“რომას” შეჩერება იტალიაში უკვე შეუძლებელია. ფაქტები ყოველშემთხვევაში ამაზე მიუთითებენ – თავად განსაჯეთ, “ჯალოროსიმ” ზედიზედ 7 თამაშის მოგება მოახერხა და ხსენებულ თამაშებში მეტოქეთა კარში 20 გოლი გაიტანა.
რომაელთა მორიგი მსხვერპლი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ამბიციური და ლუჩანო სპალეტის გუნდის უშუალო კონკურენტი ფლორენციის “ფიორენტინა” გახდა. მასპინძლებმა მეტოქეს 90 წუთის განმავლობაში შანსი არ დაუტოვეს და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს, რომლის შედეგადაც ახლა მესამე ადგილზე “რომა” ერთპიროვნულადაა. მეტიც, “მგლები” მეორეზე მყოფ “ნაპოლის” უკვე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. ერთი ეგაა, ნეაპოლელებს ერთი თამაში მარაგში აქვთ.
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მოსაყოლი მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთს ერთი გუნდი თამაშობდა. “იებმა” კი, მეტოქის კარში ერთადერთხელ დაარტყეს და ისიც პენალტით. რაც შეეხება მასპინძლებს, სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული თამაში აჩვენა. ისევ შეუჩერებელი იყო მოჰამედ სალაჰი, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელების დაცვა არაერთხელ გაარღვია და საბოლოოდ, დუბლსა და საგოლე პასს გამორჩა. დანარჩენი ორი, სტეფან ელ შაარავიმ და დიეგო პეროტიმ გაიტანეს. ამ უკანასკნელს კი ასისტენტობა “პატარა ფარაონმა” გაუწია, რომელსაც რომში მეორე სუნთქვა გაეხსნა. რაც შეეხება ბოლო გოლს, რომელიც სალაჰმა გაიტანა, უნდა ნახოთ. ბოსნიელმა მირალემ პიანიჩმა ისეთი საგოლე გადაცემა გააკეთა, საკუთარი თავიც კი გააკვირვა...
საერთოდ, სპალეტის ხელში “რომა” ნამდვილად გარდაიქმნა და შედეგიც სახეზეა, ოღონდ მარტო სერია A-ში. განსაკუთრებით გამოსარჩევი კი რომაელთა შემტევი ტრიოს, ელ შაარავი-პეროტი-სალაჰის ჩინებული თამაშია.
“რომა” – “ფიორენტინა” 4:1 (3:1) (მიმოხილვა)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 33 000
“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი; სალაჰი (ჯეკო 86), პეროტი (ვაინკე 62), ელ შაარავი (ტოტი 76)
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ვესინო (ბადეი 34), ტინო კოსტა; ბერნარდესკი, ბორხა ვალერო (ტელო 29), ილიჩიჩი (ფერნანდესი 68); კალინიჩი
მწვრთნელი: პაულო სოუზა
გოლები: 1:0 ელ შაარავი (22), 2:0 სალაჰი (26), 3:0 პეროტი (38), 3:1 ილიჩიჩი (45, პენ), 4:1 სალაჰი (58)
გაფრთხილება: სალაჰი (43), პაინიჩი (45), ნაინგოლანი (90) – ბადეი (40), ბერნარდესკი (81), ტინო კოსტა (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (9) – 7 (1) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: მასიმილიანო ირატი





