კალათბურთი

11:00 | 24.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება ოვერტაიმში (VIDEO)

ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსმა" ნიუ იორკში დიდი ბრძოლა მოიგო. ტეხასელები მეგაპოლისის ერთ-ერთი უბნის, ბრუკლინის გუნდს შეხვდნენ და "ნეთსი" დრამატულ, ოვერტაიმიან მატჩში 119:118 დაამარცხეს.

მატჩის ბედი ძირითადმა 48 წუთმა ვერ გაარკვია. დაინიშნა დამატებითი 5-წუთეული, რომლის დასრულებამდე 19 წამით ადრე დირკ ნოვიცკიმ დალასელთა დამაწინაურებელი და საბოლოოდ გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდო. ეს ორქულიანი იმით უფრო იყო გამორჩეული, რომ ნოვიცკიმ ნბა-ს ყველა დროის მექულეებში მის წინ მყოფ შაკილ ონილს გადაასწრო და მე-6 ადგილზე დამკვიდრდა.

ნოვიცკიმ საბოლოოდ შეხვედრა 22 ქულით დაასრულა, მატჩის გმირი კი ჯეი ჯეი ბარეა გახდა, რომელმაც პირადსარეკორდო 32 ქულა მოაგროვა და ამას სეზონში უმეტესი 11 პასი მოაყოლა. ქართველმა ცენტრმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 27 წუთი დაატარა. ზაზა საკმაოდ შედეგიანად გაისარჯა, თუმცა ორმაგ დუბლამდე, რაშიც ლიგის საუკეთესოთა შორისაა, ვერ მივიდა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 8 ქულას ზაზამ 6 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა, 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს.

ამ გამარჯვებით "დალასი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაეწია და 16 მოგება-13 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში კალიფორნიელებთან ერთად მე-4 ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ჩვენი დროით 27 დეკემბრის გარიჟრაჟზე, დალასში "ჩიკაგო ბულსთან" გამართავს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113351