ფედერაციაში ახალგაზრდა ბიჭები მეწვივნენ და საკუთარი გულისტკივილი გამანდეს, რომელიც მეც და ალბად უკვე სრულიად საქართველოსაც თავისტკივილად გვექცა და ქართულ ფეხბურთს მომავალ დიდ პრობლემებს უქადის. მკითხველი ალბად მიხვდა - მავანი სტადიონის გაქრობის წინაშე ვართ... აფრიკად წოდებულ თბილისის გარეუბანში ცხოვრობენ ეს გულიანი და პატიოსანი ბიჭები: არჩილ კორღალიძე და ლაშა სიგუნავა. საკუთარი ხელით მოუსწორებიათ 333 მ. პერიმეტრის ერთი უდაბური ადგილი, რამდენჯერმე თავად შეუტანიათ მიწა, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სავარჯიშო პირობები შეუქმნან აფრიკელ-თბილისელ ბავშვებს, 6-დან 13 წლამდე ასამდე ბავშვიც მოაგროვეს, ლაშამ, რომელიც ამავდროულად ფუტსალის მოთამაშეა, ც კატეგორიის დიპლომი აიღო, არჩილმა კი ბ კატეგორიის და ფეხბურთის გარდა ქართველობასა და კაცობას ასწავლიან პატარებს, მაგრამ რად გინდა - ეს პატარა სტადიონიც გაქრობის პირასაა - უკვე შემოუსაზღვრავთ მავანთ, გარშემო ღობეებითაც ცდილობენ შევიწროვებას, შუაღამისას კი თურმე სარბოლი მანქანებით შემოდიან და ერთმანეთს ეჯიბრებიან მძღოლები, რასაც ერთ-ერთი კარის ბოძებიც შესწირვია...
თუ კითხულობს, შესაბამისი რაიონის გამგებელს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს სტადიონსა და ამ კარგ ბიჭებს, იქნება გადაარჩინოთ ბავშვთა გაჯანსაღების ეს კერა აფრიკად წოდებულ თბილისი უბანში, ყველას რომ დავიწყნია და მე კი თქვენ სამსახურში მიგულეთ, პირველივე დაძახებაზე თქვენთან ვარ და ფიზიკურად მუშაობასაც არ დაგზარდებით!
მამუკა კვარაცხელია









