ათი წლის წინ, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს ბათუმელებმა გაიღვიძეს და ქალაქის ცენტრში სტადიონი აღარ დახვდათ… და ცხოვრობს მას მერე ეს ულამაზესი ქალაქი სტადიონის გარეშე, საქართველოში ერთ-ერთი უძველესი საფეხბურთო კლუბი - ბათუმის დინამო კი ხან სადაა შეხიზნული, ხან სად… საქართველოში ლამის ქალაქი არ დარჩენილა, ბათუმის დინამოს რომ არ გამოეყენებინოს ნომინალურად სამასპინძლოდ - მათ შორის, უეფას თასზე… და ეს ხდება 21-ე საუკუნეში…რაღა არ აშენდა ბათუმში სტადიონის გარდა, გალამაზდა, გაიზარდა და გაიშალა ქალაქი, ბათუმელებმა სამზოლიანი ბულვარიც კბილებით შეინარჩუნეს, აი სტადიონის აშენებას არ დაადგა საშველი აგერ უკვე ათი წელია… არადა, პოტენციურად, ნებისმიერი კომპონენტი რომ ავიღოთ, აჭარა საქართველოს სპორტული ცენტრი უნდა გახდეს....
თითქოს ეს არ ეყოფოდაო და კიდევ ერთი სტადიონის დანგრევის ამბავი შევიტყვე - ადელის სტადიონზე მალე სასტუმროები, ანაც კორპუსები აშენდებაო…
ამ ორ ფოტოს გადაღებას ორი კვირა აშორებს - თებერვლის დასაწყისში ჩავედით ოფიციალური მივლინებით და აჭარაში ყველა სტადიონი აღვწერეთ, მათ შორის ადელის. ზუსტად ორ კვირაში, სფფ-ს სტადიონების ინსპექტირების განყოფილების მეორედ ჩასვლა (აჭარის ფეხბურთის ფედერაციის საპილოტე პროგრამა) ბათუმში და ადელის კოხტა მინდორზე გრუნტის ასაღებად ჩასული მანქანის შესვლა ერთი იყო - თურმე ნაგებობის ასაშენებლად საჭირო საბუთის მოსაპოვებლად გრძივ ორმოს ჭრიდნენ და გრუნტის სინჯებს იღებენ…
…თბილისში თემქაზე ერთ კორპუსს არაშენდა ჰქვია - კომუნისტების დროს დაწყებული სახლი დღემდე არაა დამთავრებული. ზუსტად ასეთ სახელს იმსახურებს ბათუმის სტადიონი და იმედი მაქვს, წელს მაინც დაიწყება მისი მშენებლობა და ბათუმს ექნება საქართველოში საუკეთესო, მეოთხე კატეგორიის, კოხტა სტადიონი, რომელსაც არაშენდას კი არა - ჩვენი სასიქადულო ფეხბურთელის - ვახტანგ ქორიძის სახელს დაარქმევენ…
მამუკა კვარაცხელია







