ფეხბურთი

18:22 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავს

ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთის“ თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელისუფლებას „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (მუხლი 10. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია) წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თაობაზე ღია წერილით მიმართავს.

გთავაზობთ ტექსტს უცვლელი სახით:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,

ბატონ დავით უსუფაშვილს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ

საქმეთა კომიტეტს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა

კომიტეტს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა

მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

ბატონ გიორგი კვერენჩხილაძეს

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო

მდივანს, ბატონ შალვა თადუმაძეს

ბატონებო,

გვსურს თქვენი ძვირფასი ყურადღება მივაპყროთ საქართველოს კანონში „სპორტის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარმოდგენილ კანონის პროექტის ზოგიერთ დებულებას. კერძოდ, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (მუხლი 10. საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია) წარმოდგენილი ცვლილებების პროექტს ფედერაციების პრეზიდენტებისათვის შემოაქვს საარჩევნო ცენზები, რომელთა შორის არის უმაღლესი განათლების ქონაც. საყურადღებოა, რომ სახელმწიფო სპორტის სფეროში, დღემდე არ იჩენდა ასეთი ხარისხით ინტერვენციის ინტერსესს. ეს იყო აბსოლუტურად სწორი პოზიცია, რადგანაც ეს მიდგომა გამოხატავდა სახელმწიფოს ობიექტურ განზრახულობას, დაეცვა ამ საზოგადოებრივ სფეროში ჩაურევლობის პრინციპი, რადგანაც ეს არ არის თანამონაწილეობის მთლიანად ნებაყოფილობითი სფერო, რის გამოც სახელმწიფოს საზოგადოების წინაშე არ აქვს საზოგადოებისათვის უშუალოდ პროდუქტის მიწოდების, ბაზრის დაცვისა თუ რაიმე სხვა ამგვარი ვალდებულება. სწორედ ამიტომ, ამოუხსნელია მიზანი, თუ რას ემსახურება წარმოდგენილი ცვლილების განზრახულობა. რა შედეგი უნდა მიიღწეს ამ ცვლილებით?

განმარტებით ბარათში კანონის მიღების მიზეზად, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, მოყვანილია დაფინანსების არგუმენტი, კერძოდ: „ამასთან, ვინაიდან დღეისათვის ეროვნული სპორტული ფედერაციები ძირითადად ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუცილებელია შეიქმნას სწორი მენეჯმენტისა და მართვის გარანტიები.“ ამ არგუმენტის წარმართვა „სწორი მენეჯმენტისადმი“, მის ცალსახად სუბიექტურ შეფასებას გულისხმობს; ამ სუბიექტივიზმის წყარო კი ცხადია, სისწორის დამფინანსებლისეული შეფასება იქნება. აქ მხოლოდ ფაქტის სახით აღვნიშნავთ, რომ პირდაპირი დაფინანსების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები მიუღია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასაც. ამას მხოლოდ ფაქტად აღვნიშნავთ, რაც უკვე საკმარისი უნდა იყოს ამ არგუმენტის უსუსურობის ცხადყოფისათვის და მორალის კანონის თანახმად ამ ასპექტზე დისკუსიისას, სწორედ აქ შევაჩერებთ. ამიტომაც, სპორტის სფეროს დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან, მხოლოდ მისი კეთილი ნება, განვითარების ხელშეწყობის მექანიზმი შეიძლება იყოს, და არ უნდა გარდაისახოს ამ სფეროში ინტერვენციის იარაღად გამოყენებაში.

მეორე საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, არის წარმოდგენილი ცვლილების მიზანი, რაც ბუნდოვანია და არც კანონპროექტის განმარტებით ბარათში არაა ახსნილი. ასევე ის შეიცავს არა სწორ ინფორმაციას, რომ თითქოს ეს საკითიც, ე.წ. მოწინავე ეროვნული სპორტული ფედერაციების უმრავლესობას თავიანთ წესდებებში აქვთ ასახული. ჩვენი ინფორმაციით კი ასეთი შეზღუდვის თაობაზე ინფორმაცია არ მოგვეძიება და ეს პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა გააკეთა ფეხბურთის ფედერაციამ, რასაც ჰქონდა კონკრეტული სუბიექტური დანიშნულება, ერთი კონკრეტული კანდიდატის მონაწილეობის შესაძლებლობის მოსპობა.

რაც შეეხება უმაღლესი საგანმანათლებლო ცენზის არსებით შინაარსობრივ მხარეს, უნდა აღვნიშნოთ, რომ სადაც კი უმაღლესი პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს საზოგადოების წინაშე, არც ერთ თანამდებობაზე არ დგინდება ასეთი წესი. არც პრეზიდენტის, პარლამენტისა თუ მთავრობის წევრებისათვის. ეს არის უნივერსალური საერთაშორისო სტანდარტიც და ჩვენს მიერ მოძებული ერთადერთი გამონაკლისი არის აზერბაიჯანი, რომლის კონსტიტუციის მე-100 მუხლი,[1] ქვეყნის პრეზიდენტისათვის ადგენს უმაღლესი განათლების ცენზს. ამას თავისი კონკრეტული მიზანიც აქვს – სახელწიფო მაინცა და მაინც უმაღლესი საგანმანათლებლო ცენზის დადგენით, ნამდვილად ვერ უზრუნველყოფს ამა თუ იმ შესაძლო პოზიციაზე მყოფი პირების განათლებას. სპორტული ფედერაციის გაუნათლებელ ხელმძღვანელ პირთაგან თავის დაცვის ერთადერთ საშუალებად უმაღლესი განათლების ცენზის დადგენა, არ არის ტაქტიანი ჟესტი თავად საკუთარი მოსახლეობისადმი, რომლის გარკვეულ ჯგუფებსაც უფლება აქვთ, თავად მართონ, დააადგინონ კიდეც საამისო პირობები, გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესის ჯგუფები; დიახ, აქ საუბარია საზოგადოებრივი ინტერესის ჯგუფებზე, სადაც სახელმწიფოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ამიტომ აღვნიშნავდით, რომ ამ სფეროების დაფინანსების შესაძლო კეთილი ნება არ უნდა იქცეს ამ სფეროებში სახელმწიფოს ნების ინტერვენციის წყაროდ და იარაღად.

ფედერაციათა პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო ცენზის შემოტანა, საბოლოო ჯამში, თავის განზრახულობასაც ვერ უზრუნველყოფს, კერძოდ, ცალკე არებული უმაღლესი განათლება, თავისთავად ვერ ნიშნავს ფედერაციის ხელმძღვანელობისათვის საჭირო სხვა და სხვა უნარ-ჩვევების ქონას. შეუძლებელია დადგინდეს ნებისმიერი ფაკულტეტისა და სპეციალობის პირდაპირი კავშირი ფედერაციის ხელმძღვანელობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ უმაღლესი კონკრეტული პროფესიული განათლების მიღება ნაკლებად თავსებადია პროფესიულ სპორტულ კარიერასთან. ამას მოწმობს საერთაშორისო პრაქტიკაც, როდესაც პროფესიული სპორტული კარიერის შემდეგ, უმაღლესი განათლების არ მქონე პირები იკავებენ მაღალ და უმაღლეს მმართველ პოზიციებს სპორტულ საზოგადოებებში. მაგ: უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, ხორვატიისა და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები შესაბამისად დავორ შუკერი და ზბიგნევ ბონეკი. მათი უმაღლესი განათლების ქონა სულაც არაა საერთაშორისო სტანდარტი, როგორც სამწუხაროდ აღნიშნულია განმარტებით ბარათში. ასეთი ცენზი არ არის დადგენილი სხვა პროფესიული ნიშნით შექმნილ შემოქმედებით საზოგადოებებში. ამ პროექტის მიხედვით კი ავტორმა უნდა ამტკიცოს, თუ რატომ იქნებოდა ნიკო ფიროსმანი უუნარო, ემართა მხატვართა კავშირი. თანაც ისე, რომ იგი უუნარო იქნებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მხატვრობაში ფულს ჩადებდა და უნარიანი გახდებოდა, თუ სახელმწიფო ასეთ დაფინანსებას აღარ განახორციელებდა.

ყურადსაღებია ასევე ამ ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებითაც, რომლის თანახმადაც, „ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება“. ეს ნორმა არ ნიშნავს მხოლოდ დამფუძნებლობის და წევრად ყოფნის უფლებებს, ეს არის ამ სფეროში სრული თანამონაწილეობისა და რეალიზაციის შესაძლებლობების მიცემის უზრუნველმყოფი ნორმა. სწორედ ეს ნორმა აკავებს საჯარო ხელისუფლებას ამ ორგანიზაციების კომპეტენციის იქით. გაერთიანება თავად წყვეტს საკუთარი ორგანიზაციული მოწყობის ფორმებსა და ამ ფორმის ფარგლებში განსაზღვრული ინსტიტუტების ფორმირების წესებს, რადგანაც ეს არის თვით რეალიზაციის ფუნდამენტური ფორმები და წყაროები.

ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საკითხის ამგვარად გადაწყვეტასთან დაკავშირებით, ასევე უარყოფითი პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც. ბატონებო, ვფიქრობთ, აღნიშნული მსჯელობები საკმარისია იმისათვის, რომ თქვენს ქვემდებარე თითოეულმა საჯარო ინსტიტუტმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მიიღოს გადაწყვეტილება - არ დაუშვათ სპორტულ კერძო ინტერესთა ჯგუფებში ფედერაციებში - საზოგადოებრივ ორგანიზაციებში (და რომლთა სტატუსსაც ზუსტადაც კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირად განსაზღვრავს შემოთავაზებული კანონის პროექტიც), პოლიტიკური ნების ხელოვნური ინტერვენციის შესაძლებლობების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ამგვარი მიდგომა, ფედერაციათა სტატუსის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირად განსაზღვრების სრულიად საწინააღმდეგო კონცეპტუალური გადაწყვეტილებაა.

ასევე, კანონპროექტის მე-2 მუხლის თანახმად:

  1. ამ კანონის ამოქმედებისას არსებულ საქართველოს იმ ეროვნულმა სპორტულმა ფედერაციამ, რომლის სამართლებრივი ფორმა არ შეესაბამება ამავე კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა განახორციელოს რეორგანიზაცია და ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
  2. ამ კანონის ამოქმედებამდე არჩეულ საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის პრეზიდენტს, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფედერაციის პრეზიდენტისა, უნარჩუნდება უფლებამოსილება შესაბამისი ვადით.

ეს უკვე კანონის უკუძალაა და ალბათ პრაქტიკულად ყველა ფედერაცია მოექცევა ამ რეგულაციის ქვეშ. მათი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა დღეს დგინდება და რაც დღეს დგინდება, ამ ფორმით როგორ იქნება ვინმე მანამდე რეგისტრირებული?!

ამიტომ გამონაკლისი, რომელსაც ვითომ ადგენს კანონი, რომ ეს ცვლილება არ შეეხება იმ ფედერაციებს, რომლებიც ამ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არიან რეგისტრირებულებიო, უბრალოდ ვერ შეესაბამება სინამდვილეს. შესაბამისად, ყველა ფედერაციის ხელმძღვანელს, ვინც უმაღლესი განათლების დიპლომის გარეშეა, მოუწევს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. თავის მხრივ, ესეც ცალ სახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმადაც „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.

დანართი იუსტიციის სამინისტროს დასკვნა 5 (ხუთი) ფურცლად.

პატივისცემით,

ორგანიზაცია „ჩვენი ფეხბურთის“ თავმჯდომარე,

მიხეილ ყაველაშვილი

23.02.2016 წ.

[1] იხილეთ ინტერნეტ-წყარო: http://www.wipo.int/wipolex/en/text.jsp?file_id=222657http://worldconstitutions.ru/?p=133&page=3

იხილეთ თანდართული ფაილი
0.135804