სხვა

15:40 | 10.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოში ჰაცუ ბაშო დაიწყო

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დაწყებული წლის პირველი სუპერტურნირის საწყის დღეს თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ გამარჯვება იზეიმა, ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ კი მარცხი განიცადა.

დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა სადანოუმის კოტენაგეთი სძლია (მე-7 შერკინებაში პირველად), ტოჩინოშინის წარუმატებლობა კი მოულოდნელი არ ყოფილა. გორგაძე პირველივე შერკინებაში აღმოსავლეთის იოკოძუნა ჰარუმაფუჯის გადაეყარა და უვატენაგეთი წააგო (ურთიერთბალანსი 6:17 მონღოლის სასარგებლოდ).

ლევანს მე-2 დღესაც მძიმე ბრძოლა ელის, რადგანაც ძალებს ოძეკი ტერუოფუჯისთან მოსინჯავს. ქართველი სეკიტორი მონღოლს 5-ჯერ გადაჰყრია და ერთადერთხელ უმარჯვია.

აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა მიოგირიუსთან ჭიდილი ელის გაგამარუს. საინტერესოა, რომ ქართველ გოლიათს იაპონელთან გასული ოთხივე შერკინება წაგებული აქვს, ამდენად, კიდევ ერთი ნავსის გასატეხად იბრძოლებს.

ჰაცუ ბაშოს საწყის დღეს გამარჯვებები იზეიმეს მონღოლმა იოკოძუნებმა ჰაკუჰომ და კაკურიუმ, ოძეკებმა – ამინიშიკიმ, ხსენებულმა ტერუნოფუჯიმ, კოტოშოგიკუმ და გოეიდომ, ოძეკი კისენოსატო კი მოულოდნელად პირველ მაეგაშირა ამინიშიკისთან დამარცხდა.

იანვრის სუპერტურნირის პირველი დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა 2:59-დან, ტოჩინოშინის 12:00-დან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108863