კალათბურთი

12:14 | 31.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” “იუტას” ოვერტაიმში აჯობა (+VIDEO)

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “იუტა ჯაზს” ოვერტაიმით 103:96 მოუგო. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 15 წამით ადრე “იუტა” “მეომრებს” 89:86 ამარცხებდა. თუმცა კლეი ტომპსონმა სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც სტეფ კარის და დრეიმონ გრინის კარგი თამაშის წყალობით “ოქროს შტატელებმა” 14:7 იმარჯვეს.

“იუტას” მარცხის მთავარ ფაქტორად შეგვიძლია საჯარიმოების სროლა ჩავთვალოთ. “ჯაზმენების” კალათბურთელები შეხვედრაში საჯარიმო ხაზთან 29-ჯერ დადგნენ და მხოლოდ 13 ბურთი მოათავსეს კალათში, რაც ნებისმიერი საკალათბურთო ლიგისთვის ძალიან დაბალი შედეგია. მატჩის საუკეთესო მოთამაშე 31 ქულით სტეფ კარი გახლდათ.

“გოლდენ სტეიტმა” 75 შეხვედრიდან 68 მოიგო და 7 წააგო. 1995/96 წლების “ჩიკაგოს” რეკორდის (72 მოგება, 10 წაგება) გასაუმჯობესებლად “მეომრებს” დარჩენილი 7 შეხვედრიდან 5-ის მოგება სჭირდებათ. 7-დან 5 მატჩს “ოქროს შტატელები” საკუთარ დარბაზში გამართავენ. მომდევნო დაპირისპირებაში სტივ კერის შეგირდები შინ “ბოსტონს” შეხვდებიან, თამაში 2 აპრილს თბილისის დროით 06:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120323