ფეხბურთი

0:30 | 16.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” “ზუგდიდს” მარტვილში უმასპინძლებს

როგორც ცნობილია, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოუვლელობის გამო, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონის სათამაშო მოედანი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მასზე სარეველა ბალახი, ე.წ „ჭანგა“ გავრცელდა, რომელიც დიდ ყვითელ ლაქებად დააჩნდა მწვანე გაზონს.

"ტორპედოს" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებისთანავე დაიწყო. გამოცდილი აგრონომის რეკომენდაციით, თავდაპირველად გაზონი სპეციალური ჰერბიციდებით შეიწამლა, გარკვეული დროის შემდეგ კი, გაზონზე შეტანილი იქნა დაბალი ტემპერატურის გამძლე ბალახის თესლი, რომლის აღმოცენების ბუნებრივი პროცესი უკვე დაწყებულია. ბალახის მოძლიერებასთან ერთად, საფარი თანდათან დაიბრუნებს სათანადო სახეს, თუმცა შემდგომში მას ეტაპობრივად კიდევ დაჭირდება “მკურნალობა”.

უახლოეს დღეებში გაზონის სათამაშოდ გამოყენება პრაქტიკულად ფუჭად აქცევს გაწეულ შრომას. სწორედ „ტორპედოს“ სათამაშო მინდვრის სასურველ კონდიციამდე მიყვანითაა ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომ ქუთაისლები 23 თებერვალს „ზუგდიდთან“ ეროვნული ჩემპიონატის საშინაო კალენდარულ მატჩს, ქუთაისის ნაცვლად მარტვილში გამართავენ. შეთანხმება ამის თაობაზე უკვე მიღწეულია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი 19 თებერვალს განახლდება. ტორპედოელები ამ დღესაც მარტვილში ითამაშებენ, ოღონდ “მერანთან” სტუმრების რანგში.

“ტორპედოს” პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.084161