ფეხბურთი

11:01 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

25-ე ტური: დაძაბულობა არც ამჯერად მოიკლებს 

უმაღლესი ლიგის 25-ე ტური თბილისში, “მიხეილ მესხზე” გაიხსნება “ლოკომოტივისა” და მარტვილის “მერანის” დაპირისპირებით. ცხრილიდანაც ჩანს, რომ პრინციპული თამაში იქნება, ორივენი საშიშ ზონაში არიან (მითუმეტეს, “მერანი”) და მათ შორის 5 ქულაა სხვაობა. 5 ქულა კი ძალიან ბევრი სულაც არაა და “ლოკომოტივს” თავი ქუდში ნამდვილად არ აქვს.

საინტერესოა, რომ “ლოკომოტივმა” სეზონში ერთადერთი გასვლითი შეხვედრა სწორედ “მერანს” მოუგო (3:0), ხოლო მარტვილელებს სტუმრად ჯერ ერთხელაც არ უმარჯვიათ. მეორე წრეში “მერანი” თბილისელებზე უკეთ გამოიყურება, რაც დიდწილად ნიკა საბანაძის დამსახურებაა: მან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა, აი, “ლოკომოტივს” კი ძალიან უჭირს გატანა. ჟერარდ სარაგოსას გუნდი ბევრს არ უშვებს, მაგრამ თავადაც იშვიათად ამწარებს მეტოქეებს.

ტრადიციულად, “ლოკომოტივის” საშინაო მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟს “სილკ უნივერსალი” გადასცემს.

აუტსაიდერთა ზონაში მყოფი სხვა გუნდებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს ზესტაფონში, სადაც თერჯოლის “საპოვნელა” “ზუგდიდს” ეთამაშება. როგორც იტყვიან, ექვსქულიანი თამაშია – აუტსაიდერი ბოლოსწინაადგილოსანთან. “მერანისა” არ იყოს, ამ სეზონში სტუმრად არც ზუგდიდელებს გაუმარჯვიათ.

ლიდერი თბილისის “დინამო” საჩხერის “ჩიხურას” ესტუმრება და თბილისელთათვის თუ ჩემპიონობის განაღდება დროის ამბავია, საჩხერელთათვის თითოეული ქულა ფასეულია – გუნდი მეოთხე ადგილისთვის იბრძვის. ისე, მალე ეს გუნდები თასის ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, ასე რომ, მოკლე პერიოდში სამჯერ მოუწევთ დაპირისპირება.

“ჩიხურას” უშუალოდ ჩემპიონატში ერთხელ ჰყავს “დინამო” დამარცხებული – წლინახევრის წინ 1:0 სძლია. სოსო ფრუიძის გუნდი ივანწმინდაში საკმაოდ ძლიერად თამაშობს და 11 მატჩში 27 ქულა აიღო, ამასთან, მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

არის შანსი, “დინამომ” ამ ტურშივე გაინაღდოს ჩემპიონობა: თუ თავად მოიგებს და ამავდროულად, ვერც ‘სამტრედია” გაიმარჯვებს და ვერც – “დილა”. ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ორივენი უმოტივაციო გუნდებს (ცხრილის თვალსაზრისით) ხვდებიან. გია ცეცაძის “სამტრედია” “ცხინვალს” დაუხვდება, ხოლო “დილა” ქობულეთში “შუქურას” ესტუმრება.

“დილა” ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც სტუმრად უფრო მეტი ქულა აქვს მოგროვებული, ვიდრე შინ. გორელებმა ბევრი ქულა გაფანტეს ისეთ შეხვედრებში, რომელშიც აშკარა ფავორიტებად ითვლებოდნენ, თუმცა საამაყოდ დარჩებათ “დინამოსთან” ორი გამარჯვება.

“საბურთალო” ფოთის “კოლხეთს” ეთამაშება, რომელმაც წინა ტურში “ჩიხურას” 2:0 დამარცხებით თითქოს თავი დააღწია საშიშ ზონას, მაგრამ მაინც მართებს სიფრთხილე. საბურთალოელებს გოლები საკმაოდ გააქვთ, თუმცა ბევრსაც უშვებენ, აი, “კოლხეთი” კი – პირიქით, იშვიათად, რომ მათი მონაწილეობით უხვგოლიანი მატჩები გამოერიოს.

ქუთაისის “ტორპედო” ცხრილის შუაში ტრიალებს და ამჯერად სამი ქულის მოპოვებას “გურიასთან” ეცდება. არადა, როგორ სჭირდებათ გურულებს ქულები: მართალია, წინა ტურში ბათუმელებს სძლიეს, მაგრამ ჯერ გადარჩენაზე ლაპარაკი ნაადრევია.

“სიონი”-“დინამო” (ბათუმი): ორივე გუნდს რამდენიმე დღის წინ შეეცვალა მწვრთნელი. ბოლნისელებს ვარლამ კილასონიას ნაცვლად არმაზ ჯელაძე უთავკაცებს, ხოლო ბათუმელებმა შოთა ჭეიშვილის ნაცვლად ლევან ხომერიკი დანიშნეს. დებიუტის მოგებით დაწყება, აბა, ვის არ ენდამება?!

ისე კი, რთული დრო უდგათ ბათუმელებს – ბოლო 4 მატჩი წააგეს და ევროტურნირებზე გასვლის თითქმის ყველანაირი შანსი დაკარგეს. აი, ‘სიონს” კი ევროსაგზურის მოპოვების ორივე გზა აქვს დარჩენილი: ჩემპიონატის გარდა, თასის ნახევარფინალში არიან გასულები და იქ “ვიტ ჯორჯიას” ხვდებიან.

15 აპრილი

19:00. “მიხეილ მესხი”

ლოკომოტივი (თბილისი) – მერანი (მარტვილი)

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

16 აპრილი

16:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი)

მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი

16:00. ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”

სიონი (ბოლნისი) – დინამო (ბათუმი)

მსაჯი: ლ. სილაგავა

დისკვალიფიკაცია: გოგობერიშვილი, გვალია (ორივე – სიონი), კომაზეცი (დინამო ბთ)

17 აპრილი

16:00. თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო

საბურთალო (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი)

მსაჯი: ა.ბასლეჰლო

დისკვალიფიკაცია: კოხრეიძე (საბურთალო)

16:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”

სამტრედია – ცხინვალი

მსაჯი: გ.დოგრაშვილი

დისკვალიფიკაცია: კაკუბავა (ცხინვალი)

16:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”

შუქურა (ქობულეთი) – დილა (გორი)

მსაჯი: ბ.ნინუა

დისკვალიფიკაცია: ჯიოევი (შუქურა), ღონღაძე (დილა)

16:00. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”

გურია (ლანჩხუთი) – ტორპედო (ქუთაისი)

მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი

დისკვალიფიკაცია: ჩადუნელი (გურია), წილოსანი, მირცხულავა (ორივე – ტორპედო)

16:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”

საპოვნელა (თერჯოლა) – ზუგდიდი

მსაჯი: გ.ყრუაშვილი

ამ წყვილების მატჩები პირველ წრეში:

კოლხეთი – საბურთალო 1:0

მერანი – ლოკომოტივი 0:3

ცხინვალი – სამტრედია 1:0

დინამო (ბათუმი) – სიონი 3:5

დილა – შუქურა 1:3

ზუგდიდი – საპოვნელა 2:1

დინამო (თბილისი) – ჩიხურა 2:0

ტორპედო – გურია 2:1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114298