ფეხბურთი

19:02 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარგი ამბები 2015 წელს (+VIDEO)

რამდენიმე დღეში 2015 წელი ისტორიას ჩაბარდება. სასიხარულო საფეხბურთო მოვლენებს თუ გავიხსენებთ, ასეთი ბევრი არ იყო. ვტკეპნით ერთ ადგილს, წინსვლა კი ჯერ არაა. ველოდებით 2016 წელს, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს – ჯერ სამი თვეც არ გასულა, რაც სათავეში მოვიდნენ, ამიტომაც, შეფასებებისგან თავს შევიკავებთ. აი, მომდევნო წელიწადი კი უფრო ფართოდ გვაჩვენებს, რა და როგორ.

გავიხსენოთ ამ წლის საუკეთესო მომენტები და გამორჩეული მოვლენები.

წუთი - კანკავას გოლი გერმანიის კარში: გერმანიასთან მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს უმაღლესი კლასის გუნდებთანაც შეუძლია კარგად თამაში. წავაგეთ, მაგრამ ბევრი დადებითი დავინახეთ. 53-ე წუთი იყო, როცა ჩვენმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საჯარიმოს გარედან მძლავრი დარტყმით 1:1 გახადა ანგარიში (VIDEO). ალბათ, ყველაზე სასიხარულო წუთი სწორედ ეს იყო, წელს გამართულ მატჩებს რომ გადავხედოთ.

დაწინაურებაც თავისუფლად შეგვეძლო, 1:1-ზე ორი ურეალურესი მომენტი გაგვიცუდდა.

სასიხარულო მატჩი: საქართველო-შოტლანდია 1:0 (VIDEO). ლევან მჭედლიძის პასის შემდეგ, ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა და საბოლოოდ, მოვიგეთ კიდეც. ეს ერთადერთი ფასეული გამარჯვება იყო განვლილ შესარჩევში. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა გამართულად ითამაშა და სქოთებს რეალური საგოლე მომენტი არც ჰქონიათ.

კანკავას ევროპის ლიგის ფინალში გასვლა: უკრაინულმა “დნიპრომ” ევროპის ლიგის ფინალამდე მიაღწია და იქ “სევილიასთან” 2:3 წააგო (VIDEO). ჯაბა კანკავა “დნიპროს” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ. ბოლო წლებში ქართველი ფეხბურთელების უცხოური წარმატებებით განებივრებულნი არ ვართ და ამდენად, ჯაბას წარმატებამ ძალიან გაგვახარა. კანკავას ფინალის შემდეგ საქართველოს დროშა ჰქონდა შემოხვეული და ასე ავიდა დაჯილდოების ცერემონიალზე.

არაბიძის გაბრწყინება: 17 წლის ქართველმა შემტევმა “შახტარის” ძირითად გუნდში მოიკიდა ფეხი, ის მირჩა ლუჩესუს გუნდში ვარჯიშობს და რამდენჯერმე ითამაშა კიდეც. არაბიძემ ფანტასტიკურად ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში “მალმიოს” წინააღმდეგ (VIDEO).

მჭედლიძის დუბლი “ინტერთან”: ლევანმა ორი გოლი გაუტანა “ინტერს” (VIDEO). მართალია “ემპოლიმ” მაინც წააგო (3:4), მაგრამ სერია ა-ში დუბლის გახერხება იოლი საქმე არაა. ყოველ შემთხვევაში, ქართველებისთვის აღსანიშნავი მომენტია, თორემ ესპანელისთვის ან არგენტინელისთვის – ნამდვილად არა.

იაშვილის დაბრუნება: ამჟამად ის 38 წლისაა და ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს ჩემპიონატში. “აკუნამ” შარშან მაისში ბაქოს “ინტერში” თითქოს დაასრულა კარიერა, მაგრამ გულმა ისევ გაუწია მინდვრისკენ და ჯერ “სამტრედიაში” ითამაშა, ზაფხულში კი თბილისის “დინამოში” გადავიდა. მან “სამტრედიას” მაისურით საქართველოს თასის ფინალში ითამაშა, ხოლო “დინამოში” სუპერთასი მოიგო.

უეფას სუპერთასის ლამაზად ჩატარება: დაუვიწყარი მატჩი იყო 11 აგვისტოს. “ბარსელონა”-“სევილიას” შეხვედრაში 9 გოლი გავიდა (VIDEO). 5:4 მოიგო კატალონიურმა გრანდმა, ბრწყინავდა ლეო მესი, “სევილიამ” 1:4-დან გაათანაბრა...მოკლედ, ყველაფერი იყო, რაც დიდ ფეხბურთს უხდება. თანაც, მატჩი კარგად იყო ორგანიზებული, რაც ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, აწ გარდაცვლილი დავით პეტრიაშვილის დამსახურებაც გახლდათ. პეტრიაშვილი ხომ უეფაში ეროვნულ ასოციაციებთან ურთიერთობების მენეჯერი იყო.

0.116105