რაგბი

1:17 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პარიზული დრამა და მჭედლიძის ლელო (+VIDEO)

საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-19 ტურის შემდეგ, პრაქტიკულად გამოიკვეთა ის გუნდები, რომლებიც საჩემპიონო ექვსეულში მოხვედრის მთავარი პრეტენდენტები არიან.

შაბათს, პარიზში, ერთმანეთს „ორი ბობოლა“ - „რასინგ 92“ და „ტულონი“ დაუპირისპირდა. სტუმრებმა ამ შეხვედრისთვის ლიდერების დასვენება გადაწყვიტეს და პარიზს შესუსტებული შემადგენლობით ეწვივნენ. საწყის წუთბზე თითო ჯარიმის გაცვლის შემდეგ, სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ მე-16 წუთზე სტუმართა კვაჭმა ორიოლიმ გადაცემა ჩაჭრა და დელონ არმიტიჯმა კონტრშეტევაზე ლელო დადო. მიშალაკმა გარდასახვა ვერ გამოიყენა, თუმცა სამ წუთში ჯარიმა შეაგდო და ტაიმიც „ტულონმა“ 8-ქულიანი უპირატესობით, 11:3 მოიგო.

მეორე ტაიმის დებიუტი ისევ სტუმრების იყო, 48-ე წუთზე „რასინგმა“ ცენტრში დაკარგა ბურთი ამჯერად კონტრშეტევა ლელოთი თეო ბელენმა დაასრულა, ხოლო მიშალაკმა კარის წინიდან გარდასახა და უპირატესობა სოლოდური გახადა - 18:3. მასპინძები დანებებას არ აპირებდნენ, 59-ე წუთზე დენ კარტერმა ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ხოლო დასკვნით მეოთხედში პარიზელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 73-ე წუთზე რამოდენიმე მიძალების შემდეგ ვენსელ ლორენი ორ მცველს შორის ლელოს მიწვდა. 77-ე წუთზე მოედნის ცენტრში მასპინძლებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს, მაშენომ ბურთი სწრაფად გაითამაშა და 40 მეტრიანი რეიდი წამოიწყო, მცველები თვისკენ მიიზიდა და შებრუნებული პასით კარტერი ლელოში შეუშვა. ზელანდიელმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და პარიზში საზეიმო განწყობამ დაისადგურა, მაგრამ ამ დროს სცენაზე იტალიელი ვეტერანი ბურჯი მარტინ კასტროჯოვნი გამოჩნდა, კიკოფზე უწყინარ სიტუაციაში ჰაერში ამხტარ სუთას, რომელსაც ბრურთზე თამაშის შანსიც კი არ ჰქონდა, ბლოკი დაუყენა და სტუმრებს ჯარიმა აჩუქა. ფრედერიკ მიშალაკს 38 მეტრიდან ფეხი არ აკანკალებია და მასპინძლები პირში ჩალა გამოვლებული დატოვა - 21:20 „ტულონის“ სასარგებლოდ.

შეხედრა ძირითადში დაიწყო მეორე ხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ, იგი 71-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ 2 წუთში დაშავებული თანაგუნდელის ნაცვლად გასახდელიდან მოაბრუნეს, თან ისე, რომ ფორმის წესრიგში მოყვანა ვერც მოასწრო. შეტევაში 3 მიძალებაზე მან 8 მეტრით წაწია ბურთი, ერთი ეპიზოდში კი, მეტოქის დერეფანიც მოიგო. ბევრს აქტიურობდა რაქებში და 2-ჯერ მოახერხა ბურთის მოწინააღმდეგისთვის აღლეტვა, 7 ბოჭვა შეასრულა და 3 გაუცუდდა. კვაჭი იური ნატრიაშვილი შეხვედრაში 70-ე წუთიდან ჩაერთო და დაცვაში ერთი ბოჭვა შეასრულა, ხოლო შეტევაში ერთი მიძალებით ერთი მეტრით წაიწია. სტუმართა განაცხადში არ იყვნენ მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა, ხოლო მასპინძელთა შორის არ უთამაშია დავით ხინჩაგიშვილს.

პარიზელთა მარცხით ისარგებლა „მონპელიემ“, რომელიც სტუმრად აუტსაიდერ „აჟენს“ ეთამაშებოდა. მაპსინძლებმა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ ტაიმში მოახერხეს და ამ პერიოდში 3 ქულით ჩამორჩნენ - 7:10. შესვენებისას „მონპელიემ“ ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა, მათ შორის თამაშში ჩაერთვნენ მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი და მათი მონაწილეობით დაძრულმა მოლმა, 48-ე წუთზე ლელოს უწია. ბურთი დუ პლესმა დაამიწა. 53-ე წუთზე ეს 7 ქულა „აჟენმა“ საჯარიმო ლელო-გარდასახვით გაქვითა, მაგრამ მალევე დუ პლესმა დუბლი მიითვალა, ხოლო 66-ე წუთზე თავი ნაგუსამ გამოიჩინა.

მერე თამაზ მჭედლიძის დრო დადგა - ქართველი შუამარბი შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა, 74-ეზე რაქიდან გამოსული ბურთი კარის წინ 28 მეტრში მიიღო, დაქნევით მცველები დააბნია, ხაზი სუფთად გაჭრა და ლელო ძელებსშუა დაამიწა (VIDEO). „აჟენს“ პრემიალური ქულის აღების შანსი გაუჩნდა, მაგრამ საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეტევის დაწყების მცდელობისას შეცდა, ნაგუსამ გადაცემა ჩაჭრა და დუბლი მიითვალა, ხოლო „გაწითლებულ დროზე“ „მონპელიემ“ მეტოქე მეექვსედ დაალელოვა და პრემია თავად ჩაიწერა - 45:21.

მჭედლიძემ იმ 17 წუთში, რაც მოედანზე გაატარა, 6 შეტევაში 42 მეტრი ირბინა და ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში მესამე ლელო გაიტანა, ერთხელ გაჭრა ხაზი და ერთ მეტოქეს დაუსხლტა. დაცვაში მან ერთი ბოჭვა შეასრულა. სტუმართა ქართველმა ბურჯებმა, რომლებმაც მეორე 40 წუთი ითამაშეს, „მონპელიეს“ შერკინებაში დიდი უპირატესობა მოუტანეს, რაც დიდი სხვაობით გამარჯვებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ნარიაშვილი დაცვაშიც კარგად გამოიყურებოდა და 6-ჯერ შებოჭა მეტოქე, ხოლო ქუბრიაშვილს 6 შესრულებულ ბოჭვასთან ერთად, 4 ბოჭვა გაუცუდდა.

ცხრილის შუაში, ერთმანეთის მეზობლად მყოფი „ბრივი“ და „კასტრი“ პირველის მოედანზე შეიბნენ. პირველ ტაიმში სტუმართა ორ ჯარიმას მასპინძლებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს - 3:6. მეორე ტაიმის 57-ე წუთისთვის პირველი ტაიმის სცენარი განმეორდა - სტუმრებმა 2 ჯარიმა გაიტანეს, მასპინძლებმა ერთი [6:12]. 62-ე წუთზე „კასტრი“ კაცნაკლული დარჩა, რითაც „ბრივმა“ 2 წუთში ისარგებლა და დემიენ ჟურდელის ლელოთი და ჯიტან ჯერმენის გარდასახვით ლიდერობა მოიპოვა. 70-ე წუთისთვის მასპინძლები სტატუს ქვოს ინარჩუნებდნენ, რადგან გუნდებმა თითო ჯარიმა გაცვალეს, თუმცა სტუმრებმა 78-ე წუთზე დადებული ლელოთი თითქოს გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვეს.

მაგრამ მასპინძლები არ დანებდნენ, სტუმრებს მიეძალნენ და გაწითლებულ დროში ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტი იყო და საბოლოოდ 23:22 იმარჯვეს. ამრიგად, „ბრივმა“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და პლეი ოფში გასვლის მცირედ შანსს ინარჩუნებს. მასპინძელთა რიგებში სათადარიგო იყო ბურჯი კარლენ ასიეშვილი, რომელიც შეხვედრაში 50-ე წუთზე ჩაერთო. მიუხედავად დიდი მონდომებისა, მან 4 მიძალებაზე მეტრიც ვერ მოიგო, დაცვაში ერთი ბოჭვა შეასრულა და მსაჯმა ერთხელ დააჯარიმა. გიორგი ჟღენტი და გოდერძი შველიძე განაცხადში არ იყვნენ.

შაბათის კიდევ ერთ შეხვედრაში „პომ“ გასავარდნად განწირული „ოიონაქსი“ 25:6 დაამარხა. გიორგი ნაცარაშვილი გამარჯვებული გუნდის განაცხადში არ იყო. ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის გარეშე „გრენობლთან“ სტუმრად 23:39 დამარცხდა „ლა როშელი“.

ლიდერობა განიმტკიცა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონმა“, რომელიც მასპინძელ „ბორდოსთან“ მეორე ტაიმის დებიუტში 0:19 აგებდა, მაგრამ გარდატეხის შეტანა შეძლო და საბოლოოდ 24:19 იმარჯვა. ქართველი ლეგიონერები ცნობილი მიზეზების გამო განაცხადში ვერ იქნებოდნენ.

მოქმედი ჩემპიონი „სტად ფრანსე“ „ტულუზს“ ეწვია და უშანსოდ, 3:36 დამარცხდა. სტუმართა ადრეულ ჯარიმას, მასპინძლებმა ჯერ ჯარიმით უპასუხეს, მერე კი, ხუთი ლელო დადეს და ოთხი გარდასახვა გამოიყენეს. „სტად ფრანსეს“ ქართველი ქარიზმატული ბურჯი ზურაბ ჟვანია ძირითადში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს. მან თავის ჩვეულ სტილს არ უღალატა და ამჯერადაც გაანებივრა გულშემატკივარი ბურჯისთვის არადამახასიათებელი თვისებებით. ზურაბმა შეხვედრის მეცამეტე წუთზე მოედნის ცენტრში მოიხელთა ბურთი და ფეხით შეიცურა მოწინააღმგედიგს 22 მეტრიანი ზონისკენ, მაგრამ მაქსიმ მედარმა წამით დაასწრო და ქართველს ლელოს დადების რეალური შანსი წაართვა. არაორდინალური ქმედებების გარდა, ჟვანია პირდაპირ მოვალეობასაც კარგად ართმევდა თავს, მეტოქე ორჯერაც დააჯარიმა, მაგრამ საერთო სურათი ერთეული გამონათებებით არ შეცვლილა. განაცხადში არ იყვნენ მასპინძელთა ბურჯი ვასილ კაკოვინი და სტუმართა ახალგაზრდა ბურჯი გიორგი მელიქიძე.

ტოპ 14. XIX ტური

რასინგი 92 - ტულონი 20:21

ბრივი - კასტრი 23:22

გრენობლი - ლა როშელი 39:23

აჟენი - მონპელიე 21:45

პო - ოიონაქსი 25:6

ბორდო - კლერმონი 19:24

ტულუზი - სტად ფრანსე 36:3

1.

კლერმონი

19

13

1

5

538:327

66

12

2.

ტულონი

19

12

0

7

577:347

61

13

3.

მონპელიე

19

13

0

6

537:423

60

8

4.

რასინგ 92

19

13

1

5

417:383

60

6

5.

ბორდო

19

11

2

6

409:344

53

5

6.

ტულუზი

19

10

2

7

493:304

53

9

7.

კასტრი

19

9

0

10

431:382

45

9

8.

ბრივი

19

9

1

9

356:381

43

5

9.

გრენობლი

19

9

0

10

476:528

42

6

10.

ლა როშელი

19

8

0

11

416:442

40

8

11.

პო

19

8

1

10

310:470

37

3

12.

სტად ფრანსე

19

7

0

12

359:444

31

3

13.

ოიონაქსი

19

4

0

15

315:631

18

2

14.

აჟენი

19

3

0

16

377:605

16

4

XX ტური. 1-3 აპრილი

მონპელიე - ბრივი, კასტრი - ტულუზი, აჟენი - პო, ოიონაქსი - გრენობლი, ლა როშელი - სტად ფრანსე, ბორდო - რასინგ 92, ტულონი - კლერმონი

თამაზ მჭედლიძის ლელო (VIDEO)

გიორგი ბეჭვაია

www.worldrugby.ge

0.112112