ფეხბურთი

12:00 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სევილია" და ევროპა ლიგა - ანუ, სიყვარულის ისტორია...

ბოლო დროს ხშირად მოისმენთ ხუმრობას, ევროპა ლიგას “სევილიას” სახელი დაერქვას ან რამე მსგავსს... არცაა გასაკვირი, ანდალუზიურ გუნდს აღნიშნული ტურნირი ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული, ხოლო ჯამში ოთხჯერ. მოკლედ, პირინელები ამ გათამაშებაში ისე გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში. სხვანაირად რომ ვთქვათ, "სევილიასა" და ევროპა ლიგის ურთიერთდამოკიდებულება ერთ კარგ სიყვარულის ისტორიას წააგავს...

მიმდინარე სეზონი “სევილიამ” ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყო, მაგრამ აბა აქ რა მესაქმებაო და თებერვლიდან ევროპა ლიგაზე გადმოინაცვლა. ისე, ესეც საკმაოდ რთულად და უცნაურად მოახერხა. ჩემპიონთა ლიგაზე უნაი ემერის გუნდი “იუვენტუსთან”, “სიტისთან” და “გლადბახთან” ერთად იყო ჯგუფში, სადაც ბოლო ტურის წინ მხოლოდ მესამე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებდა, თუმცა საკმაოდ ძნელი წარმოსადგენი იყო საწადელისთვის მიეღწია. და მაინც, მიაღწია: “გლადბახს” რომ მოეგო, “სევილია” ყველა ვარიანტში ბოლო ადგილზე გავიდოდა, გერმანული გუნდი გასვლაზე “სიტის” მთელი თამაში უგებდა, მაგრამ ბოლო ათ წუთში სამი გოლი გაუშვა და 2:4 დამარცხდა, ხოლო ესპანელებმა შინ მანამდე წაუგებელ “იუვენტუსს” ფერნანდო ლორენტეს გოლით მოუგეს და ევროპა ლიგაზე ასე გადმოინაცვლეს. თანაც, ლორენტე ხომ მანამდე 4 თვით ადრე სწორედ “ბებერი ქალბატონისგან” შეიძინეს...

“სევილიას” ევროპა ლიგის მეოთხედფინალში თამაში ბასკურ “ბილბაოსთან” მოუწია, რომელიც დრამატულ ბრძოლაში, კერძოდ, პენალტების სერიაში დაამარცხა. ეს თამაში ორიოდ დღის წინ გაიმართა და ახლა მისი პერიპეტიებით თავს არ შეგაწყენთ. უბრალოდ, გეტყვით, რომ ანდალუზიელებს ასეთი დაუვიწყარი თამაშები უეფას თასსა თუ ევროპა ლიგაზე არაერთი ჩაუტარებიათ და საინტერესო იქნება, მოკლედ რომ გავიხსენოთ, რა და როგორ...

“სევილია” – “შალკე” 1:0 (დ.დ) – 2005-2006, ნახევარფინალი

“სევილიამ” თავისი პირველი ევროპული ტიტულისკენ მსვლელობისას გზად გელზენკირხენის “შალკე” მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც ჩამოიტოვა. 2005-2006 წლების სეზონის ნახავარფინალის საპასუხო თამაშის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. ისე გამოვიდა, რომ ჯერ გელზენკირხენში, მერე “სანჩეს პისხუანზე” 90 წუთი საკმარისი არ გამოდგა, რომ გუნდებს თუნდაც ერთი გოლი გაეტანათ. ფინალის საგზურის მომტანი გოლი კი 101 წუთზე აწ განსვენებულმა ანტონიო პუერტმა გაიტანა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა სფფ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა. რაც შეეხება ხუანდე რამოსის მაშინდელ გუნდს, მათ ფინალში ინგლისურ “მიდლსბროს” ადვილად, 4:0 აჯობეს.

“შახტარი” – “სევილია” 2:3 (დ.დ) – 2006-2007, მერვედფინალი

“სევილიამ” უეფას თასი მომდევნო სეზონშიც მოიგო. თუმცა ასე არ მოხდებოდა, რომ არა მეკარე ანდრეს პალოპი... მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, რომელშიც “დალაქები” “შახტარს” სტუმრობდნენ, მსაჯის ბოლო დამატებული წუთი მიმდინარეობდა. დანი ალვეშმა კუთხური ჩააწოდა და პალოპმა გოლი გაიტანა. აღნიშნული ბურთით კი წონასწორობა აღდგა (2:2) და მატჩი დამატებით დროში გადავიდა (სევილიაშიც 2:2 დასრულდა), სადაც ხავიერ ერნესტო ჩევანტონიმ “სევილია” მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

“სევილია” – “ესპანიოლი” 2:2 (პენ, 3:1) – 2006-2007, ფინალი

იმავე სეზონის გადამწყვეტ მატჩში “სევილიამ” “ესპანიოლს” გლაზგოში მოუგო. მატჩის ძირითად დროში ადრიანომ და ალბერტ რიერამ გოლები გაცვალეს. იგივე სცენარით წარიმართა დმაატებითი დროც: ჯერ “სევილია” ფრედერიკ კანუტემ დააწინაურა, 115-ე წუთზე კი ჯონათასმა გაქვითა. პენალტების სერია მოქმედმა ჩემპიონებმა გაცილებით უკეთ დაარტყეს და უეფას თასი მიჯრით მეორედ მოიგეს.

“ბეტისი” – “სევილია” 0:2 (პენ 3:4) – 2013-2014, მერვედფინალი

ორი წლის წინ, მერვედიფნალში სევილიური დერბი შედგა. ამ გუნდებს შორის უდიდესი მტრობაა და შესაბამისად ევროპა ლიგაზე მათმა დაპირისპირებამ კიდევ უფრო დიდი ელფერი მიიღო. აღსანიშანვია, რომ წყვილში ფავორიტად “სევილია” განიხილებოდა, თუმცა 2014 წლის 13 მარტს, “სანჩეს პისხუანზე” “ბეტისმა” ლეო ბაპტისტაოსა და სევილას გოლებით მშრალად მოიგო და მეოთხედფინალისკენ უდიდეს ნაბიჯი გადადგა, მაგრამ... მაგრამ ერთ კვირაში “ბენიტო ვილამარინზე” ხოსე ანტონიო რეიესისა და კარლოს ბაკას გოლებით იგივე ანგარიშით უკვე სტუმრებმა იმარჯვეს. პენალტების სერია “სევილიამ” ცუდად დაიწყო, რადგან ვიტოლომ ვერ გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული მაინც “სევილია” გამოვიდა – 4:3.

“ვალენსია” – “სევილია” 3:1 – 2013-2014, ნახევარფინალი

არანაკლებ დრამატული მოვლენები გადახდა “დალაქებს” თავს იმავე სეზონის ნახევარფინალში, სადაც მათი მეტოქე ასევე ესპანური გუნდი, ოღონდ “ვალენსია” გახლდათ. პირველი თამაში “პისხუანზე” სტეფან მბიასა და კარლოს ბაკას გოლებით ანდალუზიელებმა დამაჯერებლად მოიგეს და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, მაგრამ საპასუხო თამაშში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 69-ე წუთისთვის “ღამურებმა” სტუმრებს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და ფინალში მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთამდე გადიოდნენ. 94-ე წუთზე კი მბიამ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და გოლი გაიტანა, რომელმაც “სევილია” ფინალში გაიყვანა.

“სევილია” – “ბენფიკა” 0:0 (პენ, 4:2) – 2013-2014 წლების სეზონი, ფინალი

ფინალური მატჩიც უნაი ემერის შგირდებისთვის გასაოცარი გამოდგა, ტურინში გამართული თამაშის ვერც 90-მა და ვერც დამატებითმა 30 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პენალტების სერიაში კი ამჯერადაც სევილიელებმა დაარტყეს ცივსისხლიანად და თასს მესამედ დაეუფლნენ.

“ზენიტი” – “სევილია” 2:2 – 2014-2015, მეოთხედფინალი

გასულ სეზონში წინა წლებთან შეადრებით ევროპა ლიგა “სევილიას” ნაკლებად დრამატული გამოუვიდა, მაგრამ მეოთხედფინალის საპასუხო თამაში მაინც გამორჩეული გახლდათ. ესპანელებს “ზენიტთან” შინ 2:1 ემარჯვათ და სანქტ-პეტერბურგშიც ამავე ანგარიშით მარცხდებოდნენ, როცა კევინ გამეირომ წონასწორობა აღადგინა და თავისიანები ნახევარფინალში გაიყვანა, რომელიც მერე ემერის გუნდმა ფლორენციის “ფიორენტინას” ძალზე ადვილად მოუგო. გამეირომ კი ანგარიში 85-ე წუთზე გაათანაბრა. ასე რომ არ მომხდარიყო, არავინ იცის, ახლა ევროპა ლიგის მოქმედ მფლობელზე თუ მომიწევდა წერა.

“სევილია” ზედიზედ მესამე და მთლიანობაში მეხუთე ტიტულისკენ ამჯერადაც იწევს, ვნახოთ რა გამოუვათ ამჯერზე “სევილიელ დაალქებს” და შეძლებენ თუ არა ისევ ჩემპიონობას....

0.130154