ფეხბურთი

17:54 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივი ნაკრებების განვითარების პროგრამის პრეზენტაცია
გია გეგუჩაძე სკაუტინგის სისტემაზე, ანალიზებზე, პორტრეტების შექმნაზე

დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გია გეგუჩაძე ჟურნალისტებს ესაუბრა და გააცნო საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების განვითარების გეგმა. პრეზენტაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ მისასალმებელი პროგრამა შეიქმნა, რომელიც იქნება მოქნილი და ყველა ასაკობრივი ნაკრების ერთ სისტემაში მოქცევა ეროვნულ გუნდსაც წაადგება, სადაც უფრო გაუიოლდებათ ფეხბურთელებს შეჩვევა.

“მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ თბილისს, არამედ რეგიონებსაც მოიცავდეს ფეხბურთის განვითარების პროგრამა. ეს ჩვენი ხედვა და სტრატეგიაა, დაწყებულიც გვაქვს სამუშაო და მჯერა, წარმატებით გავაგრძელდებთ”.

გეგუჩაძესთან ერთად, პრეზენტაციას ესწრებოდნენ სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები, მათი თანაშემწეები.

პროგრამა არაა სპონტანურ შედეგზე გათვლილი და მოიცავს სამწელიწადნახევრიან ციკლს. დაწყებულია სასელექციო პროცესი და თავადაც გახლავართ მოწმე, როცა ჭაბუკთა ლიგის თუ ელიტ-ლიგის თამაშებს არა მხოლოდ შესაბამისი ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი, არამედ სელექციონერებიც ესწრებიან. ეს პროგრამა იმისთვისაა, რომ 14, 15, 16, 17, 18, 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებიდან შევსება მეტი წამოვიდეს და რაც მთავარია, კვალიფიციური კადრები იყოს. და პლუს, უნდა იყოს კონკურენცია, ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელი რომ მოდიოდეს.

გეგუჩაძემ აღნიშნა, რომ სკაუტთა ჯგუფი 19 წელს და ქვემოთ ასაკის ფეხბურთელებიდან არა მხოლოდ “საბურთალოს”, “დინამოსა” და “ლოკომოტივის” ჭაბუკებს, არამედ სხვა, ნაკლებად ცნობილი საფეხბურთო გუნდების აღსაზრდელებსაც აკვირდება. თქმა არ უნდა, ამ სამ გუნდში გაცილებით მეტია ნიჭიერი, თუმცა შესაძლოა სხვა კლუბებშიც გამოჩნდნენ, რომლებიც შესაბამისი ნაკრები გუნდისთვის მზად არიან, ან უახლოვდებიან სანაკრებო დონეს. საინიციატივო მწვრთნელთა ჯგუფი იქნება 10-12 კაციანი, რომელიც როგორც უკვე დავწერეთ, 19 წლამდე ყველა ასაკის ფეხბურთელებს დააკვირდება.

ადრეც ვწერდით, რომ შეიქმნება რეგიონალური ნაკრებები და ცალკე იქნება კიდევ თბილისის ნაკრებიც, რომლებიც ტურნირის სახით ერთმანეთში ითამაშებენ. ეს პატარა ასაკში, საიდანაც წამოვლენ ტალანტები, სადაც მათ ექნებათ თავის გამოჩენის საშუალება.

“ჩვენ ვადგენთ ფეხბურთელთა პორტრეტებს, რომელშიც ასაკობრივი ნაკრებები უნდა ეფუძნებოდეს ერთ ხედვას. მნიშვნელოვანი საკითხია გაფართოებული სელექციის ჩატარება. ფეხბურთელების პროგნოზირება უნდა მოვახდინოთ სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ფიზმომზადების, ტექნიკისა და სხვადასხვა კომპონენტების კუთხით. მოხდება ფეხბურთელთა ტესტირება, რათა დავინახოთ, ვინ რამდენადაა მზად, ვინ პროგრესირებს სწრაფად, ვინ ნელა, ვინ ჩერდება” – განაცხადა გეგუჩაძემ.

მიზანი იქნება: 1. სანაკრებო ფეხბურთის განვითარება, 2. საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა, 3. ბავშვთა და ახალგაზრდების, საკლუბო და რეგიონალური ფეხბურთის განვითარება.

კახა ჭუმბურიძემ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ნაკრებების შედეგები შესაძლოა ვერ იყოს სასურველი, მაგრამ იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები ამას გაგებით მოეკიდებიან, რადგან ეს მრავალთვიანი პროგრამის დასაწყისია და თავიდან შეჩვევას დრო სჭირდება.

“მაგალითისთვის მოვიყვან ვასილ მაისურაძის გაწვრთნილ ნაკრებს, რომელიც ოთხი წლის წინ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ეს იყო კონკრეტულად იმ ნაკრების წარმატება, მაგრამ გზა არ იყო ნაჩვენები, თუ როგორ უნდა განვითარებულიყვნენ ისინი, არ იყო ერთიანი სისტემა. ჩვენ მკვდარი წერტილიდან დავიწყეთ. მსგავსი პროგრამა განახორციელეს ბელგიაში. 10-15 წლის წინ ბელგია ფიფას რეიტინგში საკმაოდ დაბლა იყო, მაგრამ დღესდღეობით სწორედ ამ პროგრამის განხორციელებით, თავადაც ხედავთ, როგორი ნაკრები ჰყავთ. სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლება. დიდ ყურადღებას ვაქცევთ ანალიტიკას, თითოეულ დეტალს ვსწავლობთ და ვცდილობთ, რომ არ გამოგვრჩეს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144402