კალათბურთი

11:14 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ რეგულარული 8 ქულითა და 12 მოხსნით დახურა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ რეგულარული ჩემპიონატი შინ „სან ანტონიოსთან“ მარცხით დაასრულა, თუმცა ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა თითქმის არ ჰქონდა. დალასელები დასავლეთ კონფერენციაში წაგების შემთხვევაშიც მე-6 ადგილს იკავებდნენ, რადგან ამ ადგილის კონკურენტი „მემფისი“ ოკლენდში თამაშობდა, სადაც „გოლდენ სტეიტს“ სეზონის სარეკორდო, 73-ე გამარჯვების მოპოვებას ეშურებოდა და ეს ასეც მოხდა.

რეგულარულის ბოლო მატჩში ფაჩულიამ 8 ქულა, 12 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ზაზას სეზონის 26-ე ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა.

დალსელებმა ბოლო წუთებზე წააგეს, თუმცა სათქმელია, რომ „სან ანტონიოს“ აკლდა წამყვანი მოთამაშეები - კავაი ლეონარდი, ტიმ დანკანი, ლამარკუს ოლდრიჯი, ტონი პარკერი, დავიდ ვესტი... რომლებიც მწვრთნელმა დაასვენა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 91:96, რაშიც ლომის წილი სფურსის სერბმა გოლიათმა ბობან მარიანოვიჩმა დაიდო 22 ქულა - 12 მოხსნით. დალასელთაგან 22 ქულით რეიმონდ ფელტონი გამოირჩა, დირკ ნოვიცკიმ 19 დააგროვა, დერონ უილიამსის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

დალასმა სეზონი 42 მოგებითა და 30 მარცხით დაასრულა. პლეი ოფში ტეხასელები „ოკლაჰომა სიტი სანდერს“ შეხვდებიან. მომდევნო წრეში ის გუნდი გავა, რომელიც სერიაში 4 გამარჯვებას მოიპოვებს. მოედნის უპირატესობა ოკლაჰომელებს აქვთ, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი 55 მოგებითა და 27 მარცხით, დასავლეთ კონფერენციის მე-3 საფეხურზე დაასრულეს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129333