.

“ხიმნასტიკის” პრიმერადივიზიონში აღზევების შანსი – “შანსი არის. მოგეხსენებათ, პირველი-ორი ადგილი პირდაპირ გადადის და მეორე ადგილოსანს მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით. თუმცა, ძალიან რთულად მეჩვენება ეს ყველაფერი, ჩვენს კალენდარს თუ გავითვალისწინებთ – “ალმერია”, შემდეგ ლიდერი “ლეგანესი”, “სარაგოსა”, “ოსასუნა” – ყველა მატჩი უშუალო კონკურენტებთან გვაქვს დარჩენილი და თუ მოვახერხეთ სასურველი შედეგის მიღება აღნიშნულ თამაშებში, რეალურია პირდაპირ პრიმერაში გადასვლა ყოველგვარი გადათამაშების გარეშე”.

აქვე, გიორგის “ხიმნასტიკში” ოთარ კაკაბაძის შესაძლო ტრანფერზე დავეკითხეთ, რომელიც როგორც worldsport.ge-სთვის გახდა ცნობილი, ახლოსაა კატალონურ გუნდში ჩაირიცხვასთან. თუმცა, აბურჯანიამ ამ თემაზე კონკრეტული ვერაფერი გვითხრა:

“ახლა, გუნდში ყველა სეზონის ჩამთავრებაზე და პრიმერაში გადასვლაზე ფიქრობს და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია”, - გვითხრა გიორგიმ.

“ხიმნასტიკი” სეგუნდადივიზიონში 36 ტურის შემდეგ 57 ქულით მესამე ადგილზეა და საუკეთესო ორეულში შესვლის რეალური შანსი აქვს. გარდა ამისა, შესაძლოა ლა ლიგაში ქართველი ფეხბურთელის გუნდი პლეი-ოფის გზით აღზევდეს. მოკლედ, შანსი მართლაც არის და თან, საკმაოდ რეალური. თუ ასე მოხდა, აბურჯანიას წვლილიც საკმაო იქნება – გიორგი “ნასტიკს” ადვილად შეერწყა და ნელ-ნელა გუნდის ლიდერადაც ყალიბდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111079