ფეხბურთი

22:38 | 6.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა "როსტოვში" ითამაშებს?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ცხინვალის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ნიკა კაჭარავა კარიერას რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერ "როსტოვში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტპორტალი transfermarkt.de ავრცელებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის "როსტოვის" ოფიციალურ ვებგვერდს ტრანსფერი არ დაუდასტურებია. გავრცელებული ცნობით, რუსულ გუნდს 21 წლის ქართველი ფორვარდის დამატება 300 ათას ევრომდე დაუჯდა.

კაჭარავასთვის რუსეთი ნაცნობი ადგილია: იგი 2013-2014 წლებში "რუბინის" შემადგენლობაში ცდილობდა დამკვიდრებას, მაგრამ არ გამოუვიდა. სხვათა შორის, მაშინ ყაზანელებს ყურბან ბერდიევი წვრთნიდა, რომელიც დღეს უკვე "როსტოვს" ავარჯიშებს და წარმატებითაც - ამ გუნდმა პირველი წრე მეორე ადგილზე დაასრულა 34 ქულით და ლიდერ ცსკას 3 ქულით ჩამორჩება.

ბოლო ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც "როსტოვის" რიგებში უთამაშია, ჯანო ანანიძე გახლავთ. 2013-2014 წლების სეზონში "სპარტაკიდან" განათხოვრებულმა ჯანომ როსტოველთა მაისურით ჯამში 22 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, არაერთი საგოლე გადაცემა შეასრულა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო არტიომ ძიუბასთან ერთად.

რაც შეეხება კაჭარავას, ახალგაზრდა ფორვადრმა საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი წრეში ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა და 15 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო გასულ სეზონში ერთით ნაკლები ბურთი შეაგდო 22 შეხვედრაში. საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში კი ნიკას აქამდე 5 თამაშში მეტოქეთა კარი სამჯერ აუღია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117529