ფეხბურთი

11:53 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვინ არიან სენსაციური წარმატების მთავარი შემოქმედნი?

პრემიერლიგაში უკვე 29-ე ტური მიილია და გათამაშების ლიდერი კვლავ “ლესტერია”, რომელიც უახლოეს მდევარს “ტოტენჰემს” 5 ქულით უსწრებს.

გასულ სეზონში “ლესტერი” გავარდნას ბოლო ტურებში სასწაულით გადაურჩა და ზოგადად, ყველამ კარგად იცის, რომ ეს კლუბი მაღალი მიზნებისთვის არასდროს იბრძოდა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა, “ლესტერი” 29-ე ტურისთვის ჩემპიონატის გამოკვეთილი ლიდერი იქნებაო, ალბათ ყველა გიჟად ან ფეხბურთში არაკომპეტენტურ პიროვნებად ჩათვლიდა. თუმცა, რეალობა სწორედ ასეთია – “ლესტერი” საოცარ წარმატებასთან საკმაოდ ახლოსაა და ასე თუ განაგრძო, ნამდვილად უდიდესი სენსაციის მომსწრენი გავხდებით, რომლის მსგავსიც 21-ე საუკუნეში ალბათ არ ყოფილა.

მოცემულ სტატიაში იმ ადამიანებზე ვისაუბრებთ, რომელთაც “მელიების” წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

ნაიჯელ პირსონი (“ლესტერის” ყოფილი მწვრთნელი”)

52 წლის სპეციალისტის წვლილი “ლესტერის” წარმატებაში ძალიან დიდია. სწორედ მან გადაიყვანა გუნდი პრემიერლიგაში, შემდეგ ადგილიც შეუნარჩუნა და საკმაოდ გამართულ ფეხბურთსაც ათამაშებდა.

გასული სეზონის ბოლოს“ლესტერი” შესანიშნავად სწორედ მის ხელში ათამაშდა და პრემიერლიგაში დარჩენაც მოახერხა. ბევრი თვლის, რომ ამ ფორმაციის გუნდის აწყობა პირსონმა დაიწყო და ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად ურევია.

ბენ რილგსვორტი (სკაუტი)

ამ ადამიანმა რიად მაჰრეზი და ნ’გოლო კანტე აღმოაჩინა და “მელიებს” ორივე მოთამაშის შეძენა მხოლოდ 7 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. დღეს ეს მოთამაშეები “ლესტერის” ლიდერები არიან და მათი სატრანსფერო ფასი რამდენჯერმეა გაზრდილი.

რილგსვორტის პროფესიონალიზმი კი უყურადღებოდ არ დარჩენილა, “არსენალმა” ბევრად კარგი პირობები შესთავაზა და თავისთან გადაიყვანა.

კასპერ შმეიხელი (მეკარე)

29 წლის მეკარე შესანიშნავად გამოიყურება და მისი კარგი თამაშის წყალობით “ლესტერმა” არაერთი საჭირო ქულა მოიპოვა. “მანჩესტერ სიტიდან” წასვლის შემდგომ, ლეგენდარული კიპერის შვილი ბევრმა ჩამოწერა, თუმცა კასპერმა კარგი თამაშით სკეპტიკოსები დაადუმა და წელს ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა პრემიერლიგაში. მან 29 მატჩში 31 ბურთი გაუშვა.

რობერტ ჰუტი და უეს მორგანი (ცენტრალური მცველები)

1984 წელს დაბადებული ცენტრალური მცველების დუეტი მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება და “ლესტერზე” ცოტა ბურთი მხოლოდ 5 გუნდს აქვს გაშვებული.

დაცვაში კარგი თამაშის გარდა, ჰუტი შეტევებშიც კარგად ერთვება და 3 გოლი აქვს გატანილი, აქედან ორი “მანჩესტერ სიტის” კარში. შეიძლება ითქვას, რომ ვეტერანი მცველების დუეტი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა პრემიერლიგაში.

ნ’გოლო კანტე (ცენტრალური ნახევარმცველი)

24 წლის ნახევარმცველი “მელიებმა” სეზონის დაწყების წინ 6.7 მილიონ ფუნტად გაიფორმეს “კაენიდან”. მალელი მოთამაშე შესანიშნავად მოერგო ახალ გუნდს და ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

ის მშვენივრად შლის მეტოქის შეტევებს, მოედნის კარგი ხედვა აქვს, შეტევების წამოწყება შეუძლია და ბურთის თრევაც იცის. მოკლედ, კანტე ძალიან სასარგებლო მოთამაშეა და მისით უკვე რამდენიმე სახელოვანი კლუბი ინტერესდება.

მან მიმდინარე პრემიერლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

დენი დრინკვოთერი (ცენტრალური ნახევარმცველი)

“მანჩესტერ იუნაიტედის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი მშვენიერ სეზონს ატარებს და “ლესტერის” ასეთი კარგი თამაში მისი დამსახურებაცაა.

ის შავ სამუშაოს ასრულებს და მასზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. დენი ძალიან მებრძოლი მოთამაშეა, სიხისტეც უყვარს, თუმცა ზომიერად. მას პრემიერლიგის 27 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

რიად მაჰრეზი (შემტევი ნახევარმცველი)

მიმდინარე პრემიერლიგის და ზოგადად მთლიანად 2015/2016 წლების საფეხბურთო სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მისით უკვე უამრავი გუნდია დაინტერესებული და “ლესტერს” მისი შენარჩუნება უკიდურესად გაუჭირდება, თუმცა “მელიები” ყველა ვარიანტში მოგებულნი დარჩებიან, რადგან 0.4 მილიონ ფუნტად ნაყიდ მოთამაშეს მინიმუმ 50 მილიონად გაყიდიან.

ალჟირელმა მოთამაშემ 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 10-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

ჯეიმი ვარდი (თავდამსხმელი)

ფეხბურთელი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ინგლისის მეხუთე დივიზიონში თამაშობდა, დღეს პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

ჯეიმი უკომპლექსო ფორვარდია, რომელსაც ნებისმიერი მანძილიდან, ნებისმიერ დროს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. ის ვერცხლისწყალივით მოძრავია და მთელი მატჩის განმალობაში უამრავ პრობლემას უქმნის მეტოქე მცველებს.

მან “ლესტერთან” კონტრაქტი გააგრძელა და სავარაუდოდ, “კინგ პაუერ სთედიუმზე” დარჩება.

მის ანგარიშზე 19 გოლი და 6 საგოლე პასია.

სხვა მოთამაშეები

აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, გამოსარჩევი არიან: ფუჩსი,სიმპსონი, ოლბრაიტონი, ოკაზაკი და ულოა.

პირველი ოთხი მოთამაშე ძირითადის წევრებად ითვლებიან, ხოლო ულოას უფრო შეცვლებიდან უწევს თამაში და ჯოკრის როლს ასრულებს.

ასევე საინტერესო მოთამაშეები არიან გიოკრან ინლერი, დემარეი გრეი, ნათან დაიერი და შლუპი, თუმცა “ლესტერის” წარმატებაში მათი წვლილი ზემოთნახსენებ მოთამაშეებზე ნაკლებია.

კლაუდიო რანიერი (მწვრთნელი)

64 წლის სპეციალისტი “ლესტერში” დანიშვნამდე საბერძნეთის ნაკრებში მუშაობდა და იქიდან უსახელოდ მოუწია წასვლა. ბევრი თვლიდა, რომ მის ხელში “ლესტერი” ცუდად ითამაშებდა და პრემიერლიგიდან გავარდებოდა, თუმცა რანიერიმ სკეპტიკოსები დაადუმა და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

მისი ხელმძღვანელობით “მელიები” არანორმალურ შედეგს აღწევენ და დიდი შანსია, რომ სეზონის დასრულებისთანავე იტალიელ სპეციალისტს “კინგ პაუერ სთედიუმზე” ძეგლი დაუდგან. კლაუდიომ ყველა მოთამაშე ზუსტად მოარგო მის ტაქტიკას, საჭირო დავალებები მისცა, რომლის შესრულება მოთამაშეებს არ უჭირთ.

აღსანიშნავია, რომ რანიერის აქამდე არცერთი ქვეყნის ჩემპიონატი არ მოუგია და ამის მშვენიერი შანსი იმ გუნდით აქვს, რომლითაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი...

0.115401