ფეხბურთი

20:49 | 5.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მე-19 ტურის წინ: ვინ როგორ გაამართლებს ფავორიტის სტატუსს?

კვირა დღეს უმაღლესი ლიგის 7 მატჩი გაიმართება, ხოლო ერთიც (“სამტრედია”-“საბურთალო”) ორშაბათს ჩატარდება. ლიდერი თბილისის “დინამო” კარგ ფორმაში მყოფ მარტვილის “მერანს” დაუხვდება. იურაი იარაბეკის გუნდი მიჯრით იგებს თამაშებს, თუმცა მარტვილელებმა ბადრი კვარაცხელიას თავკაცობით ბოლო სამ შეხვედრაში 7 ქულა აიღეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

საერთოდ, “მერანს” არაერთ მატჩში შეუქმნია პრობლემები “დინამოსთვის”. მართალია, 11 ურთიერთშეხვედრიდან 7 წააგო, მაგრამ მეტწილად ბოლომდე ებრძოდა და ერთხელ მოუგო კიდეც: მარტვილელთათვის ის სეზონი სადებიუტო იყო უმაღლეს ლიგაში და შინ 2:1 სძლიეს ალექს გარსიას გაწვრთნილებს. ვნახოთ, ამჯერად როგორ წინააღმდეგობას გაუწევენ ქვეყნის საუკეთესო გუნდს.

ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრად “ცხინვალი”-“დილა” უნდა მივიჩნიოთ, რადგან ორივე გუნდი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლას ეშურება. გორელებმა მეორე წრე მძიმედ დაიწყეს, თუმცა მაინცდამაინც ვერც “ცხინვალი” ყოჩაღობს – სამი მატჩიდან სამივე ფრედ ითამაშა.

ჩემპიონატში დონე მეტ-ნაკლებად გათანაბრებულია და გადაჭრით ვერავინ იტყვის, რომ ბოლნისის “სიონი” აუცილებლად დაამარცხებს თერჯოლის “საპოვნელას”, ან “ჩიხურა” აუცილებლად სძლევს “ზუგდიდს”. ახლა აუტსაიდერებიც იბრძვიან. თუმცა, საჩხერელებიც და ბოლნისელებიც რომ ფავორიტებად ითვლებიან, ამას თქმა არ უნდა.

თბილისის “ლოკომოტივმა” ზამთარში საინტერესო ფეხბურთელები დაიმატა, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებს გამარჯვებას და ვნახოთ, ლანჩხუთში რამდენად კარგად ითამაშებს “გურიასთან”. თავის მხრივ, გურულები ყოჩაღად გამოიყურებიან, წლეულს არ წაუგიათ და შემადგენლობაც ლეგიონერებით გააძლიერეს. ერთი ფაქტორი: ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილ “ლოკომოტივს” წამყვანი მცველები დააკლდება გიორგი გეთიაშვილისა და რევაზ ჩიტეიშვილის სახით, ხოლო კაპიტან ნიკა ჭანტურიას ტრავმა აქვს.

კარგად დაიწყეს მეორე წრე ბათუმის ‘დინამომ” და ქუთაისის “ტორპედომაც”, ახლა კი ერთმანეთს შეხვდებიან ზესტაფონში. ამ გუნდებს შორის სხვაობა 7 ქულაა, წინ აჭარლები არიან და მათ უკეთესი შანსი აქვთ ლიდერთა ჯგუფში მოხვედრისა. “ტორპედომ” პირველი წრე ისე სუსტად ჩაატარა, რომ ძალიან გაუჭირდება თუნდაც ხუთეულში გასვლა.

“შუქურამ” წლეულს ჩემპიონატში სამივე თამაში ფრედ დაასრულა და ფოთის “კოლხეთთან” შეეცდება ნავსის გატეხვას. ფოთელებს კი კარგი პერიოდი არ უდგათ, ზედიზედ აგებენ. ვერც “საბურთალოა” ყოჩაღად, ზედიზდ ორი შეხვედრა წააგეს (საერთო ჯამში 0:9) და სამტრედიაში ჩავლენ ორშაბათს, იქ კი გია ცეცაძის გუნდი დაუხვდებათ: სამტრედიელები უკვე მესამე ადგილზე არიან და მადა ჭამაში მოდისო, ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძოლებენ.

ისე, ტურს თუ გადავხედავთ, ფავორიტებს მეტწილად შინ უწევთ თამაში, თუმცა წინასწარ მაინც ძნელია, ვინ როგორ გაამართლებს ფავორიტის სტატუსს.

მე-19 ტური

6 მარტი, კვირა

15:00. თბილისი. “მიხეილ მესხის” სათადარიგო

“ცხინვალი” – “დილა” (გორი)

პირველი წრე: 0:3

დისკვალიფიკაცია: ჯიშკარიანი (ცხინვალი)

15:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”

“ტორპედო” (ქუთაისი) – “დინამო” (ბათუმი)

პირველი წრე: 1:1

დისკვალიფიკაცია: ბაბუნაშვილი (ტორპედო)

15:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”

“ჩიხურა” (საჩხერე) – “ზუგდიდი”

პირველი წრე: 4:1

დისკვალიფიკაცია: ჭანკოტაძე (ჩიხურა), წურწუმია, ქანთარია (ორივე – ზუგდიდი)

15:00. ქობულეთი. “ჩელე არენა”

“შუქურა” (ქობულეთი) – “კოლხეთი” (ფოთი)

პირველი წრე: 0:1

დისკვალიფიკაცია: გოგონაია (კოლხეთი)

15:00. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე”

“გურია” (ლანჩხუთი) – “ლოკომოტივი” (თბილისი)

პირველი წრე: 0:3

დისკვალიფიკაცია: ტობოევი (გურია), გეთიაშვილი, ჩიტეიშვილი (ორივე – ლოკომოტივი)

15:00. ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”.

“სიონი” (ბოლნისი) – “საპოვნელა” (თერჯოლა)

პირველი წრე: 0:0

18:00. თბილისი. “დინამო არენა”

“დინამო” (თბილისი) – “მერანი” (მარტვილი)

პირველი წრე: 4:1

დისკვალიფიკაცია: ორბელაძე (მერანი)

7 მარტი, ორშაბათი

15:00. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე”

“სამტრედია” – “საბურთალო” (თბილისი)

პირველი წრე: 2:3

დისკვალიფიკაცია: სიხარულიძე, რაჟამაშვილი (ორივე – სამტრედია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136907