ჭიდაობა

23:53 | 9.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ბრინჯაო

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რეპეშაჟის ფინალში მან უკრაინელ ვალერი ანდრიიცევს 3:1 მოუგო.

ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი ოდიკაძემ მეოთხედფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან – რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ბოლტუკაევთან მარცხით (0:12). იქამდე ორი მეტოქე ჩამოიშორა: შვეიცარიელი ფილიპ მარსელ ჰატერი (10:0) და სლოვაკი იოზეფ იალოვიარი (11:0). ბრინჯაოს გზაზე კი, ანდრიიცევთან დაჭიდებამდე პოლონელ რადოსლავ ბარანს 5:1 აჯობა.

დღესვე კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები 65 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ზურაბ იაკობიშვილი ჩაერთო და პოდიუმამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. რეპეშაჟის ფინალში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრების წევრ ისრაილ კასუმოვს პირველი პერიოდის შემდეგ 4:1 უგებდა, მაგრამ მეორე სამწუთეულში 12 ქულა ისე დაკარგა, თავად ერთიც ვერ აიღო და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

ძირითად ბადეში იაკობიშვილმა რუმინელი გეორგე ბუკურის 4:1 ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში თურქ მუსტაფა კაიასთან 1:7 წააგო. რეპეშაჟში კი, "ბრინჯაოს ფინალამდე” სლოვენიელი დავიდ ჰაბატი ჩამოიშორა (6:0).

ოთხი წონითი კატეგორიის საერთო შედეგებით, რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე ორი ბრინჯაოა. გუშინ პოდიუმის მესამე საფეხურზე დავით მარსაგიშვილი (86 კგ) ავიდა.

ხვალ ლატვიურ ხალიჩაზე მედლების მორიგი ორი კომპლექტი გათამაშდება. 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩაებმება. 74 კილოგრამში კი იაკობ მაქარაშვილი იჭიდავებს. წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

რიგა

9 მარტი

65 კგ

1 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

2 მუსტაფა კაია (თურქეთი)

3 სემენ რადულოვი (უკრაინა)

3 ისრაილ კასუმოვი (რუსეთი)

5 ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო)

97 კგ

1 ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)

2 ივან იანკოვსკი (ბელარუსი)

3 ერიკ სვენ ტიელი (გერმანია)

3 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120385