კალათბურთი

10:33 | 19.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ და "დალასმა" ოკლაჰომაში იმარჯვეს (+VIDEO)

პირველ მატჩში 38 ქულით წაგებისა და პირადსაკლუბო ანტირეკორდების დამყარების შემდეგ დალასელებმა სამაგალითოდ იბრძოლეს, ბობოქარ „სანდერს“ მისსავე გუშემატკივრებით სავსე ტრიბუნების წინ არაფერი დაუთმეს და ოკლაჰომა სიტიდან გამარჯვება წამოიღეს.

დრამატულ მატჩში ზაზა ფაჩულიას გუნდმა საამაყო გამარჯვება მოიპოვა. ამ მოგებამ დალასელებს მოედნის უპირატესობა მოუტანა. სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1 და მომდევნო 2 შეხვედრა დალასში - 22 და 24 აპრილს გაიმართება.

მატჩი ძალიან დაძაბული იყო, რომლის ფინალური წუთებიც დრამატიზმით სავსე გამოდგა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მასპინძლები 78:71 იგებდნენ, თუმცა ტეხასელები არ დანებდნენ და ვესლი მეთიუზის, სალაჰ მეჯრის და რეიმონდ ფელტონის ქულებით 79:78 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდა და საფინალო სირენამდე 14 წამით ადრე მეთიუზის ორქულიანით დალასელები 85:81 გალიდერდნენ.

დასრულებამდე 9 წამით ადრე კევინ დიურანტი სამქულიანით მინიმუმამდე ამცირებს ჩამორჩენას, ფელტონი კი საპასუხო შეტევაში ორივე საჯარიმოს აცილებს და ოკლაჰომელებს 7 წამი რჩებათ. სწრაფ შეტევაში ჯერ დიურანს უფარებს დალასელი ჯასტინ ანდერსონი, თუმცა ბურთს რასელ ვესტბრუკი ეუფლება და ისიც აცილებს. მესამე ცდა, რომელიც სტივ ადამსმა შეასრულა, წარმატებული აღმოჩნდა და საფინალო სირენის შემდეგ ოკლაჰომელები გამარჯვებას ზეიმობენ. ზეიმი ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდეოგადახვევამ აჩვენა, რომ სტივ ადამსს ბურთი ჯერაც ხელში უჭირავს, საფინალო სირენა რომ გაისმის.

ქართველმა ლეგიონერმა გამარჯვებაში საკუთარი წილი დაიდო. ზაზა ფაჩულია ძირითადად დაცვითი კუთხით გამოირჩეოდა და მეტოქე ცენტრებს ზღუდავდა. ის სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 2 ქულით, 6 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა. დალასელთა მეორე ცენტრი, ტურნისელი სალაჰ მეჯრი მოედანზე 28 წუთი იმყოფებოდა და თავი 12 ქულას მოუყარა. ყველაზე შედეგიანი ფელტონი გახლდათ 21 ქულა - 11 მოხსნით, დირკ ნოვიცკის ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.

რეგულარულ ჩემპიონატში გალაღებულმა ოკლაჰომას ლიდერებმა დიდი ვერაფერი შედეგიანობა აჩვენეს. დიურანტმა 21 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა, რასელ ვესტბრუკმა კი 19 ქულას 14 მოხსნა მოაყოლა.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121876