ფეხბურთი

11:39 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე - "სამტრედიას" წარმატების საიდუმლო

მიმდინარე სეზონის მთავარი სალაპარაკო თემა განურჩევლად სქესისა და ერისა, “ლესტერ სიტის” გასაოცარი ასპარეზობაა. ბუნებრივიცაა, სეზონის წინ აბა ვინ იფიქრებდა პატარა გუნდისგან პრემიერლიგის ოქროს მედლების მოგებას?! – თუმცა, საქართველოშიც გვყავს ასეთი გუნდი, სეზონის აღმოჩენა და ჩემი დღევანდელი საუბრის თემაც სწორედ ისაა და არა “ლესტერ სიტი” თავის ვარდი-მაჰრეზი-რანიერით...

შარშანდელი სეზონის დაწყების წინ, “სამტრედიამ” ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა და მის მიმდინარეობისასაც გააგრძელა აღებული კურსი. მიზნებიც, შესაბიმისად, მაღალი დაისახა, თუმცა საბოლოოდ, პატარა იმერული ქალაქის გუნდი მხოლოდ თასის ფინალსა და იქ მარცხს დასჯერდა. გასულ ზაფხულს კი გეზი შეიცვალა და გამოცდილ ფეხბურთელებს კლუბის ხელმძღვანელებმა ახალგაზრდა, გამოუცდელი, მაგრამ ნიჭიერი მოთამაშეები ამჯობინეს. მთავარ მწვრთნელად კი ჩემი აზრით, დღევანდელ ქართულ რეალობაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი გია ცეცაძე მიიწვიეს.

მიუხედავად ამისა, გუნდი იმთავითვე შეირაცხა ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერად და გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატად. ამას არც თვითონ ცეცაძე მალავდა, რომელმაც ზაფხულში, worldsport.ge-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილი შენარჩუნებოდა იქნებოდა. აუტსაიდერად შერაცხული გუნდის კვალობაზე სტარტი “სამტრედიას” მაინც წარმატებული გამოუვიდა, მაგრამ ნოემბრის შუა რიცხვებში მაინც ძნელად წარმოსადგენი იქნებოდა ის, რა სურათიც ახლაა – “სამტრედია” მეორე ადგილზეა და ძალზე ახლოსაა, ევროპა ლიგის საგზურის გაფორმებასთან.

21 ნოემბერს, ცეცაძის შეგირდები თბილისში, “დინამოსთან” დამარცხდნენ და მას შემდგომ მოედნის თავჩაქინდრული დატოვება რა იყო, კარგა ხნის განმავლობაში აღარ იცოდნენ. იმერლებმა არც მეტი, არც ნაკლები მიჯრით 7 თამაში მოიგეს, ხოლო წაუგებელ მატჩთა სერია უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა – 11 (!). მიუხედავად ასეთი შედეგისა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილისა, დაახლოებით ერთი თვის წინ ბატონმა გიამ ჩვენთან ისევ მოკრძალებულად ისაუბრა და ციდან ვარსკვლავების მოკრეფა არ დაუწყია. ცეცაძე, ამჯერზეც იმეორებდა, რომ მათი მთავარი მიზანი წელს, არა ევროსარბიელზე გასვლა, არამედ, გუნდის მშენებლობა გახლდათ და ამისათვის იგი გარკვეულ ვადებსაც ასახელებდა: მინიმუმ 2 წელს... და მაინც, მადა ჭამაში მოდისო და, რატომ არ უნდა იფიქროს ამ გუნდმა ევროსარბიელზე გასვლაზე, მითუფრო, რომ ასეთ წარმატებას ეს პატარა კლუბი მართლაც მოკლებულია. ცეცაძე მიუხედავად თავმდაბლური საუბრისა, არც იმას მალავდა, რომ ურიგო არ იქნებოდა თუ მისი გუნდი ევროპაში გაღწევას წელსვე მოახერხებდა...

და მაინც, რა არის “სამტრედიას” ასეთი წარმატებული ასპარეზობის მიზეზი?

გია ცეცაძე

საერთოდ, მწვრთნელთა ხვედრი უცნაურია: თუ გუნდს ჩავარდნა აქვს, მთავარი დამნაშავე სწორედ ისაა, მაგრამ თუ წარმატებით თამაშობს, ყველაზე ნაკლებად მის როლს თუ ხედავენ ხოლმე. თუმცა, ამ შემთხვევაში ცეცაძის გაწეული სამუშაოს იგნორირება ცოტა არ იყოს უმადური საქციელი იქნებოდა. მის განკარგულებაში არცთუ ისე გამოცდილი და ცნობადი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ერთხელ მაინც თუ გიდევნებიათ ამ გუნდის თამაშისთვის თვალი, შეუძლებელია მწვრთნელის ხელი ვერ დაინახო. შემტევი, ლაღი და ამასთან, შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი. ეს, სწორედ ცეცაძისეული ტაქტიკაა, რომელსაც იგი აქამდე ყველგან ნერგავდა, სადაც კი უმუშავია. სხვა თუ არაფერი, შედეგი ყველაფერზე მეტყველებს. თუნდაც ის ფაქტი, რომ “სამტრედიამ” მოქმედ ჩემპიონ გორის “დილას” ორჯერ მოუგო და მათ შორის, ერთხელ 5:0 (!). საკუთარ მოედანზე ნამდვილი სპექტაკლი შემოგვთავაზა “საბურთალოსთან”, რომელსაც არასაფეხბურთო ანგარიშით (8:2) აჯობა... მოკლედ, “სამტრედიას” ყურება ჩვენს ჩემპიონატში ნამდვილად ერთი სიამოვნებაა და ამაში გია ცეცაძის როლი განუზომლად დიდია. კარგი იქნება თუ გუნდის შენებას დააცდიან და საქმეს შუა გზაზე არ დაატოვებინებენ... ეს, არამარტო სამტრედიელთა გუნდისთვის, არამედ შესაძლოა, მთლიანად ქართული ფებხურთისთვის გამოდგეს უკეთესი... ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ამ მხრივ მოვლენათა განვითარებას.

“სამტრედიას” საშინაო არენა – “ეროსი მანჯგალაძე”

სამტრედიაში სტადიონი უმაყურებლობას არასდროს უჩიოდა და იქაური არენა ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუაში პირთამდე ივსებოდა, როცა “მანჯგალაძე” გაცილებით დიდი ტევადობის იყო, ვიდრე დღესაა. ახლაც სავსეა ეს სტადიონი და ისეთ შეთხვევებსაც ხშირად გადაწყდებით, როცა ადგილის ფიზიკურად არქონის გამო ასობით ქომაგი ფეხზე მდგომი ადევნებს თავიანთი ქალაქის გუნდის თამაშს თვალს. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ასეთ სიტუაციას საქართველოს ბარე-ორ ქალაქსა და სტადიონზე ნამდვილად ვერ გადააწყდებით.

მიმდინარე სეზონში ამ დროისთვის “სამტრედიამ” 57 ქულა დააგროვა და აქედან 36 საშინაო არენაზე. ბოლო რვა თამაში კი შინ საერთოდ მოგებული აქვს. აქედანაც კარგად ჩანს, რამდენად დიდ გავლენას ახდენს საკუთარი კედლები ამ გუნდზე და საერთოდ, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივარი სტადიონზე...

ლაფსუსი

საინტერესო და ბოლო დღეებში ყბადაღებულ თემას მივადექით: “სამტრედიამ” სამი დღის წინ სახლში უკვე გაჩემპიონებული “დინამო თბილისი” მიიღო და დრამატულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. სტადიონზე ცარიელი ადგილი კი არა, ნემსი არ ჩავარდებოდა. მგონი არ ვცდები თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო დასწრება იყო მაყურებელთა რაოდენობით... თვითონ თამაშს რაც შეეხება, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია მთავარი მსაჯის ქმედებებმა, რომელმაც სტუმრებს სამი ფეხბურთელი გაუძევა და არც მწვრთნელი დაუნდია... თუმცა – ყოველივე ეს მატჩის ბოლო ათ წუთში მოხდა და იმ დროისთვის საფინალო ანგარიში უკვე დაფიქსირებული გახლდათ...

ინციდენტები არც ტრიბუნებს მოკლებია – მასპინძელი ქომაგი სტუმრებს მთლად იმერული სტუმართმოყვარეობით ვერ მოექცა და ხელში რაც მოხვდათ თუ არ მოხვდათ, ყველაფერი დაუშინეს... ეს თავისთავად, მოსაწონი ფაქტი არაა და მეტიც, დასაგმობია – ისე კი, როგორც ამბობენ, სამტრედიელი გულშემატკივრების გაღიზიანება პირველი წრეში მოხდარმა ფაქტმა განაპირობა, როცა თბილისში, “ლოკომოტივთან” მატჩზე ჩამოსულ იმერელ გულშემატკივრებს “დინამოს” ქომაგთა ერთ-ერთმა ჯგუფმა დროშა დაუწვა...

ეს იქეთ იყოს და, სიმართლეც ვთქვათ: საქართველოში რატომღაც ძალიან გვიკვირს და გვაღიზიანებს ქომაგთა დაპირისპირება და ამას თავისი ძალზე მარტივი ახსნაც გააჩნია: სტადიონზე ხალხი არ დადის და აბა ვინ დაუპირისპირდება ერთმანეთს?! – არადა, ის, რაც სამტრედიაში მოხდა, ბევრ ევროპულ და ჩვენთვის მისაბაძ ქვეყანაში ერთ ლამაზ ზღაპრად აღიქმებოდა. ერთ მარტივ მაგალითსაც გეტყვით: იტალიაში ტურინის “იუვენტუსი” სძულთ, სძულს ყველას, დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს. განსაკუთრებით კი, ნეაპოლში – “ნაპოლი” – “იუვენტუსის” მატჩისას ტურინული გუნდის ავტობუსი სტადიონამდე მშვიდობიანად ძალზე იშვიათად მიდის და ადგილობრივი ტიფოზები ხან რას დაუშენენ, ხან რას – ერთხელ ასეთი შემთხვევაც იყო: “ნაპოლის” ქომაგმა ავტობუსს არც მეტი, არც ნაკლები აგური დაუმიზნა და მიზანსაც უწია, რაც “იუვეს” განელ ნახევარმცველს კვადვო ასამოას ლამის სიცოცხლის დაკარგვას დაუჯდა, მაგრამ ამ ფაქტს იმხელა გამოხმაურება არ მოჰყოლია, რაც სამტრედიაში მომხდარს – იქ ასეთი რამ არ უკვირთ, მაგრამ საქართველოში? – აქ ხომ სტადიონზე გულშემატკივარი იშვიათი რამაა და მითუმეტეს დაპირისპირებული, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება... ყოველ შემთხვევაში ცარიელი ტრიბუნების წინაშე, უემოციო თამაშს ყველაფერი სჯობს. თუმცა, კიდევ აღვნიშნავ, რომ მომხდარი მოსაწონი სულაც არაა და უკეთესი გულშემატკივრობაც შესაძლებელია – ბევრად უკეთეს გარემოში...

და ერთიც, ისე ხდება, რომ “დინამო” საქართველოს დანარჩენი ყველა გუნდის გულშემატკივარს თვალში არ მოსდის, თუმცა გასაგებიცაა – ძლიერები არსად უყვართ, გამონაკლისი ბუნებრივია, არც საქართველოა...

ჩიხურა   3 - 2    საპოვნელა

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 0    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ცხინვალი   1 - 1    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   1 - 0    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

სამტრედია   1 - 2    სიონი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   0 - 1    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

ტორპედო   5 - 0    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.161452