ფეხბურთი

2:54 | 3.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" "იუვე" დაჩაგრა, მაგრამ ფინალს მიღმა დარჩა (+VIDEO)

ტურინის "იუვენტუსი" წვალებით, მაგრამ იტალიის თასის ფინალში მაინც გავიდა. მილანის "ინტერთან" "ბებერ ქალბატონს" პირველი მატჩი 3:0 მოეგო და "ჯუზეპე მეაცას" სტადიონზე ზედმეტად თავდაჯერებული გავიდა, რის გამოც კინაღამ დაისაჯა...

"ინტერმა" მეტოქეს სამბრუთიანი ჩამორჩენა 90 წუთში აღმოუფხვრა და ფინალთან ერთ ნაბიჯში იყო. რობერტო მანჩინის გუნდმა ანგარიში მე-17 წუთზე გახნსა, როცა "ნერაძურის" ექსფეხბურთელმა ერნანესმა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა, ხოლო ხორვატმა ბროზოვიჩმა შანსი გამოიყენა. მეორე ტაიმის განახლება და "იუვეს" კარში მეორე გოლი ერთი იყო - ამჯერად თავი ივან პერიშიჩმა გამოიჩინა.

აღსანინშავია, რომ მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს მთელი 90 წუთი არაფერი გამოსდიოდათ და კარში ერთადერთხელ დაარტყეს. თუმცა რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს. სიმონე ძაძამ ძელს გაარტყა. მერე სათამაშო უპირატესობას ისევ მასპინძლები დაეუფლნენ. 82-ე წუთზე დანიელე რუგანიმ საკუთარ საჯარიმოში პერიშიჩი წააქცია, პენალტი კი გოლად ბროზოვიჩმა აქცია. ტურინელთა კიპერი ნეტო ბურთს შეწვდა, მაგრამ ხელებს შორის გაუძვრა და გუნდი ვერ გადაარჩინა. "ინტერს" ძირითად დროში სასურველი ანგარიშით მოგებაც შეეძლო: პერიშიჩის ერთი შეხებით დარტყმულს ნეტო გაუმკლავდა და "იუვე" სირცხვილს გადაარჩინა.

დამატებით დროში კი, "ინტერნაციონალეს" ძალა არ ეყო. "იუვე" გაცილებით კარგად მოქმედებდა და გოლის გატანაც არაერთხელ შეეძლო. განსაკუთრებით აქტიურობით ძაძა გამორიჩეოდა, თუმცა იტალიის ნაკრების შემტევმა გატანა ვერცერთ ეპიზოდში შეძლო. დამატებით დროს მთავარმა მსაჯმა 1 წუთი დაამატა და სწორედ ამ დროს ალვარო მორატა ლამის თამაშის გმირი გახდა; თუმცა ესპანელს ხუან პაბლო კარიცომ ერთ ეპიზოდში ორჯერ სასწაულებრივ აჯობა.

პენალტების სერია კი სტუმრებმა ჩინებულად შეასრულეს. "იუვენტუსმა" ხუთიდან ხუთივე დარტყმა (ბარძალი, ძაძა, მორატა, პოგბა, ბონუჩი) გამოიყენა, ხოლო მასპინძელთაგან როდრიგო პალასიომ ვერ ივარგა, რომელმაც ხარიხას დაუმიზნა და "იუვე" თასის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. მიუხედავად ორი მატჩშის ჯამში მარცხისა, მანჩინის გუნდს ქება ეკუთვნის, რადგან სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, თანაც "იუვენტუსის" დარ გუნდთან ადვილი საქმე არაა...

"იუვე" კი იტალიის თასის ფინალში მეორე მილანურ გრანდ "მილანს" დაუპირისპირდება. მატჩი 21 მაისს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. სხვათა შორის, "ბებერ ქალბატონს" შანსი აქვს პირველი იტალიური გუნდი გახდეს, რომელიც ზედიზედ მეორე სეზონში დუბლს შეასრულებს. მოგეხსენებათ, "იუვემ" შარშან სერია A-ც მოიგო და კოპა იტალიაც. იგივეს გაკეთების შესაძლებლობა ახლაც აქვს...

Loading...
სტატისტიკა
0.231335