ფეხბურთი

15:48 | 29.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი, როგორც წინასწარმეტყველი...

სულ რაღაც ერთი კვირის წინ ვინმე მარკუს რეშფორდის სახელი და გვარი ბევრ თქვენგანს არაფერს ეტყოდა და მეტიც, თვითონ ინგლისშიც ამ ადამიანის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი.

მარკუსი 18 წლის ინგლისელი ბიჭია და “მანჩესტერ იუნაიტედის” 19-წლამდე გუნდის წევრი იყო, ხუთშაბთამდე... “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალს კრიტიკოსები არ აკლია და ყოველ ფეხის დაცდენაზე მის დაკნინებას არ ერიდებიან, მაგრამ რაც ჰოლანდიელს ეხერხება, იმას ვერავინ დაუკარგავს.

“იუნაიტედი” გასულ ხუთშაბათს ევროპა ლიგის საპასუხო მეთექვსმეტედფინალურ მატჩში დანიურ “მიდტიულანდს” შინ ეთამაშებოდა და თავიდან სირცხვილი უნდა აერიდებინა, ვინაიდან პატარა სკანდინავიურ გუნდთან ერთი კვირით ადრე 1:2 წაეგო. “ოლდ ტრაფორდული” მატჩიც ისე დაიწყო, კრიტიკოსები ხელების ფშვნეტას რომ მოჰყვნენ, მაგრამ მოედანზე წითელი მაისურით იყო ერთი გამხდარი და სრულიად უცნობი ბიჭი - მარკუს რეშფორდი.

18 წლის ფორვარდი “მანკუნიანელთა” ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა რომ არა ტრავმების ეპიდემია და დაშავებული ენტონი მარსიალი, თუმცა განგებამ ასე ინება და მარკუსს ვან გაალმა მთავარ გუნდში უხმო. ეგ კი არა, სასტარტოშიც გაამწესა და იმ დღეს რეშფორდმა დუბლი გაიფორმა. მერე უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარა...

რეშფორდმა გოლები ყველაზე გარდამტეხ მომენტში გაიტანა, ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდებში იქ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო. სხვათა შორის, დანიელებთან მის გატანილ გოლებს თუ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ საგოლე ალღო არ დაეწუნება. უფრო მეტიც, თქვენი არ ვიცი და, მე პირადად რეშოფრიდს შერჩეულმა პოზიციებმა ლეგენდარული იტალიელი, სუპერპიპი ინძაგი გამახსენა...

გავიდა სამი დღე და “მანჩესტერმა” ინგლისის პრემიერლიგაში მოსისხლე მტერი “არსენალი” მიიღო. “ოლდ ტრაფორდელები” წარმატებულად ვერ თამაშობენ და “მეთოფეებთან” ფეხის დაცდენა საპატიო არ იქნებოდა. ვან გაალმა კი რეშფორდისთვის ისევ ნდობის გამოცხადება გადაწყვიტა და არც უნანია: თინეიჯერმა “მკვლელის” ინსტიქტი ისევ გამოავლინა და სამწუთიან ინტერვალში არსენ ვენგერის გუნდს დუბლი შეუსრულა! მერე ანდერ ერერაზე საგოლე პასიც მიაყოლა და მატჩის გმირი გახდა. სხვათა შორის, დიდი შანსია, რეშფორდი პრემიერლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდეს. პრინციპში რაღა დიდი შანსი, უსათუოდ ასე იქნება...

მშვენიერი შედეგია – 2 თამაში, 4 გოლი, 2 დუბლი, ორი ფანტასტიური დებიუტი.... აღსანიშნავია, რომ მარკუსმა ლეეგნდარული ჯორჯ ბესტის რეკორდი მოხსნა და ევროტურნირებზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიქნა, ვისაც “მანჩესტერის” მაისურით გაუტანია... რაც შეეხება პრემიერლიგას, ამ რეკორდს მარკუსი ვერ შესწვდა, რადგან მასზე ახალგაზრდა იტალიელი ფედერიკო მაკედა გახლდათ, როცა ბირმინგემის “ასტონ ვილას” სამქულიანი გოლი გაუტანა... თუმცა, ეს მხოლოდ სტატისტიკაა...

არავინ იცის, მარკუს რეშფორდი რა დონის ფეხბურთელი დადგება და როგორ განვითარდება მისი კარიერა, მაგრამ დასაწყისი რომ გენიალურია, ფაქტია... ესეც ვან გაალის მორიგი აღმოჩენაა. ჰოლანდიელს მანამდეც ბევრი ნიჭიერი მოთამაშე დაუწინაურებია დიდ გუნდში, რომელთაც მერე უდიდესი ფეხბურთი უთამაშიათ, ან ახლაც თამაშობენ.

ლუის ვან გაალის 10 საუკეთესო აღმოჩენა:

კლარენს ზეედორფი (“აიაქსი”, ჰოლანდია) – ზეედორფს ვან გაალი ჯერ კიდევ 1992 წლის 28 ოქტომბერს ენდო, როცა ჰოლანდიელი მოთამაშე სულ რაღაც 16 წლის იყო. იმ დღეს “აიაქსმა” “ვენლოს” 7:3 აჯობა. ზეედორფის კარიერა მერე როგორც განვითარდა, ყველას კარგად მოეხსენება...

მარკ ოვერმარსი (“აიაქსი”, ჰოლანდია) – მარკ ოვერმარსის დებიუტი “აიაქსში” მაშინ შედგა, როცა ნახევარმცველი 19 წლის გახლდათ. ეს “დორდრეხტომთან” მატჩში 1992 წლის 16 აგვისტოს მოხდა. ოვერმარსი კი თავის პოზიციაზე საიმედოდ კარგა ხნის განმავლობაში ირჯებოდა.

პატრიკ კლუივერტი (“აიაქსი”, ჰოლანდია) – კლუივერტს ვან გაალი პირველად 1994 წლის აგვისტოში ჰოლანდიის სუპერთასზე როტერდამის “ფეიენოორდთან” ენდო და არც შემცდარა. 19 წლის პატრიკმა 1995 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი “მილანს” გამარჯვების გოლი გაუტანა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ამ ტურნირის ფინალში გოლი გაუტანია.

ედგარ დავიდსი (“აიაქსი”, ჰოლანდია) – “პიტბული” – მოედანზე არაფერს თმობდა და წლების განმავლობაში საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველებს შორის იყო. დავიდსის კარიერა განსაკუთრებით ტურინის “იუვენტუსში” ბრწყინავდა. “აიაქსში” მან პირველად 18 წლის ასაკში ითამაშა - “ვალვაიკთან” 1991 წლის 8 სექტემბერს.

კარლეს პუიოლი (“ბარსელონა”, ესპანეთი) – კარლეს პუიოლი დღეს “ბარსელონას” ლეგენდად რომ მიიჩნევა, დიდწილად ვან გაალის დამსახურებაა. ხუჭუჭთმიანი ბიჭი ლუისმა მეორე გუნდიდან მთავარ გუნდში დააწინაურა. ეს 1999 წლის 2 ოქტომბერს “ვალიადოლიდთან” მატჩისას მოხდა. ალბათ იტყვით, სხვა მწვრთნელიც ეგრე მოიქცეოდაო, მაგრამ პუიოლს “ბარსას” მთავარ გუნდში დებიუტი საბავშვო ასაკში არ ჰქონია – “ვალიადოლიდთან” მატჩის დღეს კარლესი 21 წლის გახლდათ...

ჩავი ერნანდესი (“ბარსელონა”, ესპანეთი) – ჩავის კატალონური დებიუტი 1998 წლის 18 აგვისტოს ჰქონდა. “მალიორკასთან” (1:2) მატჩისას. ერნადესმა მსოფლიო ფეხბურთში უდიდესი კვალი და სახელი დატოვა.

ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი) – რაც ჩავიზე ვთქვით, იგივეს თქმა შესაძლებელია ინიესტაზეც. ანდრესი დღეს უკვე “ბარსას” კაპიტანია და ისევ გენიალურად თამაშობს. მას დებიუტი 2002 წლის 29 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, ბელგიურ “ბრიუგესთან” ჰქონდა (1:0). იმ დღეს ინიესტა 18 წლის იყო.

დავიდ ალაბა (“ბაიერნი”, ავსტრია) – დავიდ ალაბა დღეს თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოდ თუ არ მიიჩნევა, სამეულში უეჭველად შედის. ავსტრიელი განაპირა მცველიც, რომელიც უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა, ვან გაალმა აღმოაჩინა მიუნხენის “ბაიერნის” აკადემიაში და 2010 წლის 10 თებერვალს, 18 წლის თინეიჯერს მთავარ გუნდში ენდო.

ტომას მიულერი (“ბაიერნი”, გერმანია) – ტომას მიულერი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სატბილური ფეხბურთელია. ვან გაალმა გამხდარ ბიჭს შანსი იმ პერიოდში მისცა, როცა მიუნხენურ გიგანტში გამოცდილი ფორვარდები, მარიო გომესი, ლუკა ტონი და მიროსლავ კლოზე ირჯებოდნენ. თუმცა, ჰოლანდიელი სპეციალისტი გამოუცდელ მიულერს დაეყრდნო და სწორი არჩევანიც გააკეთა. 2009-2010 წლების სეზონში ტომასმა ყველა ტურნირის ჩათვლით 52 მატჩში 19 გოლი შეაგდო, ხოლო ზაფხულში მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა, საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც აღიარეს.

მარკუს რეშფორდი (“მანჩესტერი”, ინგლისი) – ზემოხსენებულ ფეხბურთელებთან რეშფორდის ხსენება ჯერ ძალიან ნაადრევია, თუმცა მისი დებიუტი თამამი პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა...

არსენალი   4 - 0    ასტონ ვილა

შემადგენლობა

მოვლენები

ნიუკასლი   5 - 1    ტოტენჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

უოტფორდი   2 - 2    სანდერლენდი

შემადგენლობა

მოვლენები

ვესტ ბრომვიჩი   1 - 1    ლივერპული

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   1 - 1    ლესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

სუონსი   1 - 1    სიტი

შემადგენლობა

მოვლენები

სტოკი   2 - 1    ვესტ ჰემი

შემადგენლობა

მოვლენები

ევერტონი   3 - 0    ნორვიჩი

შემადგენლობა

მოვლენები

საუთჰემპტონი   4 - 1    კრ. პალასი

შემადგენლობა

მოვლენები

მანჩესტერი   3 - 1    ბორნმუთი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.268144