კალათბურთი

19:10 | 16.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქორქია–საკანდელიძის მემორიალი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში 12 იანვარს დაიწყო და დღეს დამთავრდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალი, რომლის ჩატარების ათწლიან ისტორიაში მთლიანად ტურნირს ლეგენდარული კალათბურთელების მშობლიურმა ქალაქმა პირველად უმასპინძლა.

მემორიალში სუპერლიგის 8 გუნდიდან 7 მონაწილეობდა. თბილისის ,,დინამომ“ ტურნირში გამოსვლაზე უარი განაცხადა და მისი ადგილი ,,ა“ ლიგის მონაწილე ,,წყალტუბომ“ დაიკავა. გუნდები ორ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ და ერთმანეთს წრიული სისტემით გაეჯიბრნენ. ფინალში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებულები გადიოდნენ.

ჯგუფური ტურნირის დამთავრების შემდეგ სატიტულო მატჩში თამაშის უფლება ,,ქუთაისი 2010“–მა და ,,სოხუმმა“ მოიპოვეს. ,,ქუთაისმა“ ფინალში გასასვლელ შეხვედრაში ,,რუსთავს“ 3 ქულით –71:68 სძლია, ხოლო სოხუმელებმა ასევე საკვანძო მატჩში წყალტუბოელები დაამარცხეს.

მოლოდინის საწინააღმდეგოდ ფინალური შეხვედრა ნაკლებად დაძაბული გამოდგა. ტურნირის მასპინძლებმა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს მეტოქე და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ ტაიმში გადაწყდა. შეხვედრის დაწყებისთანავე რიონისპირელებმა მეტოქეს 11 ქულიანი გაქცევა მოუწყვეს და პირველი მეოთხედი 16 ქულის სხვაობით მოიგეს.

მეორე მეოთხედიც მასპინძელთა დომინირებით წარიმართა და დიდ შესვენებაზე ისინი უკვე 28 ქულიანი უპირატესობით (53–25) გავიდნენ.

შეხვედრის განახლებისთანავე სტუმრებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს და სხვაობა 12 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა მასპინძელთა დამრიგებელმა კოტე ტუღუშმა წუთშესვენება დროულად აიღო, რის შემდეგ ქუთათურები ისევ აღმაფრენით ათამაშდნენ და ანატოლი ბოისასა და გიგი ბარბაქაძის ზუსტი სამქულიანი ტყორცნების შემდეგ შეხვედრა ჩვეულ რიტმში გადაიყვანეს.

მატჩის უკანასკნელი მეოთხედი პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, ამიტომ ორივე გუნდის მწვრთნელებმა პარკეტზე ახალგაზრდა კალათბურთელები გამოიყვანეს და მათ თავის გამოჩენის საშუალება მისცეს.

საფინალო სირენამ მასპინძელთა გამარჯვება 86:57 დააფიქსირა.

ფინალურ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა რიონისპირელმა გიგი ბარბაქაძემ მოიპოვა. ქუთათურთაგან ასევე ბექა ბექაური და ვახტანგ ქადარია გამოირჩნენ. პირველმა 11 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, ხოლო ქადარიას 14 ქულა დაუგროვდა და ორი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ვაჟა კვარაცხელია (,,სოხუმის ’’ მთავარი მწვრთნელი): ,, ფინალში დამარცხების მიუხედავად კმაყოფილი ვარ. ბიჭები გაცილებით უკეთ შეთამაშდნენ და იმედი მაქვს თასზე უფრო წარმატებულად ვიასპარეზებთ.“

კოტე ტუღუში (,,ქუთაისი-2010’’-ის მთავარი მწვრთნელი): ,,გამარჯვებით უზომოდ კმაყოფილი ვარ. დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ლეგენდარული კალათბურთელების სახელობის თასი მათ მშობლიურ ქალაქში დავტოვეთ.“

ტურნირზე დაწესებული იყო სხვადასხვა პრიზები: ქუთაისის მერიის სპეციალური პრიზი ,,სოხუმს“ გადაეცა. საუკეთესო უკანახაზელად ქუთაისელი გიგი ბარბაქაძე დასახელდა. საუკეთესო ფორვარდის პრიზს ასევე რიონისპირელი ბექა ბექაური დაეუფლა. ტურნირის მთავარი ჯილდო ლეგენდარული კალათბურთელების სახელობის გარდამავალი თასი ,,ქუთაისი 2010“ –ს გადაეცა. თასი მათ ზურაბ საკანდელიძის შვილმა გიორგიმ და შვილიშვილმა უმცროსმა ზურაბ საკანდელიძემ გადასცეს.

ბოლოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიხეილ გაბრიჩიძეს გავესაუბრეთ.

,,შესანიშნავი ტურნირი გამოვიდა. მასპინძლებმა მის ორგანიზებას თავი დიდებულად გაართვეს. მთელ ქუთაისს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას.“

,,ქუთაისი-2010’’ - ,,სოხუმი’’ 86:57 (24:8, 29:17, 13:14, 20:18)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.205689