ფეხბურთი

10:53 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

23-ე ტურის წინ: “დინამო”-"ტორპედო” და კიდევ შვიდი

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის “დინამო” თითქმის უკვე ჩემპიონია და მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის “ტორპედო” ცხრილის შუაშია, მათი დაპირისპირება ცენტრალურია. და არა მხოლოდ 23-ე ტურში, ზოგადად, თუ განსაკუთრებული სატურნირო მდგომარეობა არაა, მთელ წრეში ყველაზე პრინციპული მეტოქეობა ამ გუნდებს შორისაა.

დინამოელებს 22 ტურში 19 მოგება აქვთ და ზოგჯერ რთულად, მაგრამ მაინც იმარჯვებენ. რაც შეეხებათ ქუთათურებს, მეორე წრის საწყისი ტურები კარგად ჩაატარეს, მაგრამ ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღეს და გოლი არ გაუტანიათ. ამ გუნდების დაპირისპირება ქუთაისში, პირველ წრეში 1:1 დასრულდა – ბოლოს ბაჩანა არაბულმა გაათანაბრა, მანამდე კი ქუთათურები დათა სიჭინავას გოლით იგებდნენ.

თუმცა იყო სათასო დაპირისპირებებიც: მეოთხედფინალში დინამოელებმა ორივე შეხვედრა მოუგეს ტორპედოელებს – 1:0, 2:1.

“ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი შეუძლოდ გახლავთ, გულის პრობლემები აქვს და გუნდს დროებით უხელმძღვანელებენ მისი თანაშემწეები, მიხეილ აშვეთია და გიორგი სუხიაშვილი. აშვეთია ის ფეხბურთელი იყო, რომელსაც არაერთხელ გაუხარებია “დინამოს” და განსაკუთრებით, “ტორპედოს” გულშემატკივრები.

გულშემატკივრები ვახსენეთ და იმედია, ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის. ცნობილია, რომ ამ ორი გუნდის ქომაგებს შორის მაინცდამაინც შეხმატკბილებული დამოკიდებულება არაა.

...6 მოგება, 1 ფრე – ასეთია “სამტრედიას” მონაგარი მეორე წრეში. გია ცეცაძის გაწვრთნილები შედეგიან ფეხბურთსაც თამაშობენ, გოლები მრავლად გააქვთ და მეორე პოზიციაზე არიან. ამჯერად სამტრედიელები ბათუმის ‘დინამოს” დაუხვდებიან, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს ევროტურნირებზე გასვლის შანსი. ისე, პირველ წრეში ბათუმელებმა 2:0 სძლიეს სამტრედიელებს.

...კარგ ფორმაშია “ჩიხურაც”, ბოლო 4 ტურში 10 ქულა აიღეს და “ცხინვალთან” შინ ფავორიტები არიან. კახა კაჭარავას “ცხინვალი” ისეთი ვეღარ არის, როგორიც პირველ წრეში: “როსტოვში” წასული ნიკა კაჭარავას შეცვლა ვერ მოხერხდა.

...ლეგიონერებით სავსე “გურია” “დილას” უმასპინძლებს. გუნდებს სხვადასხვა მიზნები აქვთ: ლანჩხუთელებს უმაღლესში დარჩენა, ხოლო გორელებს – ევროსაგზურის მოპოვება. ამ შეხვედრაში შედგება თემურ მახარაძის დებიუტი “გურიას” თავკაცის პოსტზე. ლანჩხუთელები საკმაოდ ხშირად იცვლიან მწვრთნელებს და ვნახოთ, მახარაძე როგორ გაამართლებს. რთული მისია კი აკისრია.

...ზედიზედ სამი ფრის შემდეგ, ბოლნისის “სიონი” შინ ეცდება “ზუგდიდის” დამარცხებას. ბოლნისელებს წამყვანი ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი დააკლდებათ, თუმცა თუ ევროტურნირებზე გასვლა სურთ, აუტსაიდერთან ქულები არ უნდა დაკარგონ. თავის მხრივ, ზუგდიდელებიც იბრძოლებენ, მათთვის თითოეული ქულა შესაძლოა ძალიან ფასეული გამოდგეს.

...მეორე წრე თითქოს კარგად დაიწყო “მერანმა”, თუმცა მარტვილელებმა ბოლო ოთხ მატჩში ერთხელაც ვერ მოიგეს და ისევ საშიშ ზონაში ტრიალებენ. ვნახოთ, ქობულეთში “შუქურასთან” როგორ ითამაშებენ. “შუქურა” ცხრილის შუაშია და სავარაუდოდ, იქვე დაასრულებს ჩემპიონატს.

...სატურნირო თვალსაზრისით იგივე უნდა ითქვას ‘საპოვნელა”-“საბურთალოს” მატჩზეც. საბურთალოელებმა ესპანელი პაბლო ფრანკოს თავკაცობით გამოასწორეს თამაში და სამ ტურში შვიდი ქულა აიღეს. თერჯოლელებს მეტი მოტივაცია ექნებათ (ცხრილის მიხედვით), რადგან ბოლოდან მესამე ადგილზე არიან. იმერლებს ბოლო სამ ტურში არ წაუგიათ.

...მეორე წრეში არ მოუგია თბილისის “ლოკომოტივს”, რომელმაც ესპანეთში გაიარა შეკრება და შემადგენლობაც მოაძლიერა. როდისღა უნდა მოიგონ? წინა ტურში “საპოვნელას” ვერ სძლიეს, ახლა კი ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლებენ და მორიგი ფეხის დაცდენა, შესაძლოა, სანანებელი გაუხდეთ. ისე, ფოთელები 10 ქულით არიან დაშორებულნი საშიშ ზონას.

6 აპრილი. 16:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”

სამტრედია -დინამო (ბათუმი)

დისკვალიფიკაცია: ვალერიან თევდორაძე (დინამო ბთ)

მსაჯი: ა.ნონიკაშვილი

6 აპრილი. 16:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”

ჩიხურა (საჩხერე) - ცხინვალი

დისკვალიფიკაცია: ლაშა ჯაფარიძე (ცხინვალი)

მსაჯი: ჯ.ხორავა

6 აპრილი. 16:00. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”

გურია (ლანჩხუთი) - დილა (გორი)

დისკვალიფიკაცია: ირაკლი კვეკვესკირი (გურია)

მსაჯი: ლ.სილაგავა

6 აპრილი. 16:00. ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”

სიონი (ბოლნისი) - ზუგდიდი

დისკვალიფიკაცია: ვარლამ კილასონია, დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე - სიონი)

მსაჯი: გ.კიკაჩეიშვილი

6 აპრილი. 16:00. ქობულეთი. „ჩელე არენა“

შუქურა (ქობულეთი) - მერანი (მარტვილი)

მსაჯი: შ.ქუხილავა

6 აპრილი. 16:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”

საპოვნელა (თერჯოლა) - საბურთალო (თბილისი)

დისკვალიფიკაცია: ელვინ ტერა (საბურთალო)

მსაჯი: ი.კვირიკაშვილი

6 აპრილი. 18:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”

ლოკომოტივი (თბილისი) - კოლხეთი (ფოთი)

მსაჯი: ლ.კვარაცხელია

6 აპრილი. 18:00. თბილისი. „დინამო არენა”

დინამო (თბილისი) - ტორპედო (ქუთაისი)

მსაჯი: გ.ვადაჭკორია

0.114336