კალათბურთი

13:38 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბოდიში” ქართველ ხალხს (+VIDEO)
The Starters ზაზა ფაჩულიას უფასო რეკლამას განაგრძობს

NBA-TV-ს სახალისო გადაცემა The Starters კალათბურთის ქართველი ქომაგის ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა და მართალია, ზაზა ფაჩულიასადმი და ზოგადად ჩვენი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა ამჯერადაც გამოავლინა, “ოლ სტარის” გამოკითხვაში, ქართველ ცენტრს თავისებური რეკლამა კიდევ ერთხელ გაუკეთა.

შეგახსენებთ, რომ The Starters-ის წამყვანებმა ტას მელასმა, ლი ელისმა, ტრეი კერბიმ და მეტ ოლსენმა “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” გამოკითხვის შესახებ 1 კვირის წინ, მე-2 შუალედური შედეგების შემდეგ ისაუბრეს და ქართველი ცენტრის მოულოდნელი დაწინაურების გამო გაკვირვება გამოთქვეს.

“ზაზა ფაჩულია დემარკუს ქაზინსზე წინ დგას? ეს სიგიჟეა. ასეთი შედეგები არ გვინდა. ქაზინსი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ზაზა მასზე მაღლა როგორ მოხვდა?”, - ასეთი იყო წამყვანთა ერთობლივი რეაქცია, შემდეგ კი, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს რაობითაც დაინტერესდა: “კი, მაგრამ საერთოდ რამდენია ამ ქვეყნის მოსახლეობა?”. ცხადია, მინიშნება იმაზე იყო, რომ ფაჩულიას ხმას მხოლოდ მისი თანამემამულეები აძლევდნენ. უეჭველია, ამერიკელებს ის წლები ახსოვდათ, როდესაც იაო მინი მრავალმილიონიანი ჩინეთის მოსახლეობის წყალობით, “ოლ სტარზე” ლამის ყოველ წელს ხვდებოდა...

გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ გადაცემას საქართველოს მოქალაქეების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ჩვენი თანამემამულეები ხომ ამგვარ განცხადებებზე მტკივნეულად რეაგირებენ, სოციალური ქსელის ესოდენ მაღალ დონეზე ასვლის შემდეგ კი, “გადაბრუნებულ” სიტყვას არავის პატიობენ (თუ არ გჯერათ, ნატო-ს გენერალურ მდივანს და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის პირებს ჰკითხეთ).

ყველაფრის მიუხედავად, The Starters-ის ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორს მაინც გაუკვირდებოდა, როდესაც საქართველოდან აღშფოთებული პოსტების (ცხადია, “ტკბილ-ტკბილი” სიტყვებით გაჯერებული) სიმრავლეს შეამჩნევდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ წამყვანებს გუშინდელ გადაცემაში ზაზა ფაჩულია და “country of Georgia” კიდევ ერთხელ გაახსენდათ და ადამიანებს, ვისაც აგდებული საუბრით გული ატკინეს, “ბოდიში” მოუხადეს.

სიტყვა ბოდიში ბრჭყალებში შემთხვევით არ ჩაგვისვამს. გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, უცნაურიც კი იქნებოდა, საქმე სერიოზულ ფორმატში გადასულიყო ანუ The Starters-მა კიდევ ერთხელ “იღადავა”. წამყვანებმა ფაჩულიას 13-წლიანი კარიერიდან თავიანთი აზრით საუკეთესო 5 მომენტი შეარჩიეს და მათ ირონიულად განიხილავდნენ.

გადაცემაში შეუმჩეველი არც ის დარჩენიათ, რომ ზაზას მთელი ქვეყანა გვერდში უდგას. შესაბამისად, იმაზეც იცინეს, რომ “დალას მავერიქსის” ქართველი ცენტრის მხარდასაჭერად საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და ქვეყნის ყველაზე პოპულარული შოუს (რუსთავი-2-ის “ნიჭიერი”) მონაწილეები დაირაზმნენ. ისიც ვთქვათ, რომ ერთ-ერთ წამყვანს Giorgi margvelashvili-ს წაკითხვის დროს ლამის “ენა მოტყდა” და ძალიან იხალისა, არადა, მარგველაშვილი ქართული გვარების იმ რიცხვს ნამდვილად არ განეკუთვნება, უცხოელმა მიახლოებულად მაინც ვერ გამოთქვას.

ცხადია, ყოველივე ზემოთქმულის ბოლომდე სერიოზულად აღქმა არ ღირს. საკითხი იმდენად არის აქტუალური, რამდენადაც საქართველოს ნაკრების კაპიტნის მხარდასაჭერად ერი და ბერია გაერთიანებული და ამ თემის შესახებ ყველა წვრილმანი აინტერესებს. ამ მხრივ კი, The Starters-ს მადლობა ნამდვილად ეკუთვნის. ე.წ. “ბოდიშის პოსტს” უკვე 2 ათასამდე მოწონება, 3 700-მდე გაზიარება და 1 700-მდე კომენტარი აქვს, ეს კი, ცხადია, ფაჩულიას დამატებითი ხმების მიღებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ “ოლ სტარის” მე-3 და საბოლოოდ შუალედური შედეგები სწორედ დღეს საღამოს უნდა გამოქვეყნდეს და თუკი საქართველოს აქტიურობას გავითვალისწინებთ, წესით, ფაჩულიამ დასავლეთ კონფერენციის წინახაზელებში მე-8 ადგილი უკეთეს პოზიციაზე უნდა გაცვალოს. ასე რომ, ვეჭვობთ, ტასს, ლის, ტრეის და მეტს Georgia-ს ხსენება კიდევ არაერთხელ მოუწევთ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116535