ჭადრაკი

0:30 | 19.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ პარტიაში ძაგნიძემ იმარჯვა

ფიდე-ს გრან-პრის II ეტაპის მე-7 ტურში ნანა ძაგნიძე (2529) თეთრი ფიგურებით ნინო ბაციაშვილს (2485) დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, გამარჯვება საქართველოს ნაკრების ლიდერს დარჩა.

შედეგად, ძაგნიძემ თავი 5.5 ქულას მოუყარა და ვინაიდან რუს ნატალია პოგონინას (2454) დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს, ირანის დედაქალაქ თეირანში მიმდინარე ტურნირზე პირველი ადგილი შეინარჩუნა.

აღსანიშნავია, რომ პოგონინამ ასევე თეთრებით უმაღლესი რეიტინგის მქონე ინდოელ ჰამპი კონერუს (2583) სძლია, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ლიდერებს უკვე 2.5 ქულით ჩამორჩა.

5-5 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებზე რჩებიან ჩინელები ქსუე ჟაო (2506) და ვენჯუნ ჟუ (2558), რომელთაც შესაბამისად, შვედ პია კრამლინგს (2521) და ბულგარელ ანტოანეტა სტეფანოვას (2509) სძლიეს.

რაც შეეხება ბაციაშვილს, მას მხოლოდ 1.5 ქულა აქვს და ხსენებულ კრამლინგთან ერთად, მეთერთმეტე-მეთორმეტე ადგილებს ინაწილებს.

მე-8 ტურში, რომელიც 19 თებერვალს შედგება, ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2511) ეთამაშება, რომელიც 3.0 ქულით მე-7 საფეხურზეა.

პოგონინა შავებით სტეფანოვას გაჯიბრება, ქსუე და ჟუ ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან, ბაციაშვილი კი თეთრებით ძალებს რუს ვალენტინა გუნინასთან (2496) მოსინჯავს.

0.135791