ფეხბურთი

23:01 | 28.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “ნიჭი არის, ყველა პოზიციაზე ბალანსია საჭირო”
“იმედია, იღბლიანი იქნება კალამი, რომლითაც ხვალ სასტარტო შემადგენლობას დავწერ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გულღიად ისაუბრა პრესკონფერენციაზე. რეალისტი კაცია და არც ცაში დაფრინავს, არც წუწუნებს და ხელს სხვა ფაქტორებისკენ არ იშვერს.

საქართველო-ყაზახეთი 29 მარტს, 21:00 საათზე, თბილისის “დინამო არენაზე” – აქ შედგება სლოვაკი მწვრთნელის დებიუტი საქართველოს ეროვნულ გუნდში.
შთაბეჭდილებები ერთი კვირის თავზე: “ერთი კვირის თავზე იმას ვიტყვი, რომ ქართველი ფეხბურთელები ნიჭიერები არიან, მაგრამ უნდა დავიცვათ ბალანსი რგოლებს შორის. მოსამზადებელ პერიოდში ბევრი პოზიტიური რამ გამოჩნდა და იმედია, ასეც გაგრძელდება. ამხანაგურ მატჩებში კარგი თამაში მნიშვნელოვანია, რათა შესარჩევ ციკლშიც გადავიტანოთ”.
ტაქტიკაზე: “ყველა მწვრთნელს აქვს თავისი ხედვა. შემტევი ფეხბურთის დროს მოგების მეტი შანსია. საერთოდ, ხშირად ვცვლი ტაქტიკას თამაშის დროს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მზად არიან ფეხბურთელები ამა თუ იმ შეხვედრისთვის. არ დავმალავ, რამდენიმე ფეხბურთელი სრულ, 100-პროცენტიან მზადყოფნაში არაა. მაგალითად, ლევან მჭედლიძე, რადგან სათამაშო დრო ცოტა აქვს “ემპოლიში”. ჩემი მიზანიც სწორედ ისაა, რომ სისტემაში ყველას მოვუძებნო ადგილი. რა თქმა უნდა, ცხადაძის მწვრთნელობისას ჩატარებული მატჩები ვნახე და უნდა ვთქვა, უკრაინასთან, ირლანდიასთან, გერმანიასთან კარაგდ ითამაშეს ქართველებმა, პოლონეთთანაც კი, სანამ ბოლო წუთებზე სამ გოლს გაუშვებდნენ. რაღაც აკლდებოდა ნაკრებს და სწორედ ეს უნდა გამოვასწოროთ”.
ფეხბურთელების გადაწყობა: “უნივერსალიზმი ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. კარგია, როცა მოთამაშეს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია გამოსვლა და კარგია, რომ ასეთები არიან საქართველოს ნაკრებში. ამას უფრო შემტევ ფეხბურთელებზე ვამბობ, რადგან ასეა მსოფლიოშიც: ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი – მათ შეუძლიათ როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე თამაში. იმედია, იღბლიანი იქნება ის კალამი, რომლითაც ყაზახეთთან მატჩისთის შემადგენლობას დავწერ. ეს ნაკრებია. კლუბი რომ იყოს და მუდმივად ერთად უწევდეთ თამაში, საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობით მაგარი კლუბი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთელები თავიანთ კლუბში თამაშობენ, სადაც სხვადასხვა ტაქტიკურ მონახაზში ჯდებიან და აქ, ნაკრებში უნდა მოვარგოთ საჭირო ტაქტიკას”.
ანანიძის პოზიციაზე: “ცხადაძე სამი ცენტრალური მცველით თამაშობდა, ანანიძე კი საყრდენი იყო და ნახევარდაცვაშივე, ზურგს უმაგრებდა ჯაბა კანკავა. ჯანომ კარგად ითამაშა შოტლანდიასთან, თუმცა მე მას უფრო შემტევად ვხედავ. ის 70 პროცენტით შემტევია, 30 პროცენტით – ჩამშლელი. ვფიქრობ, ანანიძეს თავისი პოტენციალი არ გამოუვლენია, რისი მიზეზი ხშირი ტრავმებიც იყო და კლუბშიც იშვიათად უწევდა თამაში. იმედი მაქვს, მოუმატებს და ქომაგებს გაახარებს”.
ნაკრებს მიღმა დარჩენილებზე: “კარი არავისთვის დამიკეტავს. ასაკს არ ვუყურებ, თუ კარგ ფეხბურთელს ეხება საქმე. ვფიქრობ, მარტო ახალგაზრდებით ძლიერი ნაკრები ვერ გაკეთდება და ცდება ის, ვინც ასე ფიქრობს. მაგალითად, გოგიტა გოგუას “სატურნში” მუშაობიდან ვიცნობ და ვიმეორებ, არავისთვის დაკეტილა კარი. ალეკო ამისულაშვილი 34 წლისაა, მაგრამ 120 პროცენტით იხარჯება ვარჯიშებზე. ამისულაშვილი, გურამ კაშია და კანკავა როგორი მიდგომითაც არიან ვარჯიშებზე, იმედია, ყველა ასე დაიხარჯება”.
როგორ ათამაშებდა ნაკრებს ესპანეთთან, ხვალ ყაზახეთის ნაცვლად ესპანეთი რომ იყოს მეტოქე: “როცა ესპანეთს ეთამაშები, ნახევარდაცვას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმო. ბურთის შენარჩუნებას ვეცდებოდით. როგორც ესპანელებს, ასევე ქართველებსაც უყვართ ბურთის ფლობა. ამით ერთმანეთს ჰგვანან. ზოგჯერ ეს კარგია, ზოგჯერ – ცუდიც. ესპანეთთან აუცილებლად დავაყენებდი მჭედლიძეს, რადგან ბურთის დამჭერი თავდამსხმელია, ისე კი, შესაძლოა, სულაც ფორვარდის გარეშე გამეყვანა გუნდი. ისე კი, ესპანელებამდე ჯერ ადრეა, მანამდე ორ თვეზე მეტია დარჩენილი. ჯერ მთლიანად ყაზახეთთან მატჩზე ვფიქრობ”.
ყაზახეთის ნაკრებზე: “აზერბაიჯანთან კარგად ითამაშეს და 3:0 მოგებაც შეეძლოთ, თუმცა შეიძლებოდა 1:1-იც დასრულებულიყო. ყაზახების მოგება არ გამკვირვებია, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანაში ფეხბურთი წინ მიდის. ყაზახურ “ქაირათში” სამი მშვენიერი სეზონი გავატარე და ყოველთვის თბილად მემახსოვრება იქაურობა. ისე წამოვედი, დამშვიდობებაც ვერ მოვახერხე, მაგრამ მოკითხვა მინდ ამათ გადავცე. ისე, როგორც მე ვიცნობ ყაზახურ ფეხბურთს, ისინიც ისე მიცნობენ, ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ნაკრებს ცნობადობის მხრივ უპირატესობა ექნება”.
21-წლამდელებიდან დაწინაურებულ ფეხბურთელებზე: “ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია და ნიკა კაჭარავა გადმოვიყვანეთ. მათ აქვთ რესურსი, რომ ნაკრებში მყარად დაიმკვიდრონ ადგილი. გეტყვით, რომ ამ სამი ფეხბურთელიდან ორნი ყაზახეთთან სასტარტოში იქნებიან”.

“დიდი მადლობა საინტერესო და საქმიანი შეკითხვებისთვის” – ვაისმა ჟურნალისტებიც შეაქო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.172313