ფეხბურთი

23:15 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონი: კაშიას საგოლე პასი, მჭედლიძის სასტარტოში დაბრუნება (+VIDEO)

არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიის ჩემპიონატში “როდას” გასვლაზე 2:1 მოუგო და მეექვსე ადგილზეა, მაგრამ მესამეადგილოსან “ფეიენოორდს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმაც შეუცვლელად ითამაშეს. ვაკო ამჯერად არა თავდამსხმელად, არამედ უკან იყო დაწეული. გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კაშიას პასით გავიდა: გურამმა მარჯვნიდან ჩაუწოდა ჩინელ ჟანგს და მანაც თავით გაიტანა.

სერია ა-ში ამ სეზონში პირველად, ლევან მჭედლიძე “ემპოლის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. ეს “ჯენოასთან” შეხვედრაში, რომელიც ლევანის გუნდმა 0:1 წააგო. ქართველ ფორვარდს ურიგოდ არ უთამაშია, აქტიური გახლდათ და ერთ მომენტში ბურთი ძელსაც მოარტყა. მჭედლიძე არ შეუცვლიათ, მწვრთნელი მას ბოლომდე ენდო. “ემპოლის” რაც შეეხება, ბოლო მატჩებში ცუდი შედეგი აქვს, მაგრამ ცხრილის შუაში (მე-11) რჩება.

ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას “ხიმნასტიკმა” კვლავ ფრედ ითამაშა: გასვლაზე “ალკორკონთან” 1:1. აბურჯანიას გუნდი მეხუთე პოზიციაზეა და პრიმერა დივიზიოონში გადასვლის შანსი აქვს. გიორგი სასტარტოში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.

საბერძნეთში “ვერია” - “ლევადიაკოსი” 0:0 დასრულდა. გიორგი მერებაშვილის “ლევადიაკოსი” მეშვიდე ადგილზეა. გიორგიმ სრულად ჩაატარა მატჩი.

რუსულ პრემიერლიგაში “მორდოვიამ”, სდაც ნუკრი რევიშვილი და მამუკა კობახიძე ირიცხებიან, გასვლაზე 1:1 ითამაშა “უფასთან” და ბოლო ადგილზეა, თუმცა აუტსაიდერთა ცხრილში სიმჭიდროვეა და ერთი მოგება “მორდოვიას” გასავარდნთა ზონიდან მოაშორებს. რევიშვილმა “უფასთან” კარგად ითამაშა, კობახიძე კი სათადარიგო გახლდათ.

გროზნოს “ტერეკმა” შინ 2:1 აჯობა მოსკოვის “ლოკომოტივს” და მეექვსეზეა. “ტერეკის” განაცხადში თედო გრიგალაშვილი ვერ მოხვდა.

უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” დონეცკის “ოლიმპიკს” სტუმრად 1:1-ზე გაეყარა. ლიპარტიამ ბოლო 20 წუთი ითამაშა. “შახტარმა” 3:1 აჯობა “ვორსკლას” და ლიდერობს. დონეცკელთა განაცხადში არ ყოფილა გიორგი არაბიძე.

დანიაში “ორჰუსი”-“კოპენჰაგენი” 0:0 დასრულდა. მათე ვაწაძემ “ორჰუსში” ბოლო 11 წუთი ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131242